The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ რუხაძე

ვლადიმერ რუხაძე
სხვა სახელი:ლადო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1998  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

ვლადიმერ (ლადო) რუხაძე (მეტსახელი - ბეკო) დაიბადა 1902 წელს ქ. ხონში.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ახალგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა საქართველოში წითელი არმია შემოვიდა.

უცხოეთში წასვლაზე თავს დიდხანს იკავებდა, უჭირდა სამშობლოსა და ახლობლების დატოვება. პირველად საზღვარს გადასული უკან გამობრუნებულა კიდეც, მაგრამ 1926 წელს,უკვე, საბოლოოდ წავიდა.

სხვებთან ერთად ლადოსაც დიდხანს არ სჯეროდა, რომ ემიგრაცია სამუდამო იყო და სამარადისო განსასვენებელს ლევილის ქართულ სასაფლაოზე ჰპოვებდა...

ცხოვრება კი თავისას მოიხოვდა. ნიჭმა, გონიერებამ და უდიდესმა შრომისმოყვარეობამ წარმატება მოუტანა, ტყავის წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგი ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი გახდა.

ლადოს გაუმართლა და ბედმა შესანიშნავი მეუღლე და შვილების დედა არგუნა ცხოვრების თანამგზავრად. ცოლად მოიყვანა ფრანგი ქალბატონი მარი სანტრო, რომელთანაც შესაშური ოჯახი შექმნა. დასახლდნენ პარიზის მახლობლად ქალაქ პონტუაზში. მათ შატოში  გამართულ მამაპაპურ ქეიფებზე ხშირად იკრიბებოდა ქართული ემიგრაცია. „დედას უზომოდ უყვარდა მამა, ცდილობდა გაეგო მისთვის და ყველანაირად უწყობდა ხელს, დაეძლია ნოსტალგია“, - აღნიშნავენ ლადოსა და მარის შვილები.

კოპწია შატო-ბეკოეთი კარგა მოზრდილი მამულით, მდინარე უაზის წარმტაც ხეობას გადაჰყურებს. სახლის ერთ-ერთი დარბაზის კედლები ფელიქს ვარლამიშვილის მოხატულია, რომელსაც რამდენიმე თვე აქ უცხოვრია.

ლადო რუხაძე 1998 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში.

მამისეულ სახლში, სადაც დღეს  მისი შვილები ცხოვრობენ, ძალუმად იგრძნობა ქართული სული: უამრავი სუვენირი, მშვენიერი ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც აქ, სამწუხაროდ, ვეღარავინ კითხულობს, მაგრამ სათუთად ინახავენ მამის ხსოვნის პატივსაცემად.

ლადოს ერთერთი შვილი, მარი-ელენი (ჩიტო), მწერალია. 2013 წელს ქართულად გამოიცა მისი რომანი "ფამადიჰანა".

წყარო:

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა";

https://saba.com.ge/books/details/1556


გააზიარე: