The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზურაბ ელიავა

ზურაბ ელიავა
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1937  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ზურაბ ელიავას მამა იყო იურისტი და პოლიტიკოსი ნიკოლოზ (ნიკო) ელიავა. დედას, ელისაბედ ჭიჭინაძეს, დამთავრებული ჰქონდა გიმნაზია და სპეციალური სამასწავლებლო კლასი. ნიკოს და ლიზას ხუთი შვილი ჰყავდათ - ორი ვაჟი და სამი ასული.

ზურაბი უფროსი შვილი იყო. დაიბადა 1898 წელს ქ. თბილისში. ბავშვობიდან გამოირჩეოდა ნიჭიერებით. ის და მისი უმცროსი ძმა იოსები სწავლობდნენ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიაში. როდესაც მათი მამა რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს, ფინანსურად აღარ ჰქონდათ იქ სწავლის გაგრძელების საშუალება და როდესაც ელისაბედი მივიდა საბუთების წამოსაღებად, დირექციაში უთხრეს, რომ მის უფროს შვილს, ზურაბს, უფასოდ ასწავლიდნენ და უმცროსი კი შეეძლოთ წაეყვანათ.

ზურაბის ნიჭიერება მისი გერმანიაში ყოფნისასაც დამტკიცდა, მან 6 თვე გაატარა ყრუ სოფელში და ისე ისწავლა გერმანული, რომ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში შევიდა და წარჩინების დიპლომი მიიღო. ასეთ დიპლომს უცხოელები ძალიან იშვიათად იღებენ.

1919 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი. მათ შორის იყო ზურაბ ელიავაც. ის საუწყებათაშორისო კომისიამ განათლების მისაღებად იტალიაში გააგზავნა და სტიპენდიაც დაუნიშნა (1919 წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით).

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ელიავების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. გერმანიაში მათ ზურაბიც შეუერთდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ზურაბ ელიავამ მუშაობა დაიწყო. სპეციალობით ეკონომისტ-ფინანსისტი იყო. ოჯახიც შექმნა. ცოლად შეირთო თინა ქუთათელაძე, რომელთანაც ვაჟი შეეძინა. პატარას ნიკოლოზი (ნიკა) დაარქვეს. თითქოს ყველაფერი დალაგდა. მაგრამ მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. 

ზურაბის მდგომარეობა დაამძიმა იმანაც, რომ ნიკო ელიავას შვილი და შალვა ელიავას ძმისშვილი იყო. ის ერთხელ 1934 წელს დაიჭირეს და აიძულებდნენ, რომ ხელი მოეწერა, თითქოს სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტში მუშაობისას ცდილობდა, არასწორი დაგეგმარებით ხელი შეეშალა სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ამაზე ზურაბს უთქვამს: ყველა ჩემი შრომა არქივშია, მომიტანეთ, მაჩვენეთ და დამიმტკიცეთ, რომ დავუშვი შეცდომაო. მათ კი უპასუხეს, ჩვენ არაფერს დაგიმტკიცებთ, რადგან საჭიროა, უნდა მოაწეროო. ამის შემდეგ რაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.

ზურაბ ელიავას დისშვილის, ლიზიკო გაბუნიას მოგონებების მიხედვით, პირველი დაპატიმრებისას ზურაბს დედა გარდაეცვალა, ჩეკისტებმა რატომღაც გუჩვილობა გამოიჩინეს და პატიმარი დედასთან გამოსამშვიდობებლად მიიყვანეს. ცოტა ხანს მდგარა და წასულა, ჩეკისტების თანდასწრებით არ ნდომებია დედის დატირება.

იმხანად, რაღაც შემთხვევითობამ ზურაბი გადაარჩინა. მას თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, გააგზავნეს რაიონში, ხარაგოულში, ცოტა ხნის შემდეგ სოხუმში გადაიყვანეს. მერე კი სამსახურიდან მოხსნეს, რაც მის ხელმეორედ დაჭერას მოასწავებდა.

ასეთ გაურკვევლობაში იყო, როცა მასთან ჩავიდა უმცროსი და, მარიკა (პოეტ სიმონ ჩიქოვანის მეუღლე) და უთხრა, რომ თინა ქუთათელაძე დააპატიმრეს. ეს იყო უკანასკნელი წვეთი. ზურაბი ჩავიდა თბილისში, დაწერა წერილი, რომ მისი ცოლი სრულიად უდანაშაულოა, რომ თუ ისინი მას ეძებენ, ის იმყოფება აქა და აქ. ასე დამთავრდა სამუდამოდ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.

დაპატიმრებამდე ზურაბ ელიავა იყო აფხაზეთის სახელმწიფო გეგმის სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი. მას ბრალად დასდეს, რომ 1927 წლიდან ირიცხებოდა  კონტრ რევოლუციონერთა მავნებლურ ორგანიზაციაში, დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა ცენტრის წევრ შალვა მათიკაშვილთან და მისი დავალებით დამანგრეველ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

დახვრიტეს 1937 წელს.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ზურაბის დანაშაული ის იყო, რომ ის სამეგრელოში ჩაის მონოკულტურად დაფუძნებას არ უჭერდა მხარს და ტრადიციული მეჯოგეობა-მეცხოველეობის შენარჩუნება და განვითარება მიაჩნდა მიზანშეწონილად.

ზურაბ ელიავას დაღუპვის შემდეგ, მის შვილს, მეხუთეკლასელ ნიკას, სახელგამის მაღაზიაში შესულს, ყური მოუკრავს, როგორ ეუბნებოდა ერთი კაცი მეორეს: ამ ბავშვს ისეთი კარგი მამა ჰყავდა და დახვრიტესო.

ნიკას მამა რუსეთში ეგულებოდა და ეს რომ გაიგონა, თავზარი დაეცა, ის მამის დაბრუნებას ყოველდღე ელოდა. მას სახლიც ჰქონდა, საყვარელი მამიდა და ბიძა ჰყავდა, მაგრამ საკუთარი დედა და მამა ყველაფერს ერჩია. უდედმამოდ დარჩენილი ნიკა მარიკა ელიავამ და სიმონ ჩიქოვანმა იშვილეს და მშობლიური ალერსი და სითბო არ მოუკლიათ.

ზურაბ ელიავა რეაბილიტირებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით.

წყარო:

1. https://archive.ge/ka/blog/101

2. https://prosopography.iliauni.edu.ge/persons/1629-zurab-nikolozis-dze-eliava

3. https://ge.openlist.wiki/ ელიავა_ზურაბ_ნიკოლოზის_ძე_(1900)

 

 


გააზიარე: