The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ დონაური

მიხეილ დონაური
დაბადების თარიღი:1757
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 1817  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლკოვოს მართლმადიდებლური სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის ივანე გერასიმეს ძე დონაურის (1726—1776), ვაჟი, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, სენატორი.

მიხეილ დონაური (დონაუროვი) დაიბადა 1757 წელს, სანკტ-პეტერბურგში.

1765 წელს მიიღეს პეტერბურგის მეცნიერებარა აკადემიასთან ახალგახსნილ მცირეწლოვან ბავშვთა აკადემიურ გიმნაზიაში. მისი დამთავრების შემდეგ, 1975 წელს განაწილებით მოხვდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში.

ეკავა აკტუარიუსის თანამდებობა რუსეთის საელჩოში, სტოკჰოლმში. შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა თარჯიმნად კაპიტან-პორუჩიკის ჩინით (1782).

1783 წელს დანიშნეს ვიბორგის გენერალ-გუბერნატორის პრინც ვიურტემბერგის მდივნად. პრინცის კუთვნილი მამული - მონრეპო - გაფორმებული იყო მიხეილ დონაურის სახელზე.

1787 წლიდან იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას; დიდი მთავრის სურვილის თანახმად გადაიყვანეს სამხედრო სამსახურში, გატჩინის არმიაში, სადაც მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება;

1796 წლის ნოემბერში, პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით, მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი, დააჯილდოვეს წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I ხარისხის ორდენებითა და 2000 გლეხით;

1797 წლის 28 იანვრიდან ხელმძღვანელობდა მისი უმაღლესობის კაბინეტს. საიმპერატორო კაბინეტის მმართველის პოსტის შენარჩუნებით, 1798 წლის 18 მარტს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება;

პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა;

1799 წლის 16 დეკემბერს იგი ყველა დაკავებული პოსტიდან დაითხოვეს;

სამსახურში აღადგინა ალექსანდრე I-მა 1801 წლის 20 აპრილს და დანიშნა სენატორად სენატის III დეპარტამენტში;

ასევე, 1802 წლიდან ის იყო კეთილშობილ ქალთა აღმზრდელობითი საზოგადოებისა და პეტერბურგის წმ. ეკატერინეს ორდენის სასწავლებლის საბჭოების წევრი;

ავადმყოფობის გამო 1802 წლის დეკემბრიდან 1808 წლამდე სენატში დასწრებისგან დათხოვილი იყო.

1803 წლის 16 თებერვალს დააჯილდოვეს წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენით დიდი ჯვრით;

1809 წლიდან, იმპერატორ მარია ფიოდოროვნას ინიციატივით, მიხეილ დონაური ხელმძღვანელობდა სამეურვეო საბჭოს, რომელსაც ევალებოდა მეთვალყურეობა  შერემეტიევებისა და მცირეწლოვან თავად დიმიტრის ქონების განკარგვაზე.

გენერალ-მაიორი გარდაიცვალა სანკტ-პეტერბურგში, 1817 წლის 21 ოქტომბერს. დაკრძალვის ადგილი -  სანკტ-პეტერბურგი, ვოლკოვოს მართლმადიდებლური სასაფლაო.

მიხეილ ივანეს ძის სახელი დაკავშირებულია სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს, მდინარე ჟერნოვკის ნაპირზე მდებარე მამულთან, რომელმაც მრავალი მფლობელი გამოიცვალა. 1790-იანი წლების შუა ხანებში გენერალმა დონაურმა აქ ააშენა ახალი სასახლე კლასიკურ სტილში, დიდი დარბაზითა და უზარმაზარი პარკით. არქიტექტორი - ჯაკომო კვარენგი, რომელსაც ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგში მე-18 ს-ში აგებული მრავალი ულამაზესი შენობის პროექტი.

ამჟამად სასახლე ტურისტული ექსკურსიების ერთ-ერთი ობიექტია. ხალხში ის უფრო ცნობილია, როგორც მისი უკანასკნელი მფლობელის, რუსი პუბლიცისტის ნიკოლაი ბეზობრაზოვის ოჯახის მამული.

მიხეილ დონაურს ცოლად ჰყავდა (1795 წლის 8 აპრილიდან) მარია ფედოტოვნა ვერიგინა (1774 - 09.05.1848), გენერლის ქალიშვილი; მათ რვა შვილი ჰყავდათ - ერთი ასული და შვიდი ვაჟი.

ვაჟებიდან - პეტრე (1801—1863) იყო სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილე, სენატორი, სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორი, ხოლო, ივანე (1806-1849) - იაროსლავის ვიცე გუბერნატორი.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. - თბ., 2012. - გვ.480; 

2. https://ru.wikipedia.org/wiki//Донауров,_Михаил_Иванович 

3. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.


გააზიარე: