შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ჯემშიდ გიუნაშვილი![]()
ბიოგრაფიაჯემშიდ გიუნაშვილი 1931 წლის პირველ მაისს დაიბადა თეირანში, რეზა შაჰის ეპოქის ირანში. მისი მშობლები აქედან საბჭოთა რევოლუციას გაექცნენ, ინდოეთში მიმავლები გზად ირანში გაჩერდნენ და იქვე დარჩნენ. გადასახლების დროისთვის ჯემშიდ გიუნაშვილი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების სტუდენტი იყო. მან თბილისში შეწყვეტილი სწავლა ტაშკენტში განაგრძო და რადგან სწავლის უფლება არ ჰქონდა, ფაქტობრივად, ფარულად, ექსტერნად დაამთავრა შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანულ-ავღანური ფილოლოგიის განყოფილება (1953 წ.). ასე დაიწყო მისი გზა აღმოსავლეთმცოდნეობისკენ. პროფესია - ირანისტიკა - მას ირანთან კიდევ უფრო აახლოებდა. ეს კავშირი ცხოვრების ბოლომდე არ გამქრალა. გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1956-1958 წწ. მუშაობდა სპარსული ენის მასწავლებლად ქ. ტაშკენტის უნივერსიტეტში; შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1958-1994) და სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში: ენათმეცნიერების ინსტიტუტი (1958-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (დაარსებიდან – 1994 წლამდე) და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (1991-1994). 1994 წლიდან 2004 წლის მაისამდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ის იყო საქართველოს პირველი ელჩი ირანში და დიდი წვლილი შეიტანა საქართველო-ირანის პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაში. სამეცნიერო ხარისხები და წოდებები: 1958 − ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1985 წლიდან − Societas Iranologica Europaea--ს წევრი. 2010 − წლის წიგნის საერთაშორისო პრემია (ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 31-ე წლისთავთან დაკავშირებით). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ჯიმშედ გიუნაშვილის სამეცნიერო კვლევის სფეროა ირანის ენათმეცნიერება და ფილოლოგია. მისი სახელმძღვანელოებითა და ანალიტიკური გამოცემებით სარგებლობდნენ მსოფლიო ირანისტიკის საკვანძო სამეცნიერო-საუნივერსიტეტო ცენტრების ლინგვისტები გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შეერთებულ შტატებში; ანალიტიკური-საინფორმაციო ნარკვევების დამკვეთები იყვნენ - American Heritage და სხვა საენციკლოპედიო გამოცემები. მეცნიერი ავტორია მრავალი შრომისა, რომელთაგან საერთაშორისო აღიარება მოუპოვა სპარსული ენის ფონეტიკასა და ფონოლოგიაში, აგრეთვე ლექსიკოლოგიასა და ტექსტოლოგიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა. მისი სპარსული ენის ფონეტიკა ჯერჯერობით ერთადერთი ფუნდამენტური ნაშრომია, რითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიოს ირანისტები. ჯემშიდ გიუნაშვილს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მათემატიკური ლინგვისტიკის მეთოდოლოგიის განვითარებასა და ლინგვისტურ კვლევებში მონაცემთა ელექტრონული გადამუშავების მიდგომების დანერგვაში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ფერეიდნული დიალექტის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებს. მისი მეურვეობით ფერეიდნელების, განსაკუთრებით ფერეიდანის ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული მრავალი სახელმძღვანელო და საინფორმაციო წიგნი გამოიცა და გავრცელდა. ასევე, მისი ძალისხმევით გზა გაეხსნა თანამედროვე ქართული - ფერეიდნული ლექსიკონის გამოცემას. ჯიმშედ გიუნაშვილის უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით საქართველოს საელჩომ გამოსცა ფარშიდ დელშადის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი (პირველად სპარსულ ენაზე, თეირანი, 1998), ხოლო გილანის უნივერსიტეტმა – ლ. გეგუჩაძის „ქართული ენა სპარსულენოვანთათვის“ (ფარდინ ქომაის თარგმანი, რაშთი, 2004). მეცნიერი ფლობდა: სპარსულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სომხურ ენებს. გარდაიცვალა 2017 წლის 21 იანვარს, თბილისში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ჯემშიდ_გიუნაშვილი ენციკლოპედია „საქართველო“ ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 37-38. გიუნაშვილი ჯემშიდ. ინტერვიუ პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილთან / ესაუბრა თინათინ წიკლაური // კალამი. - თბილისი, 2012. - N13. - გვ.18-23. ჭუმბურიძე ზვიად. დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1. - თბ., 2021. გვ.59.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |