The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან სეფაშვილი

ქეთევან სეფაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ქეთევან სეფაშვილმა მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა. ოთხწლინახევრის ასაკში მიიყვანეს ფორტეპიანოს პედაგოგ თამარ ფხაკაძესთან, რომელსაც უმადლის ყველა მის შემდგომ მუსიკალურ წარმატებას. თამარი იყო მისი მასწავლებელი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაშიც (ნიჭიერთა ათწლედი).

14-16 წლის ასაკში ქეთევანი ჯაზმა გაიტაცა, „ნიჭიერთა ათწლედის“ ბენდში უკრავდა და ჯაზის პიანისტობას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ კლასიკურ მუსიკას მაინც ვერ უღალატა.

საქართველოში ქეთევან სეფაშვილს დამთავრებული აქვს „ნიჭიერთა ათწლედი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც სვეტლანა კორსანტიას კლასში სწავლობდა.

2005-2007 წლებში პროფესორ ჰანს იურგ შტრუბის სტუდენტი იყო ციურიხის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში.

პიანისტს მიღებული აქვს: „საუკეთესო ქართველი შემსრულებლის“ ჯილდო თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე (2001); ჯილდო ბრამსის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის ტენეევის კამერული მუსიკის კონკურსზე (კალუგა, რუსეთი 2002); ვიანა და მოტას საფორტეპიანო კონკურსის ჯილდო (ლისაბონი, პორტუგალია 2004) და სხვა.

ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუსიკოსი მეუღლესთან ერთად, რომელიც ეროვნებით ავსტრიელია, საცხოვრებლად ვენაში გადავიდა. რთულია იმ ქვეყანაში კარიერის დაწყება, სადაც არ გისწავლია, მაგრამ ქეთევანს  გაუმართლა და ავსტრიულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ თბილად მიიღო.

ქეთევან სეფაშვილი, როგორც სოლისტი მონაწილეობდა კლავიერისიმოს ფესტივალში (შვეიცარია), ლისტის ფესტივალშო (ავსტრია), რუბენშტეინის საფორტეპიანო ფესტივალში (პოლონეთი), ასევე ავსტრიაში ჩატარებულ ფესტივალში - "Kammermusik maria saal". მუსიკოსი ხშირად მართავს კონცერტებს შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში..., განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს გამოსვლა ვენის მუსიკფერაინში.

პიანისტმა ავსტრიული კომპანიისთვის Gramola Records  ოთხი დისკი (2012, 2016, 2019, 2020) ჩაწერა.

გია ყანჩელის დისკი „სიჩუმის პოეზია“ მას ჩაწერილი აქვმადინა კარბელთან  და ფლეიტისტ თემო ხარშილაძესთან ერთად. 

2020 წლის 17 სექტემბერს ვენის მუსიკფერაინის ბრამსის დარბაზში ჩატარდა ქეთევან სეფაშვილისა და თემო ხარშილაძის სოლო კონცერტი.

2009 წელს ქეთევან სეფაშვილმა და მისმა მეუღლემ ჩამოაყალიბეს საქველმოქმედო ასოციაცია "musiaca.Sepashvili”, რომელიც ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედს ეხმარება და ყოველ წელიწადს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, ამა თუ იმ ფესტივალზე მართავს კონცერტებს ათლედის მოსწავლეების მონაწილეობით.  ამასთანავე, სასწავლებელს უგზავნის სხვადასხვა საჭირო აქსესუარს სიმებიანი თუ სხვა  ინსტრუმენტებისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში ასოციაციას მხარში უდგას გერმანული ფონდის "Martha Pulvermacher Stiftung"-ის პრეზიდენტი ქრისტინე ქლაუსსენი (Christine Claussen), რომელიც ყოველწლიურად არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ღონისძიების სულისჩამდგმელია. 2015 წელს ამ ფონდის დახმარებით ნიჭიერთა ათწლედს სამი ახალთახალი “Kawai”-ის ფირმის როიალი გადაეცა. ნიჭიერთა ათწლედის წარმატებული მოსწავლეებისთვის “musiaca.Sepashvili” კვლავ ხშირად მართავს  კონცერტებს, რომლის გამარჯვებულის გამოსვლა წინასწარ არის დაგეგმილი ვენის რომელიმე საკონცერტო დარბაზში.

წყარო: 

1. https://euroambebi.eu/492-2/

2. https://speech.ge/khelovneba/qethevan-sephashvili-musikosi-avstria/

3. https://sputnik-georgia.com/20160511/231609916.html

4. სეფაშვილი ქეთევან. ბედნიერი, როგორც არსად= Happier than anywhere else // სახე(ლ)ები=Faces & Names: პუბლიცისტური ენციკლოპედია. -თბილისი, 2015. ქართულ-გერმანული სახე(ლ)ები. - გვ. 582-583.

5. თბილელი მარი. ვენა, სამოთხე მუსიკის მოყვარულთათვის // ისინდი: ლიტერატურული ჟურნალი. - თბილისი. 2021.N14. - გვ. 39-41.

 

 

 

   
 
   

გააზიარე: