The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიანა ელიავა

ლიანა ელიავა
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1939
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2023  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

ლიანა ტარასის ასული ელიავა დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. მამა პროფესიით მშენებელი ინჟინერი გახლდათ, თუმცა ძალიან უყვარდა თეატრი და მსახიობად ირიცხებოდა ხობის თეატრის მოყვარულთა დასში. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო.

ელიავები თავის დროზე შეძლებულად ცხოვრობდნენ. ბაბუამ ბერძნული და თურქული ენები იცოდა და სავაჭროდ დადიოდა. გასაბჭოების შემდეგ ჯერ გააკულაკეს, მერე კი მამულებიც ჩამოართვეს. ამ მდგომარეობას შეეგუენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს უფრო დიდი უბედურება დაატყდათ თავს. ფრონტზე მყოფი ლიანას უმცროსი ბიძა, მიხეილი, სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდა და ოჯახის წევრებს ციმბირში გადასახლება მიესაჯათ ქონების კონფისკაციით. სამოცდაათ წელს გადაცილებული ბებია-ბაბუა ციმბირის გზას გაუყენეს. ბაბუას გულმა გზაშივე უმტყუნა, ბებიამ გაუძლო და ხუთწლიანი გადასახლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ომის შემდეგ კი  ბიძის რეაბილიტაციის ცნობაც მიიღეს.

ლიანას მშობლებს უშიშროებამ ხელი არ ახლო, რადგან ეგონათ, რომ ისინი ცალკე ცხოვრობდნენ. თუმცა “მოღალატის” ოჯახს ხობში აღარ დაედგომებოდა და ისინიც ჯერ სოხუმში გადასახლდნენ,, მერე კი თბილისში.

ლიანა ელიავამ თბილისის 29-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

მეორე კურსიდან იბერიულ-კავკასიური ენების ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა. აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა ლიანას მომავალს მეცნიერებაში ხედავდა, მაგრამ მან ასპირანტურაში ჩაბარების ნაცვლად მოულოდნელად კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა რეჟისორის მესამე თანაშემწედ. მისი კინოთი დაინტერესება კი ერთმა შემთხვევითმა ფაქტმა განაპირობა. სტუდენტობისას ლიანა ერთ-ერთი ფილმის მთავარი როლის სინჯებზე მიიწვიეს. ეს როლი არ შედგა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ისე მოიხიბლა კინოსამყაროთი, რომ რეჟისორობა გადაწყვიტა. ამისთვის რუსეთში უნდა წასულიყო, რადგან მაშინ საქართველოში კინოს უმაღლესი სასწავლებელი არ არსებობდა.

1965 წელს ლიანა ელიავა ჩაირიცხა მოსკოვში, მხატვრული და სატელევიზიო ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტზე, მიხეილ რომის სახელოსნოში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

სტუდენტობის პერიოდში ორჯერ გახდა ВГИК-ის ახალგაზრდული ფესტივალის ლაურეატი. პირველად პრიზი საუკეთესო ეკრანიზაციისთვის მიენიჭა მის ორნაწილიან ხმოვან ეტიუდს, რომელიც ვასილ შუკშინის “ჭკნება, იღუპებას” მიხედვით გადაიღო, მერე კი საუკეთესო რეჟისურისთვისაც დაიმსახურა პრიზი საკურსო ფილმით “ბზიანეთი”, რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით. ეს ფილმი ახალდაარსებული ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები გახლდათ.

1970 წლიდან ლიანა ელიავა იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი.

გადაღებული აქვს ფილმები: "ბზიანეთი" (1969), "ეპისკოპოსი ნადირობაზე" (1971); "მშვენიერი კოსტიუმი" (1973), "ფერმა მთაში" (1974), "სინემა" (1977), „გზის დასაწყისი“ (1982); ყველა ამ ფილმის სცენარიც მასვე ეკუთვნის.

2018 წელს რეჟისორმა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ თავისი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მთლიანი მასალები გადასცა. კინონაშრომები დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ საცავში ინახება.

ლიანა ელიავა იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

1979 ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების კარლო ლიძანისა და ალბერტო მორავიას მიერ ჩვენებაზე წარდგენილ იქნა მისი ფილმი „სინემა“, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ვინაიდან იმ წელს პრიზებს არ ანიჭებდნენ, მიიღო ოქროს მედალი – მონაწილეობისათვის.

1998 წლიდან ლიანა ელიავა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფინეთში (იქორწინა ეროვნებით ფინელზე, რუსულენოვან პოეტსა და მთარგმნელ რობერტ ვინონენზე).

მომავალი მეუღლე გაიცნო მაშინ, როცა ლექსების თარგმნა დასჭირდა თავისი ფილმისთვის „გზის დასაწყისი“. მალევე დაქორწინდნენ.

თავდაპირველად მოსკოვში ცხოვრობდნენ, სადაც რობერტი ჯერ “საბჭოთა მწერლის” მთავარ გამომცემლობაში განაგებდა პოეზიის რედაქციას, მერე კი კათედრის გამგე იყო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1998 წელს, როგორც იქნა, დაძლიეს საბჭოთა ბიუროკრატიის ბარიერები და ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დასახლდნენ, როგორც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი.

ფინეთში ლიანა ელიავას ფილმი არ გადაუღია. უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამშრომლობდა, როგორც ლიტერატორი. გარდა ამისა, წერდა ლექსებს და თავისი განუხორციელებელი კინოსცენარებიც კინომოთხრობებად აკინძა.

იგი ავტორია წიგნებისა: „კავკასიური მისტერია“: ლექსები (1997), „საუკუნის სამანი“ (2002),  „სიზმრად ნანახი ფილმები“ (2004), „სიყვარულის მისტერიები“: პროზა, პოეზია (2008), „კინო უეკრანოდ“ ( 2011), ლექსები (2015), „ჩემი სკანდინავია“ (2017), „აფეთქებული საყდრისი“: რომანი (2017), „რაც იყო და არც იყო“: მოთხრობები (2017 და 2018) და სხვა.

ლიანა ელიავა გარდაიცვალა ჰელსინკში 2023 წლის 9 ოქტომბერს. იგი თბილისში ჩამოასვენეს და 25 ოქტომბერს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ლიანა_ელიავა 

2. საქართველო: ენციკლოპედია: .2. - თბ., 2012. - გვ.642;

3. https://nostal.ge/2023/11/03/bediswera-lia-eliavas-cxovrebashi/

4. https://www.aversi.ge/cnobari/2132/liana-eliava---shemoqmedebiti-energia,-romelic-ar-ikargeba

5. ელიავა ლიანა. შემოქმედებითი ენერგია, რომელიც არ იკარგება / ლიანა ელიავა:ესაუბრა თამარ ციბალაშვილი // ავერსი: შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი. თბილისი, 2019. N11(172). გვ.64-66


გააზიარე: