შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ჯონი აფაქიძე![]()
ბიოგრაფიაჯონი აფაქიძე დაიბადა 1960 წლის 11 ივნისს, სამეგრელოში. 1977 წელს დაამთავრა ზუგდიდის რაიონის საშუალო სკოლა, ხოლო 1983 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სამეცნიერო - პედაგოგიურ და კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა ბერლინის თავისუფალ და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში, ასევე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კავკასიის ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კულტურები; ქრონოლოგია არქეოლოგიაში; კოლხეთის არქეოლოგია; ტროას არქეოლოგია, ისტორია და კულტურა; მიღებული აქვს გერმანიის სასწავლო-აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის (DAI) სტიპენდიები (1993 და 1996 წწ.). ის ასევე არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (AvH) პრესტიჟული სამეცნიერო სტიპენდიის ექვსგზის მფლობელი (1998,1999,2003, 2006,2010). სამეცნიერო წოდებები: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), დოცენტი (1993), დოქტორი (2002), პროფესორი (2004), სრული პროფესორი (2006); 2005 წელს თბილისში თორმეტი ქვეყნის ჰუმბოლდტელთა მონაწილეობით ჩაატარა სიმპოზიუმი თემაზე: „სამხრეთ კავკასია ევროპული ინტეგრაციის გზაზე", ხოლო 2007 წელს - შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და გერმანიის ჰუმბოლდტელ - არქეოლოგებთან ერთად სიმპოზიუმი თემაზე: „შავი ზღვის აუზი ძვ. წ 5000-500 წწ. კომუნიკაცია კავკასიასა და კარპატებს შორის". ჯონი აფაქიძე პირველი ქართველი არქეოლოგია, რომელიც მიიწვიეს ტროას საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებზე, სადაც ოთხი წელი იმუშავა. მას ასევე სხვა არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქეოლოგიურ გათხრებში აქვს მიღებული აქტიური მონაწილეობა: 2011-2015 და 2017 წლებში ის ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მდებარე ტაბაკონის ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვის არქეოლოგიურ გათხრებს. ექსპედიციის თანახელმძღვანელი იყო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების პირველი დირექტორი პროფ. სვენდ ჰანზენი. არქეოლოგიურ გათხრები ტარდებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებას შორის არსებული ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის საფუძველზე. ჯონი აფაქიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდაში, ქართული არქეოლოგიის განვითარებაში, მისი საზღვარგარეთ წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში. 2007 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იგი ასრულებდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. 2009-2017 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. პროფესორი ჯონი აფაქიძე არამარტო ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ერთობლივ ექსპედიციებს, ასევე უაღრესად პრესტიჟულ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში აქვეყნებდა წიგნებსა და სამეცნიერო სტატიებს. მეცნიერს გერმანიაში საყოველთაოდ ცნობილ გამოცემაში „პრეისტორიული არქეოლოგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოქვეყნებული აქვს ორტომიანი მონოგრაფია ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის შესახებ. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: საქართველოს ეროვნული (სახელმწიფო) პრემია შავი ზღვის აუზის ქვეყნების პრეისტორიული არქეოლოგიის შესწავლის დარგში შეტანილი წვლილის გამო; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე 2007-2017 წლებში გაწეული სამსახურისა და მიღწეული წარმატებების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჯონი აფაქიძე 2015 წელს დააჯილდოვა წმინდა ნინოს ბრილიანტის ჯვრითა და წმინდა გიორგის ოქროს სამკერდე ხატით, ხოლო 2017 წელს - წმინდა თამარ მეფის ოქროს ბეჭდით. აქვე საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჯონი აფაქიძის რექტორობის დროს, 2009 წელს მისმა უწმინდესობამ დევნილობაში მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯილდოვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. ქართველი მეცნიერი არის საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის გენერალური მდივანი; გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ - კორესპონდენტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2021); გერმანიის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ნდობის მეცნიერი (2010-2015 წწ.); ევროპის არქეოლოგთა ასოციაციის წევრი (2009-2013 წწ.); 2017 წლიდან დღემდე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (Mercator-Fellow). წყარო: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი: elibrary.sou.edu.ge https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონი_აფაქიძე https://bsu.edu.ge/main/page/15691/index.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |