Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თინათინ კილაბერიძე![]()
Biographyთინა კილაბერიძე ნიუ-იორკში მცხოვრები ინტერიერის დიზაინერია. დაიბადა 1956 წელს, საქართველოში. დიზაინზე ფიქრი ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო, მუდმივად ჰქონდა ინტერესი, რომ ირგვლივ გარემო შეეცვალა, არა მხოლოდ ავეჯი ან ნივთების განლაგება, ადამიანებიც - მათი ვარცხნილობიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. თავიდანვე სამხატვრო აკადემიაში არ ჩაუბარებია. მამის რჩევით, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი გადაწყვიტა დიზაინზე ჩაებარებინა. მაშინ ეს ფაკულტეტი სრულიად ახალი იყო და პედაგოგების უმეტესი ნაწილიც არქიტექტორები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ,ძალიან კმაყოფილი დარჩა სამხატვრი აკადემიაში მიღებული განათლებით. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მაშინვე, ზურაბ წერეთელმა აიყვანა სამუშაოდ თავის სახელოსნოში. მაესტროსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თინა აკვარელში ძალიან კარგად ხატავდა. მაშინ ინტერიერი კომპიუტერში არ იქმნებოდა, თინა ნახაზებს აკვარელში აკეთებდა და შეეძლო ყველა ნივთი რეალურთან ძალიან მიემსგავსებინა. ზურა წერეთლის დიზაინის სტუდიაში მუშაობის გარდა დაკავებული იყო კედლის მხატვრობითაც და აკეთებდა კერძო სახლების ინტერიერის დიზაინსაც. როგორც თავად ამბობს, თითოეული ახალი გამოწვევა მისი შანსი იყო, რომ მრავალმხრივი პროფესიის ყველა დეტალში დახელოვნებულიყო და ყველაფერი მაქსიმალურად აეთვისებინა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, თინა კილაბერიძე არჩევანის წინაშე დადგა, წასულიყო ზურაბ წერეთელთან მოსკოვში, სადაც გარანტირებული საქმე და წარმატება ელოდა თუ წასულიყო პარიზში და ყველაფერი ნულიდან დაეწყო, როგორც მხატვარსა და დიზაინერს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მის ცხოვრებაში სიყვარული ჩაერია და სრულიად დაუგეგმავად აღმოჩნდა ამერიკაში. 1990 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, ფოტოდოკუმენტალისტი ქრეიგ ლაინი, რომელიც საქართველოში ზვიად გამსახურდიას გადასაღებად იყო ჩამოსული და რომელიც რამდენიმე თვე პრეზიდენტს ყველა რეგიონში დაჰყვებოდა და მის მოგზაურობას იღებდა. თინა მასპინძლისა და თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა შემოქმედი პარიზში წავიდა, აპირებდა, რომ პროფილი შეეცვალა და სწავლა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გაეგრძელებინა, მაგრამ ქრეიგი დაუკავშირდა და ამერიკაში ჩასვლა სთხოვა. ამან ყველაფერი შეცვალა. ნიუ-იორკში ჩასულმა ახალგაზრდა ქალმა ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად იქ დარჩა. თინა კილაბერიძეს ერთი წელი დასჭირდა, რომ ამერიკაში დამოუკიდებლად დაეწყო საქმიანობა. დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში. შეისწავლა არქიტექტურა, ნივთების და ანტიკვარების საბაზრო ფასები. ყველაფერი რაც ამ სფეროს ეხებოდა და პირველი შეკვეთაც მიიღო. დღეს უმეტესად პერსონალურ პროექტებზე მუშაობს, ძირითადად სახლების დიზაინზე. სახალხო პროექტებიც გაუკეთებია, მაგალითად, ეკლესია და ბიბლიოთეკა ვილტონში. აქვს საკუთარი, ლიმიტირებული ხის ავეჯის ხაზი. თანამშრომლობს Valerie Goodman Gallery-სთან. მისი დამკვეთი ფინანსურად სტაბილური საზოგადოებაა: ბიზნესმენები, ექიმები, ადვოკატები ა.შ. დიზაინერის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება. ნამუშევრების შექმნის დროს მისთვის მთავარი საგნის ფუნქციაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მაღალი ხარისხის ვიზუალური ეფექტი და მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკურობა. თინა კილაბერიძის შექმნილ ნივთებს და ინტერიერის დიზაინს, გულწრფელობისა და სწორი ინტუიციის გარდა, მასალისა და მისი შესაძლებლობების ზედმიწევნით კარგად ცოდნა ეტყობა. საქართველოს ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა და უჭირავს თინა კილაბერიძის ცხოვრებაში. ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს შეხვდეს, სხვებსაც გააცნოს, მათთან ითანამრომლოს. ხშირად ატარებს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის ვორქშოფებს. შეკვეთები საქართველოდანაც აქვს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. მისი შვილის, ნინა ლაინის სადიპლომო ნამუშევარიც თბილისს უკავშირდება. მან თემად აიღო დიღომში მდებარე არქეოლოგიის მუზეუმი, რომელსაც აკეთებს როგორც საცხოვრებელ-საგამოფენო სივრცეს. წყარო: 1. https://speech.ge/khelovneba/thinathin-kilaberidze-dizaineri-a-sh-sh/ 2. https://at.ge/2019/03/26/tina-kilaberidze-2/ 3. https://hammockmagazine.ge/post/interviu-interieris-dizainer-tina-kilaberidzestan 4. კილაბერიძე თინათინ. კომპოზიცია და ბალანსი ინტერიერში: ინტერვიუ /ესაუბრა ქეთი დარჩია // ბომონდი. თბილისი, 2018. აპრილი. N4 (117). გვ. 122
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |