The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნანა ძიძიგური

ნანა ძიძიგური
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

ნანა ძიძიგურს (მეცო-სოპრანო) ოპერის მოყვარულები გერმანიასა და შვეიცარიაში უფრო კარგად  იცნობენ, ვიდრე საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ მას ძალიან ხშირად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გერმანიაში ცხოვრობს. მღერის ბრაუნშვაიგის, მიუნჰენის, პრაღის, ციურიხის საოპერო თეატრებში. ის არ არის რომელიმე კონკრეტული საოპერო თეატრის სოლიტი, რაც კონტრაქტების დადებისას მეტ თავისუფლებას აძლევს.

ნანა ძიძიგური დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობაც დაიწყო ადამიანური რესურსების მართვის განხრით და სტაჟირებაც გაიარა ლონდონში, ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში. მაგრამ სიმღერის სიყვარულმა სძლია და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე. მომღერლის დახელოვნებასა და საერთაშორისო წარმატებაში დიდი როლი ითამაშა პედაგოგმა გოჩა ბეჟუაშვილმა, რომლის რჩევებით  იგი დღემდე ხელმღვანელობს. 

ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ნანა ძიძიგური, როდესაც შედგა მისი დებიუტი ბათუმის ოპერის თეატრში, სადაც იმღერა კარმენის პარტია ჟორჟ ბიზეს „კარმენში“ და ფენენა ვერდის „ნაბუკოში“.  

ამავე დროს, მომღერალი აქტიურად მონაწილეობდა კონსერვატორიასთან არსებულ საოპერო სტუდიის სპექტაკლებში, სადაც მან შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა: მადალენა - „რიგოლეტოში“, ოლგა - „ევგენი ონეგინში“, მარსელინა - „ფიგაროს ქორწინებაში“, ლიუბაშა რიმსკი-კორსაკოვის „მეფის პატარძალში“ და სხვა.

ნანა ძიძიგურს გავლილი აქვს მონსერატ კაბალიეს მასტერკლასი სარაგოსაში, გარკვეული დროის მანძილზე მისი მასწავლებლები იყვნენ მირელა ფრენი და ენცო დარა მოდენაში (2012 წელი), თბილისში ესწრებოდა ბადრი მაისურაძისა და პაატა ბურჭულაძის მასტერკლასებს...

სამი წლის განმავლობაში მომღერალი იყო თბილისის სახელმწიფო ოპერის დასის წევრი. შესრულებული აქვს კარმენის და ამნერისის პარტიები, ასევე, მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში: „აბესალონ და ეთერი“ (ნაანა) და „დაისი“ (ნანო).

2016 წელს ნანა ძიძიგური დიდი წარმატებით გამოვიდა ჯუზეპე ვერდის მშობლიურ ქალაქში, ბუსეტოში, „ვერდის ხმების“ 54-ე საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მისი ხმის დიაპაზონი და შესაძლებლობა ჟიურიმ უმაღლეს დონეზე შეაფასა. მან მოიპოვა პირველი პრიზი, ისევე როგორც Premio Roma.

2017-18 წლების სეზონში მომღერალმა თავი გამოიჩინა ბრაუნშვაიგის სახელმწიფო თეატრის რამდენიმე სპექტაკლში: ებოლი - ვერდის „დონ კარლოსი“, გერტრუდა - ჰუმპერდინკის „ჰენზელი და გრეტელი“,  პირველი მოახლე- შტრაუსის „ელექტრა“, მაშა - შოსტაკოვიჩის „მოსკოვი, ჩერემუშკები“.

2020 წლის სექტემბერში პრაღის ნაციონალური თეატრის (Narodni divadlo opera) დიდ სცენაზე გაიმართა ჟორჟ ბიზეს "კარმენის" პრემიერა. მთავარი პარტია ნანა ძიძიგურმა შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა. „ფანტასტიური კარმენი“, წერდნენ მასზე პრესაში.

მომღერლის კარიერაში განსაკუთრებულია 2022 წელი, როდესაც მან ბაიროითის საოპერო ფესტივალზე ზიგრუნის პარტია შეასრულა ვაგნერის  „ვალკირიაში“. ფაქტობრივად, ნანა ძიძიგური არის პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ბაიროითის ფესტივალის მთავარ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა (დირიჟორი კრიტიან ტილემანი).

2023 წელს იგი წარმატებით გამოვიდა ავსტრიის ქალაქ გარსის საოპერო ფესტივალზე წარმოდგენილ „აიდაში“. ავსტრიული მედიის შეფასებით,  ქართველმა მეცო–სოპრანომ, ამნერისის პარტია ოპერის მოყვარულებს შესანიშნავი არტისტიზმით და მაღალი დონის შესრულებით დაამახსოვრა.

წყარო:

1. https://publika.ge/article/nana-dzidziguri-dzlieri-mravalmkhrivi-da-mgrdznobiare-amnerisi/ 

2. https://www.narodni-divadlo.cz/en/profile/nana-dzidziguri-4603789 

3. https://www.nanadzidziguri.com/about


გააზიარე: