The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოლანდა კაკაბაძე

იოლანდა კაკაბაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი იოლანდა კაკაბაძე დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ქართველი ემიგრანტისა და ეკვადორელი ქალბატონის ოჯახში. მისი ბაბუა ეკვადორში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სამ შვილთან ერთად წავიდა.

იოლანდა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი ლიდერი და შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში.

იოლანდა კაკაბაძე თავდაპირველად განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა კიტოს უნივერსიტეტში. თუმცა სწავლის დასრულების შემდგომ ის აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით ღონისძიებებში და კიტოში დააარსა გარემოს დაცვის ფონდი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვე იყო 1979–1990 წლებში.

იოლანდას თქმით, მისი გადაწყვეტილება, შეეცვალა პროფესია და განათლების ფსიქოლოგიიდან გარემოსდაცვით სფეროში გადაენაცვლა, განაპირობა მის წინაშე მდგარმა დიდმა გამოწვევამ და დაუოკებელმა სურვილმა, უკეთ დაენახა კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის, შეესწავლა ადამიანებში არსებული პოტენციალი იმისა, რომ ხელი შეუწყონ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და დადებითი გავლენა იქონიონ მათზე.

1993 წელს იოლანდა კაკაბაძემ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ლათინური ამერიკის მომავლის ფონდი (www.ffla.net), რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა.

არასამათავრობო სექტორში აქტიური საქმიანობის პარალელურად, ის გარკვეული პერიოდი საჯარო სექტორშიც მოღვაწეობდა და 1998 წლის აგვისტოდან 2000 წლის იანვრამდე ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი გახლდათ.

1996-2004 წლებში იოლანდა კაკაბაძე ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი და ამავდროულად, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2010-2017 წლებში კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა 5 მილიონი მხარდამჭერით მთელი მსოფლიო მასშტაბით და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

გარდა ამისა, იოლანდა კაკაბაძე არის ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Ford Foundation-ის სამეურვეო საბჭოს წევრი, 2004 წლიდან კი არაკომერციული ორგანიზაცია LafargeHolcim Foundation for Sustainable Construction-ის სამეურვეო საბჭოს წევრი. ის, ასევე, არის საერთაშორისო კომისია „დედამიწის ქარტიის“ წევრი.

2015 წლის 28 მარტის "ფაინენშლ ტაიმსი" დიდ ინტერვიუს აქვეყნებს WWF-ის პრეზიდენტთან, იოლანდა კაკაბაძესთან. ინტერვიუში ის საუბრობს თავის ქართულ წარმომავლობაზე და ამბობს, რომ "ბევრი რამით სწორედ მამას ჰგავს". საქართველოსთვის იოლანდა ბრაზილიაში ჩვენმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა აღმოაჩინა.

იოლანდა კაკაბაძემ კონკრეტული როლი ითამაშა იმაში, რომ ეკვადორის ხელმძღვანელობას უკეთ გაეცნო საქართველოს პრობლემები. მისი მხარდაჭერით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საქმიანი ურთიერთობები დამყარდა, გამარტივდა სავიზო რეჟიმი, ეკვადორში გაიმართა საქართველოს კულტურის დღეები, ხოლო საქართველოში - ეკვადორის.

იოლანდა კაკაბაძე დღემდე აქტიურად მუშაობს ჩვენი გარემოს შენარჩუნებისა და მდგრადობისთვის. მან მთელი თავისი ცხოვრება გარემოსდაცვითი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა, რაზეც მისი ბიოგრაფია და მსოფლიოში დამკვიდრებული სახელიც კარგად მეტყველებს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki//იოლანდა_კაკაბაძე 

2. https://ghn.ge/news/236731-iolanda-kakabadze-kartuli-tsarmoshobis-ekvadoreli-bunebisdamtsveli

3. http://www.palimfsesti.ge/index.php?do=full&id=8251


გააზიარე: