The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნადია წულუკიძე

ნადია წულუკიძე
დაბადების თარიღი:1976  (48 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

ნადია წულუკიძე პერფორმერ -არტისტია, ან როგორც თვითონ ამბობს: თეატრის „მეიკერი“, რაც ყველაფერი შეიძლება იყოს - მოცეკვავე, რეჟისორი, ქორეოგრაფი, სცენარისტი - „მეიკერია“ ყველა, ვინც პერფორმანსის შექმნაში მონაწილეობს.

დაიბადა 1976 წელს, ქუთაისში. სამი წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად, თბილისში, ბებია-ბაბუასთან გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა № 116 საშუალო სკოლა. სწავლობდა მუსიკალურ ტექნიკუმში, ვიოლინოზე უკრავდა და ახალგაზრდული ორკესტრის წევრი იყო.

მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ, 1996 წელს, გერმანიაში წავიდა. ვიოლინოს თავი დაანება და 8 წლის განმავლოობაში თანამედროვე ცეკვას ეუფლებოდა. სწავლობდა ანტროფოსოფიულ სკოლაში, სადაც აითვისა სიტყვებისა და მუსიკალური ფრაზების სხეულით გამოხატვა.

2004 წელს დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისას მიზანი უკვე ჰქონდა, ექსპერიმენტული თეატრის შექმნა უნდოდა. თეატრისთვის სივრცე, მუსიკოსები, მხატვრები, მოცეკვავეები და მთელი დასი სჭირდებოდა. თანამოაზრეების ძებნა დაიწყო და ცოტა ხანში ჰოლანდიიდან ახალდაბრუნებულ არტისტს, სოფო ტაბატაძეს შეხვდა.

2005 წელს ორმა თბილისელმა არტისტმა დააარსა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი ჯუსი“და პერფორმანსებზე მუშაობა დაიწყო. მათი ნამუშევრების მიზანი დამკვიდრებული სოციალური ნორმების, ჩვევებისა და ტრადიციების გროტესკულობის ჩვენება იყო.

2008 წლამდე ახალგაზრდები აქტუალურ სოციალურ თემებზე სხვადასხვა პერფორმანსებს დგამდნენ, მონაწილეობდნენ თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში.

2008-2010 წელებში ნადია წულუკიძე სწავლობდა ჰოლანდიაში, დაზარტის (DasArts) სკოლაში თეატრის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის მთავარი იდეა მოულოდნელი აღმოჩენების, ექსპერიმენტის ატმოსფეროს შექმნაა. ეს არის თეატრის ლაბორატორია სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პერფორმანს-არტისტები სწავლობენ.

თეატრალური მაგისტრატურა დაამთავრა სადიპლომო ნაშრომით „მზად სიყვარულისთვის ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი“. პერფორმანსი ჯერ ამსტერდამში, ფლამანდიური კულტურის ცენტრში აჩვენა, შემდეგ კი წარმოადგინა  თბილისში, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ერქვა - „კარმენი - გამორიცხვის მდგომარეობა“.

ამ ნამუშევრით 2011 წელს იგი დაპატიჟებული იყო ნოი/ნაუ ფესტივალზე.

2015 წ. იოხენ შტეხმანთან ერთად მუშაობდა პერფორმანსზე - „მე ვარ მედეა“.

იოხენ შტეხმანი – თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფი და მათემატიკოსი ბერლინიდან.
ამ ორი არტისტის თანამშრომლობა დაიწყო ამსტერდამში, DasArts თეატრლური სამაგისტრო პროგრამის პერიოდში .
დაზარტის სკოლის კიდევ ერთ წევრთან, დირკ ფერშტოქტან ერთად იმუშავა ნადია წულუკიძემ მასშტაბურ პროექტზე „მე და სტალინი“.

სოფო ტაბატაძისა და ნადია წულუკიძის პერფორმანს–პროექტი „ხინკალი–ჯუსი“ 2017 წელს ნაჩვენები იქნა მოსკოვის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმში. ქართველი არტისტები მონაწილეობდნენ გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო საგამოფენო პროექტ „საზღვარში“. ექსპოზიციისთვის შეირჩა „ხინკალი–ჯუსის“ 2006 წლის ვიდეორგოლი — „ქართული ჰიმნი“.

პერფორმანს– გამოფენის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდა ხელოვანები ევროპისა და აზიის 11 ქვეყნის 16 ქალაქიდან. მოსკოვში გამართული გამოფენის შემდეგ, ექსპოზიციამ იმოგზაურა სანქტ–პეტერბურგში, კრასნოიარსკში, კიევში, თბილისში, მინსკსა და დორტმუნდში, 2018 წელს კი თავის მოგზაურობა ცენტრალური აზიის ქვეყნებში გააგრძელა.

ნადია წულუკიძე ამჟამად მოღვაწეობს ბერლინში, როგორც დამოუკიდებელი არტისტი. თავის წარმოდგენებში იგი იყენებს ხელოვნების ისეთ ფორმებს, როგორიცაა პერფორმანსი, ინსტალაცია, ვიდეო, ქორეოგრაფია და ექსპერიმენტალური თეატრი.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/tsulukidze-nadia.html 

2. https://casbatumi.ge/article/54

3. https://sputnik-georgia.com/20170131/xinkali-jusi-234713140.html

4. ლომაძე ნინო. ვინ არის ნადია წულუკიძე? // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. - ივნისი. - N80. - გვ.46-51.


გააზიარე: