The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გელა წულაძე

გელა წულაძე
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

გელა წულაძე გასაბჭოების შემდგომ საფრანგეთში ემიგრირებული ოჯახის შთამომავალია. 1958 წელს მამამისი, სერგი წულაძე საქართველოში დაბრუნდა. თან ახლდნენ ფრანგი მეუღლე მადლენ ვერდო და ორი უფროსი შვილი - ლუკა და ნუცა. გელა 1959 წელს, თბილისში დაიბადა. სერგი წულაძის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე და ვაჟები საფრანგეთში დაბრუნდნენ. ნუცა უკვე გათხოვილი იყო და თბილისში დარჩა. მისი შვილები არიან მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე და დიზაინერი ჯაბა დიასამიძე.

პირველ კურსზე გელა წულაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა (1977-1980 წწ.), შემდეგ კი სწავლა განაგრძო პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École des Beaux-Arts).

სტუდენტობის პერიოდში გაიცნო და დაუახლოვდა მხატვართა გაერთიანება „თავისუფალი ფიგურაციის“ წევრებს. მათთან ერთად მისი ნამუშევრები იფინებოდა  სხვადასხვა გალერეაში.

გელა წულაძეს საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. იგი სამშობლოში ხშირი სტუმარია. მან შემოიტანა თბილისსა და ბათუმში “სტრიტ-არტის” ფორმატი და თანამედროვე ურბანული ქანდაკებების იდეები. მისი წარდგინებითა და კურირებით თბილისში დაიდგა კონცეპტუალისტი მხატვრის, ჟან დიუპის სკულპტურა „ანაციკლისტი“ და ბათუმში – „WHERE“. ასევე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მოეწყო მარგარეტ და ემე მაგების ფონდის აბრეშუმის შარფების კოლექციის გამოფენა.

მხატვარი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, თუმცა, მისი ნამუშევრები იმდენად დიდი იდენტობის მქონეა, რომ ყოველთვის გამოიცნობთ, ვისი ნახელავიცაა. ის არის არაერთი პოპულარული ურბანული სკულპტურის ავტორი, როგორებიცაა: ლითონის ქანდაკება „ყირამალა“, „მე მიყვარს ბათუმი“, „ვარიაციები სიყვარულზე“, „ლოკოკინა“, მის მიერაა შექმნილი საქართველოს დროშა, სადაც ჯვრების ნაცვლდ გულებია გამოსახული და სხვ.

საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში გელა წულაძის ხელოვნების ნიმუშები ხშირად ხდებიან ინტერიერის ობიექტებიც. მათ შორისაა მისი მუხის ტახტები (Throne of Love). ესაა დაბალფეხებიანი და მაღალი საზურგის მქონე მუხის ტახტი, რომლის ნაწილებშიც განთავსებულია მცირე ზომის ობიექტები. 

გელა წულაძის ინტერიერის ობიექტები არამარტო გამოფენებში მონაწილეობდნენ, მათ უკვე არაერთ სივრცეში დაიდეს ბინა.

 

წყარო:

1. https://art.gov.ge/ge/portfolio/წულაძე-გელა/

2. https://www.homeis.ge/guela-tsouladze/

 


გააზიარე: