The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეკატერინე ხვედელიძე

ეკატერინე ხვედელიძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ქართველი პიანისტი ეკატერინე ხვედელიძე ბერლინში ცხოვრობს და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სოლო კონცერტებს მართავს.

„შენთვის ყველა თვისება უჩუქებია ღმერთს, რაც კი კარგ პიანისტს სჭირდება"- ეს სიტყვები ჰენრიხ ნეიჰაუზის სკოლის ერთ-ერთ ბოლო წარმომადგენელს, იგორ ჟუკოვს ეკუთვნის, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტი მოსწავლედ აიყვანა. ეს მოხდა გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო მასტერკლასებზე 2004 წელს, როცა ეკამ ნიკოლაი მეტნერის სოლ-მინორული სონატა (ოპ.22) დაუკრა.

რუსმა პიანისტმა ეკატერინე მოსკოვში მიიწვია და 2004 წლიდან 2018 წლამდე მისი  მენტორი იყო. მან შეიყვანა ეკა ალექსანდრე სკრიაბინის ფილოსოფიურ და მისტიურ სამყაროში.

მეტნერის სონატა ერთი წლის შემდეგ ეკა ხვედელიძემ ჩაწერა დისკზე, რომელმაც, როგორც საუკეთესო კლასიკურმა ჩანაწერმა, 2005 წელს, ქალაქ ბარსელონაში გამრთულ ,,ტონ-მაისტერთა" კონკურსზე, ბერლინის ფილჰარმონიის გვერდით, მესამე ადგილი დაიკავა.

ეკატერინე ხვედელიძე დაიბადა ქ. რუსთავში. დაამთავრა რუსთავის მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, პედაგოგ მედეა გამსახურდიას კლასი. მანამდე სწავლობდა რუსთავის მუსიკალურ სკოლაში ნინო კუპატაძესთან.

გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად 1997 წელს, უკვე თბილისის კონსერვატორიის დიპლომიანი წავიდა. საბუთები წინასწარ გაგზავნა გერმანიის რამდენიმე უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში.  

თავისი მუსიკალური კარიერა ეკამ ქალაქ ბონში დაიწყო. პირველი სოლო კონცერტი ბონის ევანგელისტურ ეკლესიაში გამართა. შემდეგ ქალაქ დეტმოლდის უძველეს "მუზიკჰოჰშულეში" ჩააბარა საკმაოდ რთული გამოცდები და კიდეც ჩაირიცხა. მისი პედაგოგი იყო ნიდერლანდელი პროფესორი ბობ ფერსტეეგი.

სწავლის დროს ეკა ხშირად მართავდა სოლო კონცერტებს. უნდოდა, სტუდენტობის დროსაც ინტენსიურად გადმოეცა ნასწავლი და აღქმული. გარდა ამისა, ინტენსიურად მუშაობდა კამერული მუსიკის დარგში - ხშირად მართავდა კონცერტებს სხვადასხვა ორკესტრებთან და მის მიერ ჩამოყალიბებულ ტრიოსთან ერთად.

დეტმოლდის შემდეგ ეკატერინე ქალაქ მიუნსტერში ცხოვრობდა და იქაურ "Musikhochschulen"-ში  პროფესორის ასისტენტად მუშაობდა. იქიდან ბერლინში გაემგზავრა, რადგან მას კლასიკური მუსიკის მსოფლიო დედაქალაქად თვლიდა.

ბერლინში ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები, დიდი კონცერტიც.

ერთ-ერთ მის სოლო კონცერტს დაესწრო ლაიფციგის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვან სტეინი.  როგორც აღმოჩნდა, მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუსიკოსის მიერ სკრიაბინის ინტერპრეტაციამ და მისი სოლისტად მიწვევა გადაწყვიტა.

ალექსანდრე სკრიაბინის 150 წლის იუბილეზე ეკატერინე ხვედელიძემ შეასრულა კომპოზიტორის ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული საფორტეპიანო კონცერტი ლაიფციგის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რობერტ ვან სტეინის დირიჟორობით.

პიანისტისტვის ერთგვარი გამოწვევა იყო სკრიაბინის 150 და ცეზარ ფრანკის 200 წლის საიუბილეო კონცერტი, რომელიც ლაიფციგის სამ სხვადასხვა კულტურის სასახლეში გაიმართა და სამივე კონცერტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის მხრიდან.

მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი 2019 წლის 24 მარტს ჰამბურგის ფილარმონიაში ჩატარებული სოლო კონცერტი იყო.

ქართველი პიანისტის ბოლოდროინდელ რეპერტუარში ფრედერიკ შოპენი და ალექსანდრე სკრიაბინი დომინირებს.

2023 წლისთვის ეკატერინე ხვედელიძეს დაგეგმილი აქვს გამოსცეს დისკი, ალექსანდრე სკრიაბინის ათივე სონატის მისეული შესრულებით.

წყარო:

1. https://www.facebook.com/826199567438192/posts/954602354597912/

2. https://kvirispalitra.ge/article/52275-ori-ekaterine-orive-khvedelidze-rogor-sheeshalath-3. tsarmatebuli-pianisti-bidzina-ivanishvilis-meughleshi/


გააზიარე: