The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კირილე კაკაბაძე

კირილე კაკაბაძე
დაბადების თარიღი:1888  (136 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

კირილე დიმიტრის ძე კაკაბაძე დაიბადა 1888 წელს, ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა 6-კლასიანი საქალაქო სკოლა. შემდეგ სწავლობდა რკინიგზის უმაღლეს კურსებზე. 1905 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1917 წლამდე მუშაობდა რკინიგზის სისტემაში.

1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა პეტროგრადის ბოლშევიკურ გადატრიალებაში, მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს კარელიის ფრონტზე; იყო ბოლშევიკური პარტიის პეტროგრადის კომიტეტის წევრი, პეტროგრადის დაცვის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ტრანსპორტის რემონტის ხაზით. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე რკინიგზის სისტემაში და რკინიგზელთა პროფკავშირებში.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, კირილე კაკაბაძე მუშაობდა "ცეკავშირის" სისტემაში, იყო რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის წყალთამეურნეობის თავმჯდომარე, რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ სასოფლო კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი.  

1925, 1927 და 1929 წლებში ამიერკავკასიის კოოპერაციული კავშირის თავმჯდომარის სტატუსით იგზავნებოდა ევროპაში კოოპერატორთა ყრილობებზე; 1931 წლის ივლისში, საკავშირო "რუდოექსპორტის" თავმჯდომარის სტატუსით, მორიგ მივლინებაში გაემგზავრა ბერლინში, სადაც პარალელურად ეკავა "მარგანეცექსპორტის" დირექტორის თანამდებობას. 

1933 წლის აგვისტოს დამდეგს, სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის კადრების განყოფილების გამგემ კირილე კაკაბაძეს "შინაურულად ურჩია" საზაფხულო შვებულება სამშობლოში გაეტარებინა, რის პასუხადაც კირილემ იმავე წლის 23 სექტემბერს გერმანიას თავშესაფარი სთხოვა და "მარგანეცექსპორტში" საქმეების გადასაბარებლად არ გამოცხადდა, მეტიც - ოქტომბერში მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამსახურის წინააღმდეგ კუთვნილი 5 000 მარკის მისაღებად, პირველ მოსმენაზე კი განაცხადა, რომ "თავს სსრკ-ის მოქალაქედ კი არა, თავისუფალი, ეროვნული საქართველოს მოქალაქედ თვლიდა, რომელიც საბჭოეთს ჰყავდა დამონებული". სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. თუმცა ამან კირილე ვერ შეაჩერა. მისი ექსკლუზიური წერილების სერია ბრიტანულ და გერმანულ გამოცემებში დაიბეჭდა. მწვავე სათაურებით დაბეჭდილი სკანდალური წერილები საბჭოეთის შიდაპოლიტიკურ სამზარეულოს ეძღვნებოდა – კოლექტივიზაციის კატასტროფას და სსრკ-ის ეკონომიკის კრახს, ინტრიგებს კომპარტიის მაღალ ეშელონებში, პოლიტიკურ რეპრესიებს და ოპოზიციონერთა დევნას.

კირილე კაკაბაძის გულახდილი სტატიები საბჭოთა კავშირში გამეფებული ტერორისა და სიღატაკის შესახებ პირველ ხანებში პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომ კი ინტერესმა იკლო და მომდევნო წლის მანძილზე პრესის ყურადღების ფოკუსიდან გაქრა.

1930-იანი წლების ბოლოს კირილე კაკაბაძემ დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი. ალღომ მას არც ამჯერად უღალატა - „კუნძულებზე“ საბჭოთა დაზვერვის შურისმაძიებელი ხელი ძნელად თუ მისწვდებოდა, გერმანიაში კი უკვე ნაციზმი მძვინვარებდა.

წყარო:

1. http://archive.ge/ka/blog/95
ხვადაგიანი ირაკლი. ორი გაქცევა "რკინის ფარდის" მიღმა : ესე // ინდიგო. თბილისი, 2020, იანვარ-თებერვალი, N43. გვ. 42-44.

 

 

 

 


გააზიარე: