Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ოთარ სეფიაშვილი![]()
Biographyოთარ ისაკის ძე სეფიაშვილი დაიბადა 1930 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1953 წლიდან გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული რეცენზია, მიმოხილვა და ნარკვევი დოკუმენტური კინოს თეორიისა და კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციის პრობლემებზე. იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორის მოადგილე, 1969-1993 წლებში - საქართველოს ტელევიზიის კინოგადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი. ოთარ სეფიაშვილი არის რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: „დავით გამრეკელი“ (გ. კერესილაძე, 1973), „მიხეილ ჭიაურელი“ (რ. გამცემლიძე, 1974), „ივანე ჯავახიშვილი“ (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1975), „ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (გ. ჭუბაბრია, 1989). 1977 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1970-1990 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო პროგრამა „ილუზიონი“. "ილუზიონი" მაყურებელს მსოფლიო კინოკლასიკას სთავაზობდა. მართალია, ფილმები საბჭოთა ცენზურაგამოვლილი იყო, მაგრამ ისეთი რეჟისორების ნამუშევრები გახლდათ, რომელთა ხილვის საშუალება მაყურებელს მაშინ იშვიათად ჰქონდა. "ილუზიონი" პირველად ეთერში 1981 წლის 1-ელ იანვარს გავიდა. განსხვავებულ გადაცემას სკანდალები გამუდმებით თან სდევდა. როგორც ოთარ სეფიაშვილი იხსენებდა, გადაცემის დახურვა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმის გამო, რომ როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური ტელევიზია საპროტესტო წერილებმა ლამის წალეკა, „ილუზიონის“ დახურვაზე უარი თქვეს. 1990-იან წლებში იმის გამო, რომ ქვეყანაში ბევრი რამ აირია, გადაცემაც შეწყდა. ოთარ სეფიაშვილმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, ბევრი ებრაელის მსგავსად, დატოვა საქართველო და ისტორიულ სამშობლოს, ისრაელს დაუბრუნდა. 1997 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში. აშშ-ში ყველა ქართულ-ებრაული ორგანიზაციის, ლიტერატურული პროექტის ხელმძღვანელი იყო. მასთან არა მხოლოდ ებრაელები, არამედ სხვადასხვა ერის შვილები იკრიბებოდნენ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრებოდნენ, მისგან პროფესიონალურ პასუხს ელოდებოდნენ. ერთ დროს საქართველოში ყველაზე რეიტინგული გადაცემისა და 12 წიგნის ავტორმა ამერიკაში ქართულ და რუსულენოვან პრესასთან დაიწყო თანამშრომლობა, დაწერა ხუთასგვერდიანი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ჩემი ცხოვრების წიგნი“ და ასევე წიგნი მიუძღვნა ქართველ-ებრაელ მხატვარ შალომ კობოშვილს. ოთარ სეფიაშვილმა ამერიკაშიც გააგრძელა „ილუზიონი“. მან და ჟურნალ „მამულის“ რედაქტორმა მანუჩარ კაჭახიძემ გადაწყვიტეს ეს გადაცემა ახლებურად აღედგინათ და ტექსტი მიეწოდებინათ არა მაყურებლისთვის, არამედ მკითხველისთვის. ასე რომ, "ილუზიონის“ სიცოცხლე გახანგრძლივდა და "მამულის" ყველა ნომერში იბეჭდებოდა. 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოთარ სეფიაშვილი ამერიკაში ინახულა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ოთარ სეფიაშვილი გარდაიცვალა 2014 წლის 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში. მისი შვილი, ალექსანდრე სეფიაშვილი, პროფესიით ექიმია. მეუღლე ქართველი ჰყავს. მათი ვაჟი, ოთარიკო, ფიზიკო-მათემატიკოსია, ხოლო ქალიშვილი, თამუნა, ბაბუის კვალს გაჰყვა და ამერიკის ერთ-ერთ ინტელექტუალურ შოუში მუშაობს ჟურნალისტად. წყარო: 1. ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 161-162 2. https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_სეფიაშვილი 3. https://sputnik-georgia.com/20180606/otar-sefiashvili-240767358.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |