The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მელქისედეკ კედია

მელქისედეკ კედია
სხვა სახელი:მექი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1945  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მელქისედეკ (მექი) მიხეილის ძე კედია დაიბადა 1878 წელს, საქართველოში.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციამდე ჟანდარმერიაში უბნის ინსპექტორად მუშაობდა. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 26 ივლისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა კანონი განსაკუთრებული რაზმის შექმნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1918 წლის 17 აგვისტოს №225 ბრძანებით, განსაკუთრებული რაზმის უფროსად მელქისედეკ კედია დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ (ამხანაგად) კი — პლატონ ფაჩულია.

რაზმი თავდაპირველად 6 თვის ვადით შეიქმნა, შემდგომში ვადა 1920 წლის იანვრამდე გაგრძელდა, საბოლოოდ კი 1921 წლის მარტამდე მოქმედებდა. რაზმს (131 შტატიანი და 16 შტატგარეშე თანამშრომელი) ევალებოდა ბრძოლა საქართველოში არსებული კონტრრევოლუციური ელემენტების, სპეკულაციისა და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ, მოსალოდნელი ამბოხისა თუ ტერორისტული აქტის გამოვლენა და აღკვეთა.

1918 წლის ბოლოს რაზმი განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდა, სომხეთთან ომის მიმდინარეობის პირობებში, თბილისში არსებულ ფარულ სომხურ ორგანიზაციებთან მიმართებაში.

1918-1921 წლებში მექი კედიას თანამშრომლებმა ათეულობით ფაქტი გამოააშკარავეს და დააკავეს სპეკულაციაში მხილებული დამნაშავეები, ასობით ბოლშევიკი იქნა დაპატიმრებული საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალდებით.

1919 წელს კედიას რაზმმა შეიპყრო სამხედრო სამინისტროს თანამშრომელი პავლე ნიკიტინი სამხედრო სამინისტროდან საქართველოს ტოპოგრაფიული მასალების ჩრდილოეთ კავკასიაში გატანის მცდელობისას. იმავე წელს დააპატიმრეს პანაიტ აკრიტოსი, რომელიც ბერძენ მოსახლეობაში საქართველოს რესპუბლიკის წყობილების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა. ხშირი იყო ყალბი ფულისა და სავაჭრო საქონელის გამოვლენის შემთხვევები.

1920 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ოფიციალური ბრძანებით მადლობა გამოუცხადა მექი კედიას მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მექი კედია მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდშიც ინარჩუნებდა კავშირს მთავრობასთან და მთავრობის დავალებით აწარმოებდა დაზვერვით საქმიანობას.

მექი კედიას ცოლად ჰყავდა აგრაფინა თავართქილაძე (1888 – 1968). მათი შვილები იყვნენ: მიხეილ კედია და ზეინაბ კედია-ზურაბიშვილისა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მექი კედიას შვილიშვილია.

მელქისედეკ კედია გარდაიცვალა პარიზში, 1945 წლის 25 ნოემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი - თბ., 2018. - გვ. 220.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/მელქისედეკ_კედია 


გააზიარე: