შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მერაბ სურვილაძე![]()
ბიოგრაფიამერაბ სურვილაძე დაიბადა 1965 წელს, თბილისში. ფერწერამ ადრეულ ასაკში გაიტაცა. განათლების გრაფაში მას მითითებული აქვს იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო, ბრიუსელის ლა კამბრის და ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიები. თუმცა არ მალავს, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, უფრო კი იმის გამო, რომ, უბრალოდ, სურდა მხოლოდ ეხატა, მას არც ერთი ეს სასწავლებელი ბოლომდე არ დაუმთავრებია, თუმცა დღემდე დიდი პატივისცემით იხსენებს თავის ქართველ და ბელგიელ კოლეგებს. ხელოვანს განსაკუთრებით უყვარს თავისი წინაპრების სახლი კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, სადაც მხატვრობა თავად მხატვრების წრეში ტრიალმა შეაყვარა: „ჩემს წინაპრებში მხატვარი არც ერთი არ იყო... არის ასეთი სოფელი, გარიყულა, კასპის რაიონში. ქართული სახელოვნებო და კინოს მოყვარული საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილი ადგილია. იქ 1970-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე არსებობდა სამხატვრო აკადემიის საზაფხულო ბაზა. და იქ ვიზრდებოდი“, - ამბობს მხატვარი. მერაბ სურვილაძე 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა ბელგიაში. მისი ქართულ მოტივებზე შესრულებული ტილოები მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და სახელოვნებო წრეებში სწრაფად მოიპოვა კრეატიული და გამორჩეული მხატვრის სტატუსი. უკვე 1993 წელს ზედიზედ ორ გამოფენაში მისცეს მონაწილეობის უფლება: „ერთი მხრივ, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ყოველი ადამიანი იყო ძალიან საინტერესო ამ [ევროპული] სამყაროსათვის და ძალიან კარგი წინადადებებიც იყო. არა მგონია, რომ მე წარმოვადგენდი დიდ ფენომენს, მაგრამ ჩემ წინაშე ძალიან ბევრი კარი გაიღო, ძალიან დიდი იყო ინტერესი იქიდან ჩამოსული ადამიანის მიმართ“, - აღნიშნავს მხატვარი. როგორც მერაბ სურვილაძე ამბობს, ჩრდილების მოხაზულობები ქმნის დაძაბულობას, აღიზიანებს ტონალობებსა და ნამუშევარს იმ სიღრმეს ანიჭებს, რაც სხვა შემთხვევში დაიკარგებოდა. 2010 წელს მერაბ სურვილაძემ პირველად მოაწყო პერსონალური გამოფენა საქართველოში, გალერეა „ჰობიში“. მხატვარს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, ანუ კლიენტებთან კონტაქტის დამყარებასა თუ ნამუშევრების რეალიზებაში მისი მეუღლე, ქეთი კეჩხუაშვილი, ეხმარება. უჩვეულო და მეტად საინტერესო ხატვის სტილმა „ჩრდილებმა“ მერაბ სურვილაძის შემოქმედებას განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. 2017 წლის მარტში, ლონდონში “Saatchi Gallery”-ის მიერ ორგანიზებულ “the Other Art Fair”-ზე ხელოვანის შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წლის თებერვალში კი ოქსფორდში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (International Art Fair), სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე მხატვარი მონაწილეობდა, მერაბ სურვილაძე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 2017 წლის 27 აპრილს, თბილისში, ხელოვნების სასახლეში გაიხსნა მხატვრის სოლო გამოფენა-გაყიდვა „ჩრდილები“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის ავანგარდისტულ სტილში შესრულებული 20-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომელთა მთავარი გზავნილი ტოლერანტობა და თანასწორობაა. მერაბ სურვილაძის ნახატები ძირითადად კერძო კოლექციებში და რამდენიმე მცირე მუზეუმში, მათ შორის, ბრიუსელის „მუზეუმ არტ სპონტანე ა ნაივეში“ (Museum Art Spontaneous a Naïve) ინახება. ამ მუზეუმშია თავმოყრილი ბევრი ცნობილი პრიმიტივისტი მხატვრის ფერწერული ტილო. 1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/s-t/surviladze-merab.html 2. https://www.radiotavisupleba.ge/a/25330097.html 3. სურვილაძე მერაბ. „უცნაური გასეირნება“, ზედხედები და ჩრდილები: ინტერვიუ /მერაბ სურვილაძე; ესაუბრა ხათუნა ხაბულიანი // ინდიგო. თბილისი, 2018. N34. გვ. 102-105 4. ხაბულიანი ხათუნა. ჩრდილი და უსასრულობა მერაბ სურვილაძის აბსტრაქციებში // კულტურა პლუს; საგანმანათლებლო=საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2017. N3(9). გვ. 37-47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |