The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგეი დონაური

სერგეი დონაური
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1838
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1897  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პოეტი

ბიოგრაფია

სერგეი დონაური (დონაუროვი) დაიბადა 1838 წლის 2 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგში, დონაუროვების დიდგვაროვან ოჯახში. ყველა მის ნათესავს მაღალი თანამდებობა ეკავა სახელმწიფო სამსახურში ან რუსეთის იმპერიის არმიაში. მამა, ივანე მიხეილის ძე დონაუროვი (806-1849) იყო კამერგერი, იაროსლავის გუბერნიის ვიცე გუბერნატორი. დედაც მაღალი წრის ქალბატონი გახლდათ - ნატალია გრიგოლის ასული გოლიცინა (1816-1874).

სერგეი ივანეს ძე მოინათლა 1838 წლის 18 დეკემბერს სიმეონოვის ეკლესიაში. განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში შევიდა. მუშაობდა ატაშედ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, შემდეგ იტალიის რუსეთის საელჩოში სხვადასხვა თანამდებობებზე.

საზღვარგარეთის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ბეჭდური საქმის მთავარ სამმართველოში, სადაც მუშაობდა ცენზორად. მალე გახდა დირექტორატის საბჭოს წევრი, პასუხისმგებელი დრამატული ნაწარმოებების შემოწმებაზე.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს ამ უწყების ხელმძღვანელი იყო ფ. ტიუტჩევი, რომლის ლექსებზეც ს. დონუროვმა შეადგინა მრავალი მუსიკალური ნაწარმოები. 

უწყებრივი კუთვნილების გამო, მისი შემოქმედება ცენზურამ ძალიან სწრაფად მოიწონა. ეს მოხდა 1871 წელს.

სერგეი დონაუროვი მრავალი ცნობილი რომანსის ავტორია, რომლებიც დღესაც წარმატებით სრულდება. ლექსებს წერდა როგორც რუსულად, ასევე ფრანგულად. მას ეკუთვნის ფრანგული ტექსტი პოპულარული რომანსისა - „წაბლა ცხენები“ («Пара гнедых»), რომელიც შემდეგ რუსულად თარგმნა ა. აპუხტინამ.

მუსიკითა და პოეზიით სერგეი დონაუროვი დაკავებული იყო სამსახურიდან თავისუფალ დროს. ის თავის თავს მუსიკის მოყვარულად, დილეტანტად მიიჩნევდა და საკუთარ შემოქმედებას სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

სერგეი დონაუროვის ძირითადი მუსიკალური ნაწარმოებები იყო რომანსები, რომლებსაც ის ქმნიდა, როგორც საკუთარ, ასევე ცნობილი პოეტების ლექსებზე. მას ეკუთვნის არანაკლებ ასი რომანსისა. კრიტიკოსები აღნიშნავენ დონაუროვის ნაწარმოებების სენტიმენტალურ ხასიათს, მათ სტილისტურ მსგავსებას რუსულ ქალაქურ ლირიკულ სიმღერასთან და მისივე პოეტური ტექსტების უპრეტენზიობას.

სერგეი დონაუროვის რომანსები რეგულარულად იბეჭდებოდა სხვადასხვა პოეტურ და მუსიკალურ ალმანახებში და ბევრმა მათგანმა მოიპოვა ფართო პოპულარობა.

ცნობილია, რომ ის იყო ფიოდორ ტიუტჩევის ლექსის „მე შეგხვდი“ («Я встретил вас») მუსიკის პირველი ვერსიის ავტორი და ერთადერთი კომპოზიტორი, რომელმაც მუსიკა ამ ლექსზე დაწერა ჯერ კიდევ ტიუტჩევის სიცოცხლეში.

კომპოზიტორი, ასევე, იყო ავტორი სულ მცირე ორი ოპერეტისა, რომლებიც დაიდგა საიმპერატორო თეატრებში - ქრისტოფერ კოლუმბი" და "მოგზაურობა მთვარეზე". მათი პარტიტურები არ შემოინახა.

გარდაიცვალა 1897 წლის 10 მარტს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki//Донауров,_Сергей_Иванович

2. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М.: Издательство «Старая Басманная». 2013. - 182 с.


გააზიარე: