The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაია ჩიჯავაძე

მაია ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

კონცეპტუალისტი მხატვარი მაია ჩიჯავაძე დაიბადა 1952 წლის 10 მარტს, თბილისში, ფატმან და გიგლა ჩიჯავაძეების ოჯახში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". საქართველოში 15 ფილმზე იმუშავა მხატვრად და მსახიობადაც.

შექმნა კოსტუმების ესკიზები ფილმებისთვის: "სამი სასიძო" (რ. ჭარხალაშვილი, 1977), "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (რ. ჩხეიძე, 1980), "გზა შინისკენ" (ა. რეხვიაშვილი, 1981), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984), "საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986, "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986) და სხვ.

დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ლილეო" (მ. ჭიაურელი უმც. 1975), "მიახლოება" (ნ. ნიკოლაძესთან ერთად/ა. რეხვიაშვილი, 1989).

გამორჩეული გარეგნობის გამო მაია ჩიჯავაძე იყო საქართველოს მოდელების სახლის ერთ-ერთი პირველი მოდელი.

1985-1986 წლებში მხატვარი დაინტერესებული იყო ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული კოსტიუმების შესწავლით და როცა კინოსტუდიასთან შეიქმნა ქართული ფილმების გმირების კოსტიუმების მუზეუმი, მაია გახდა მუზეუმის ექსპოზიციის დიზაინერი. 

1988 წელს მაია ჩიჯავაძეს პირველად მიეცა შესაძლებლობა ემოგზაურა დასავლეთ ევროპაში. ცხოვრობდა ჰოლანდიაში თავის მეგობრებთან და მათი დახმარებით აწყობდა გამოფენებს, ყიდდა ნამუშევრებს. იმ პერიოდში გატაცებული იყო გრაფიკით. ქმნიდა გრაფიკების სერიას ცნობილი პოეტების ლექსებზე. განსაკუთრებით  სრული გამოვიდა  სერია „ასოციაციები ანა ახმატოვას ლექსებზე“, რომლის შექმნა ჯერ კიდევ 1976 წელს დაიწყო. სწორედ ეს გრაფიკები ნახა 1989 წელს მხატვრების მენეჯერმა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამას მოჰყვა ინტენსიური მუშაობა, გამოფენები, სიყვარული, ქორწინება და ამსტერდამში მუდმივად დასახლება. ჰყავს ერთი ვაჟი - იასონი.

არქიტექტურული და კინემატოგრაფიული გამოცდილება ეხმარება მაია ჩიჯავაძეს დაუკავშიროს მხატვრობას ინსტალაციები და მაკეტები.

1992 წელს მან შექმნა თავისი პირველი ინსტალაციის პროექტი „დრო“, რის საფუძველზეც ამსტერდამის სამხატვრო ფონდმა ორწლიანი სტიპენდია დაუნიშნა. ამას მოჰყვა 1993 წელს - ვიდეო ინსტალაცია „არჩევანი“, რომელიც იმავე წელს ჰააგის საერთაშორისო ვიდეოფესტივალზე წარადგინეს.

1992 წლიდან ქართველი მხატვარი არის ჰოლანდიის მხატვართა კავშირის წევრი.

1999 წელს მის მიერ შეიქმნა ინსტალაციის ორი პროექტი „ყოველთვის არის იმედი“ და „ენერგიის სუბლიმაცია“.

მიუხედავად აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისა მაია საქართველოში ყოველ წელს მოკლე ხნით ჩამოდის და შვილიც ჩამოჰყავს. 

2001 წელს მან თავის პატარა ვაჟთან ერთად შექმნა ახალი კოლექცია, რომელიც გამოფენილი იყო როტერდამში, ხოლო შემდეგ გერმანიის ქალაქებში - ჰილდესჰაიმში, ჰანოვერსა და ბერლინში. გერმანელი გალერეის მეპატრონე საგანგებოდ იყო ჩასული როტერდამში, რომ მისთვის საინტერესო ნამუშევრები აერჩია. 900 მხატვრიდან მან ოთხი შეარჩია, მათ შორის იყო მაიაც.

2005 წლიდან მაია ჩიჯავაძემ თავის შემოქმედებაში დასაბამი მისცა ახალ მიმართულებას - ციფრულ ხელოვნებას.

2006 წელს თბილისში, გალერეა TMS-ში შედგა მხატვრის კონცეპტუალურ ციფრულ ნამუშევართა პერსონალური გამოფენა.

2008 წელს მაია ჩიჯავაძის ბიბლიურ თემებზე აგებული კოლაჟების ვრცელი სერიის ესკიზები გამოფენილი იყო „ქარვასლაში“ ჯგუფურ ექსპოზიციაზე.     

2015 წლის 4 მარტს, თბილისში,ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გახსნილ მაია ჩიჯავაძის პერსონალურ გამოფენზე წარმოდგენილ იქნა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები მხატვრის მიერ შექმნილი და შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიით. დამთვალიერებელმა ნახა სამგანზომილებიანი მასშტაბური ინსტალაცია, შექმნილი მაია ჩიჯავაძის საავტორო პროექტის ფარგლებში „სმენით აღქმულის სუბლიმაცია ვიზუალურ ხელოვნებაში“.
ინსტალაცია 174 ავტორის ნამუშევრისგან შედგება, რომლებიც შესრულებულია წყლის, ცეცხლის და ქარის ხმების თემაზე და გაერთიანებულია მაიას მიერ ერთ მთლიან კონცეპტუალურ კომპოზიციაში სახელწოდებით „უსასრულობა“. პროექტი გახორცილდა ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ჰოლანდიის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM – Netherlands-ის ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით და ზურაბ წერთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით.

წყარო:

1. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 198; ეროვნული ფილმოგრაფიის 2. პორტალი: geocinema.ge.; youtube.com 

3. http://kvira.ge/159396

4. https://www.facebook.com/watch/?v=371641503686474

5. მახარაძე, მზეხა. მედიტაცია და გამჭვირვალე ფერები // 24 საათი. - თბილისი, 2008. - 9 იანვარი. - N3 (1747). - გვ.A11

6. ჩიჯავაძე, მაია. თქვენთან მანძილი მაშორებს და არა გრძნობა: ინტერვიუ /ესაუბრა ლანა ნიჟარაძე // ამარტა. - თბილისი, 2002. - N7. - გვ.122-125

 

 

   
 

გააზიარე: