The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე დონაური

ივანე დონაური
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1806
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1849  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, მეფე ვახტანგ VI-თან ერთად გადასახლებულ ქართველ აზნაურთა შთამომავალი, გენერალ-მაიორ მიხეილ დონაურის ვაჟი.

ივანე დონაური (დონაუროვი) დაიბადა 1806 წლის 3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში;

1824 წლის დეკემბრის თვეში დაამთავრა ცარსკოე სელოს კეთილშობილთა პანსიონი, მიანიჭეს XII კლასის ჩინი და გაანაწილეს საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიაში;

1827 წლის 13 სექტემბერს მიამაგრეს პარიზის საელჩოს შტატგარეშე თანამშრომლად; შემდეგ წელს მიანიჭეს კოლეგიის მდივნის სამოქალაქო ჩინი და გააგზავნეს ბრიუსელში მისიის მეორე მდივნად;

1831 წლის 18 დეკემბერს მიაკუთვნეს ტიტულარული მრჩევლის ჩინი და კამერიუნკერის წოდება;

1832 წელს ივანე დონაური ასრულებდა  კურიერის ფუნქციებს, თავდაპირველად, ჰააგიდან სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ პეტერბურგიდან ლონდონში;

1833 წელს მსახურობდა საელჩოს მეორე მდივნად, კამერიუნკერის ჩინით, ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში;

1837 წლის ივნისში საგანგებო დავალებათა მოხელის სტატუსით მიავლინეს კალუგის გუბერნიაში;

1838 წელს, უკვე კოლეჟსკი ასესორის ჩინით, მსახურობდა კანცელარიის პირველ მდივნად საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში;

1838 წლის 8 იანვარს გადავიდა სახელმწიფო ქონების სამინისტროში;

1840 წელს სასამართლოს მრჩევლის რანგით იყო ცარსკოე სელოს დეპუტატი სათავადაზნაურო მეურვეობის დარგში;

1842 წელს კოლეგიის მრჩევლის რანგში მსახურობდა  სახელმწიფო ქონების სამინისტროში საგანგებო დავალებათა მოხელის თანამდებობაზე;

1843 წელს დანიშნეს იაროსლავის გუბერნიის ვიცე გუბერნატორად;

1846 წელს მიენიჭა სახელმწიფო მრჩევლის, კამერგერის, წოდება;

ძმასთან, პეტრე დონაურთან ერთად, ივანე მიხეილის ძე იდგა ქ. მიშკინის უძველესი ოპოჩინინის ბიბლიოთეკის სათავეებთან, სადაც ისინი აგზავნიდნენ იშვიათ გამოცემებსა და პერიოდიკას.

ბროკჰაუზისა და ეფრონის ლექსიკონში ივანე დონაუროვი მოიხსენიება, როგორც რომანსების ავტორი და პოეტი. მაგრამ მათ ჩვენამდე არ მოუღწევია. როგორც რომანსების ავტორ-შემსრულებელი ცნობილია მისი ვაჟი, პოეტი და კომპოზიტორი სერგეი დონაუროვი(1838-1897). 

ივანე მიხეილის ძის მეუღლე იყო ნატალია გოლიცინა (1816-1874). შვიდი შვილი ჰყავდათ: სამი ვაჟი და ოთხი ასული;

ივანე დონაური გარდაიცვალა 1849 წლის 20 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. - თბ., 2012. - გვ.480 

2. https://ru.wikipedia.org/wiki//Донауров,_Иван_Михайлович

3. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.


გააზიარე: