შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ირინა გაბიანი![]()
ბიოგრაფიავიზუალური არტისტი ირინა გაბიანი დაიბადა 1971 წელს საქართველოში, თბილისში. ბავშვობაში სამხატვრო სკოლაში დადიოდა (1986-1990), შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა (1990-1994) და სწავლა განაგრძო ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში (1994-1997). ირინა გაბიანი არის მხატვარ-კონცეპტუალისტი, რომლის ინტერესის სფეროა გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალაცია, ვიდეო არტი და პერფორმანსი. არტისტი ინტენსიურად მართავს გამოფენებს, ჩართულია საერთაშორისო ვიდეო არტფესტივალებში, არტფორუმებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული: ვენეციის 54-ე საერთაშორისო ბიენალეზე Arsenale-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში (2011); ტორინოს ფესტივალში Video Dia Loghi; ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალში; ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალში Toronto Urban Film Festival (2013); კიოლნის ვიდეო ფესტივალში Cologne OFF; პეკინის Contemporary Art Fair-ზე; რომის არტფესტივალში Sguardi Sonori (2012), ასევე, საქართველოში Fest i nova-ში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე - “არტისტერიუმი“. 2012 წელს მხატვარი მიწვეული იყო ლუქსემბურგის "Design in the city" ბიენალეზე. 2015 წელს მისი ვიდეონამუშევარი “Part of the whole” იაპონიაში საერთაშორისო პროექტ „Time is Love“-ის ფარგლებში საგამოფენო სივრცე Design Lab Yokohama-ში იყო ნაჩვენები. გამოფენების გარდა ირინა გაბიანს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი: 2011 წელს Cologne OFF-ზე დაასახელეს თვის საუკეთესო არტისტად და ჰქონდა პერსონალური გამოფენა რიგაში Noass Art Centre-ში, ასევე, ბეირუთში პერსონალური ჩვენება Shams - The Sunflower Theater-ში; 2011წელს კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში მისმა ვიდეო ნამუშევარმა Letters from the sky ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი მოიპოვა; 2008 წელს ტრევიზოში Arte Laguna-ს III საერთაშორისო კონკურზე ინსტალაციისთვის „A rose doesn't come without thorns“ დაასახელეს საუკეთესო უცხოელ არტისტად და ასევე გადასცეს მაყურებლის სპეციალური პრიზი, როგორც მათი რჩეული არტისტი; 2008 წელს ნოვარაში ვიდეო პერფორმანსისთვის „The Slaves of the Sistem“ ვიდეოარტის VIII საერთაშორისო კონკურსის პრიზი მოიპოვა. 2012 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ირინა გაბიანის ვიდეოარტი სახელწოდებით "შეუცნობელი სამყარო". გამოფენაზე წარმოდგენილი 17 ვიდეო ნამუშევრისა და ფოტო დოკუმენტაციების მეშვეობით, მხატვარი ცდილობს, სამყარო უჩვეულო რაკურსით დაგვანახოს და ამით ხაზი გაუსვას თავისი ნამუშევრების ძირითად კონცეფციას - სამყაროს მრავალფეროვნებასა და კომპლექსურობას. ვიდეონამუშევრებში გამოყენებული აქვს ჯალალ-ედ-დინ რუმისა და ლაო-ძის ტექსტები. 2016 წელს ამავე მუზეუმში გაიმართა მხატვრის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - „გახსნილი სამყარო”. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მან სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. სამყარო თავისი ჰოლისტიკური არსით არის მხატვრის კვლევის ფოკუსი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველანი ვეკუთვნით უნიკალურ სისტემას, ერთგვარ რთულ, ურთიერთდაკავშირებულ ჯაჭვად წარმოსახულ „დიდ ორგანიზმს“. მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით. არტისტის აზრით, კაცობრიობა ამ უნიკალური სისტემის ნაწილია. ირინა გაბიანი ცდილობს თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. მისი ბოლო ნამუშევრები კი შექმნილია ადამიანურ სილამაზეზე და სიამოვნებაზე. 1998 წლიდან ირინა გაბიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში, მეუღლესთან, იურისტ ივან ადორნოსთან ერთად. ჰყავთ ქალიშვილი, ნიკოლი. წყარო: https://speech.ge/khelovneba/irina-gabiani-vizualuri-artisti-luqsemburgi/ https://www.nosbaumreding.com/en/artists/biography/13399/irina-gabiani-bio https://www.interpressnews.ge/ka/article/388454-19-ivliss-irina-gabianis-namushevrebis-personaluri-gamopena-gaimarteba/ გაბიანი, ირინა. ცხოვრება სცენაა და რატომ უნდა აირჩიო მონის როლი?! : ინტერვიუ / ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - თბილისი, 2011. - 30 სექტემბერი. - N220. - გვ.12-13. - Weekend. 2011 წ. N27(68)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |