The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ მღებროვი

ვლადიმერ მღებროვი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1915  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ვლადიმერ მღებრიშვილის (მღებროვი) ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად მწირია. მამამისი, აბელ (აბესალომ) მღებროვი რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი, გენერალ-ლეიტენანტი იყო. რუსეთის თეატრალურ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ვლადიმერის უფროსმა ძმამ, ალექსანდრე მღებროვმა (1884-1966), მსახიობმა და რეჟისორმა.

ვლადიმერ მღებროვი დაიბადა 1886 წელს, მოსკოვში. სავარაუდოდ, დაამთავრა ნიკოლაევის საინჟინრო კოლეჯი (დაახლ. 1906). იყო უმცროსი ლეიტენანტი პირველ კავკასიურ სარკინიგზო ბატალიონში (1909).

მსახურობდა სასწავლო საავტომობილო ასეულში, საიდანაც გამოიყო ორი ოცეული და 1911 წლის 12 დეკემბერს გაიგზავნა სპარსეთში. ექსპედიციამ ვლადიმერ მღებროვის მეთაურობით წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანებს. ტვირთების გადაზიდვისა  და კომუნიკაციების შენარჩუნების დავალებები  შესრულდა საომარ მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის (1914, ივნისი) ვლადიმერ მღებროვი კვლავ სასწავლო საავტომობილო ასეულში მსახურობდა, რომელიც მალე სამხედრო ავტოსკოლად გადაკეთდა. ხელმძღვანელობდა სასწავლო საავტომობილო კომპანიის ავტოფარეხს. მოგვიანებით გადაიყვანეს პირველ სათადარიგო საავტომობილო ასეულში.

პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა შტაბს-კაპიტნის (1915) წოდებით.

ვლადიმერ მღებრიშვილი იყო იარაღისა და ჯავშანტექნიკის გამომგონებელი და კონსტრუქტორი. მისი გამოგონებები და ჯავსნოსანი საბრძოლო მანქანების პროექტები იმ დროისთვის  მეტად პროგრესული იყო.

მან შექმნა , გამოიგონა ტყვიაგაუმტარი მინა, დაამზადა ყუმბარები ჯავშანტექნიკის ასაფეთქებლად (1914), შეიმუშავა ტყვიამფრქვევის გაგრილების სისტემები.

1915 წელს ვლადიმერ მღებროვმა საკუთარი ინიციატივით შეიმუშავა ჯავშნოსანი მანქანების არაერთი პროექტი , რომლებიც გამოირჩეოდა ნოვატორული ინოვაციებით. კერძოდ, ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც გამოიყენა რაციონალური დაჯავშნა (ჯავშნის ფირფიტების დაყენება დახრილობის დიდი კუთხით) კორპუსის ტყვიის წინააღმდეგობის გასაზრდელად.

ჯავშანტექნიკის კოსტრუქციული ნახაზის გარდა, მან ფრანგული წარმოების რენოს გაუკეთა ბრონი (1915)), რომელმაც მოგვიანებით მიიღო მისი სახელი - Мгебров-Рено, Мгебров-Уайт (Mgebrov-Renault, Mgebrov-White).

საერთო ჯამში, 1915-1916 წლებში, ვლადიმერ მღებრიშვილის პროექტების მიხედვით, დაჯავშნული იქნა 20-მდე მანქანა, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის ბრძოლებში.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვლადიმერ მღებროვი მუშაობდა ტყვიაგაუმტარი მინის შექმნაზე ჯავშანტექნიკაზე დამაგრებული სათვალთვალო ხელსაწყოებისთვის, რაც წარმატებას მოიტანდა მტრის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 

1915 წლის 21 აგვისტოს ვლადიმერ მღებროვი ესწრებოდა მისი ახალი გამოგონების, თოფის ყუმბარის წინა ხაზზე გამოცდას. მტრის მოულოდნელმა თავდასხმამ რუსული ჯარის ნაწილები აიძულა უკან დაეხიათ. შტაბს-კაპიტანი მღებროვი ხელმძღვანელობდა კონტრშეტევას, რომლის დროსაც ფრონტის ამ სექტორში ვითარება აღდგა, მაგრამ ის თავად მძიმედ დაშავდა და იმავე დღეს გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ, 1915 წლის 13 ოქტომბერს, დაჯილდოვდა წმიდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

ვლადიმერ მღებროვის მიერ დაპროექტებული ჯავშანმანქანები იჟორის (სანკტ-პეტერბურგთან) ქარხანაში იწარმოებოდა: გამოუშვეს - მღებროვ-რენო - მსუბუქი ჯავშანმანქანა ტყვიამფრქვევით, 12 ცალი; მღებროვ- უაიტი - მძიმე ჯავშანმანქანა ყუმბარმტყორცნითა და ტყვიამფრქვევით, 1 ეგზემპლარი; მღებროვ-ისოტა-ფრასჩინი - მსუბუქი ჯავშანმანქანა ტყვიამფრქვევით, 1 ეგზემპლარი; მღებროვ-პირს-ერროუ - მსუბუქი ჯავშანმანქანა ტყვიამფრქვევით, 1 ეგზემპლარი, ასევე, რიგი სხვა მანქანები.

წარმატებით გამოიცადა მისი გამოგონებული ტყვიაგაუმტარი მინაც.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Мгебров,_Владимир_Авельевич

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1254


გააზიარე: