The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ ელიავა

იოსებ ელიავა
სხვა სახელი:იკა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1966  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

იოსებ (იკა) ელიავა ნიკო ელიავას და ელისაბედ ჭიჭინაძის მეორე ვაჟი იყო. დაიბადა  1900 წელს ქ. თბილისში. თავის უფროსი ძმის, ზურაბის, სრული ანტიპოდი გახლდათ - ცელქი, ძნელად აღსაზრდელი, გაუგონარი, ლამაზი, მოქეიფე, კარგად მღეროდა და ცეკვავდა, ენაკვიმატი.

როგრც ელიავების უფროსი ასულის, სუსანას, ქალიშვილი ლიზიკო გაბუნია იგონებს, „ბაბუას იკა გამორჩეულად ყვარებია. ყოველთვის მის მხარეზე იყო და იცავდა. ერთხელ, როცა შვილებთან შეხვედრის უფლება დართეს, ციხის უფროსს ნიკოსთვის უთქვამს: თუ გინდა ერთ-ერთი მათგანი დაიტოვე, ამაღამ შენთან გაატაროსო და მან იოსები (იკა) დაიტოვა“.

მე-11 არმია რომ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, იკა ელიავა პირველი წავიდა მოხალისედ, მერე ჯართან ერთად გაემგზავრა ემიგრაციაში. თავის ოჯახს და უფროს ძმას ბერლინში შეუერთდა. გერმანიაში დარჩენა არ ისურვა, პარიზში მოინდომა წასვლა სასწავლებლად. დედამისი, ლიზა, ყვებოდა, ტრამვაის გაჩერებამდე მივაცილეთ, გვეგონა, ერთ-ორ თვეში ვნახავდითო, მაგრამ განგებამ სხვანაირად ინება, მათ ერთმანეთი აღარასოდეს უნახავთ.

1924 წელს ნიკომ თავისი ოჯახი საქართველოში გამოაგზავნა. ორი წლის შემდეგ კი თვითონაც გამოეშურა სამშობლოსკენ. იკა საფრანგეთში დარჩა. იოსებ ელიავას უცხოეთში ბევრი სიძნელე შეხვდა, ხან ცეკვავდა და იმით ირჩენდა თავს, ხან ტაქსისტად მუშაობდა.

1930-იან წლებში, როდესაც დედა გარდაეცვალათ. მან უკანასკნელად გამოგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ დედას ხშირად ვაჯავრებდი ბავშვობაში და ღმერთმა დამსაჯა, რომ დღეს თქვენთან ერთად მის საფლავზე ფეხი ვერ დავდგიო. მას შემდეგ 1950-იან წლებამდე წერილი არ მოუწერია - ეშინოდა, არაფერი ვავნო ჩემს დებსო.

საქართველოს სიყვარული მასაც დიდი ჰქონდა - სულ ცდილობდა, როგორმე დაბრუნებულიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა.

„ერთხელ, 1930-იან წლებში, ბიძამისს, შალვას, მისწერა: "მე თვითმფრინავის მართვის სკოლა დავამთავრე (მაშინ ეს პროფესია ძალიან პრესტიჟული იყო), მაგრამ დიპლომი რომ მივიღო, პრაქტიკა უნდა გავიარო. თვითმფრინავზე რომ დამსვან, ფული უნდა შევიტანო. თუ საბჭოთა ხელისუფლება გადამიხდის ამ ფულს (მე ამის საშუალება არა მაქვს), ჩამოვალ და ვემსახურებიო. შალვა მივიდა ერთ-ერთ მაღალჩინოსათან (კ. ვოროშილოვი, სამხედრო მინისტრი), მაგრამ მან უთხრა, არ გირჩევ, ვინაიდან მალე "ჩისტკები“ იწყება და პირველს მაგაზე აიღებენ ეჭვსო“, - იგონებს ლიზიკო გაბუნია.

1937 წელს ნიკო ელიავა და მისი ვაჟი, ზურაბი, დახვრიტეს.

1950-იან წლებში იოსებმა კიდევ ერთხელ სცადა საქართველოში დაბრუნება. შემოთვალა, ჩამოსვლა მინდა, დიდი ხანია, სარესტორნო ბიზნესში ვმუშაობ და ნუთუ ჩემი გამოცდილება არავის გამოადგებაო.

მას ჰქონდა სახლი, მანქანა, ძალიან ლამაზი ფრანგი ქალი ჰყავდა ცოლად. მეორე ცოლი კორსიკული წარმოშობის პარიზელი მხატვარი გახლდათ, ისიც არ იყო წინააღმდეგი წამოსვლის. ვინც იმ დროის ამბები იცის, მიხვდება, რომ ამაზე დათანხმება სარისკო იყო. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, ჯერ სტუმრად დავპატიჟოთო, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და იკა ელიავა უცებ გარდაიცვალა, თავისი სამშობლოს უნახავად. დასაფლავებულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

გ. ჭიჭინაძემ, რომელმაც იოსები სიკვდილის წინ ნახა, მის ახლობლებს უამბო: იკას თავისი ბაღის ერთ კუთხეში ბევრი ჩიტი ჰყავდა გალიებში. რომ ვკითხე, რად გინდა ამდენი ჩიტი-მეთქი, აქ ვისვენებ და მათ ჭიკჭიკში ხანდახან ქართული ლაპარაკი მესმისო, - უთქვამს.

იოსების გარდაცვალების შემდეგ ელიავებმა პარიზიდან მისი ცოლის, მადლენის, წერილი მიიღეს. მეუღლეს საოცრად თბილად იხსენებდა; მის სიკეთეზე, გარეგნულ მომხიბვლელობაზე, ნიჭიერებაზე, იუმორზე ყვებოდა.

მიუხედავად დიდი სურვილისა. იმდროინდელი გართულებული სიტუაციის გამო, მისმა ნათესავებმა ლევილში წასვლა და იოსებ ელიავას საფლავის მონახულება ვერ შეძლეს.

წყარო:

https://archive.ge/ka/blog/101


გააზიარე: