The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიზა ავსაჯანიშვილი

ლიზა ავსაჯანიშვილი
დაბადების თარიღი:199?
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

ლიზა ზურაბის ასული ავსაჯანიშვილი დაიბადა თბილისში, მსახიობების ოჯახში.

ბალეტის შესწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო, სადაც ნინო ანანიაშვილის ყურადღება მიიქცია. ამ სასწავლებელში ხუთი წელი გაატარა. 11 წლისამ იცეკვა თბილისის სცენაზე პირველი ვარიაცია.

13 წლის ასაკში მოიპოვა ოქროს მედალი იაპონიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, რომელსაც სანკტ-პეტერბურგის ვაგანოვას სახელობის სასწავლებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი შეთავაზებით ლიზამ სწავლა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიაში, რექტორის - ნიკა ცისკარიძისა და პედაგოგ-რეპეტიტორ ლიუდმილა კოვალიოვას ხელმძღვანელობით გააგრძელა.

14 წლის ასაკში მშობლებთან განშორება და პეტერბურგში გადასვლა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ყველა წინააღმდეგობას გაუმკლავდა და სასწავლებელი წარმატებით დაასრულა.

16 წლის ასაკში შეასრულა თავისი პირველი პარტია ბალეტში „მაკნატუნა“. ამ ბალეტს გამოსაშვებ საღამოზე ცეკვავენ 18-19 წლის გოგონები. ლიზა იყო პირველი, ვინც ის 16 წლის ასაკში იცეკვა.

ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლისას ჰქონდა გასტროლები საბერძნეთში, იაპონიასა და ინგლისში.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში მიიწვიეს, სადაც თითქმის სამი წელი დაყო და წამყვან საბალეტო პარტიებს ასრულებდა. მიწვევა სწავლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო.

2020-2022 წწ. მარიას თეატრში ცეკვავდა. პირველი სეზონი ძალიან რთული იყო, თუმცა, ნელ-ნელა წარმატება მოვიდა. ლიზას სპექტაკლებს დადებითი გამოხმაურება ჰქონდა, იყო კონკურსებიც, სადაც ლაურეატი გახდა და ბალეტის კრიტიკოსების კარგი შეფასება დაიმსახურა.

მარიას თეატრში, ძირითადად, კლასიკური ბალეტები იდგმება, ლიზას კი თანამედროვე ქორეოგრაფია, მოდერნიც აინტერესებდა, ამიტომ გადაწყვიტა ევროპაში კასტინგზე ჩასვლა.

კასტინგის წარმატებით გავლის შემდეგ  რამდენიმე წამყვანი თეატრიდან მიიღო მოწვევა. კარიერის გაგრძელება ბერლინის სახელმწიფო თეატრში არჩია, რადგან ამ თეატრში კლასიკური ბალეტის გარდა, ბევრი თანამედროვე დადგმაა და მუშაობაც ბევრ ქორეოგრაფთან შეგიძლია.

2022 წლიდან ლიზა ავსაჯანიშვილი ბერლინის სახელმწიფო ბალეტშია. 

წყარო:

https://www.mshoblebi.ge/article/18897-liza-avsajanishvili-baletis-amomavali-varskvlavi-romelzec-ucxouri-presa-cers/

ავსაჯანიშვილი ლიზა. როგორ მოიპოვა ლიზა ავსაჯანიშვილმა პირველი ოქროს მედალი 13 წლის ასაკში იაპონიაში და როგორ გაუმკლავდა ის უცხო ქვეყანაში სამხედრო რეჟიმით სწავლას: ინტერვიუ/ ესაუბრა ქეთი კაპანაძე // თბილისელები. თბილისი, 2023. 19-25 ივნისი. N25 (1173). გვ.10-11.


გააზიარე: