The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

მოქანდაკე ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს, თბილისში. მამა - ინჟინერ-მშენებელი კონსტანტინე გიორგის ძე წერეთელი (1903-2001), დედა - თამარ სიმონის ასული ნიჟარაძე (1910-1991).

ბავშვობაში ზურაბზე  განსაკუთრებული გავლენა მისმა ბიძამ, მხატვარმა გიორგი ნიჟარაძემ მოახდინა, რომლის სახლში იკრიბებოდნენ ცნობილი მხატვრები დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე და სხვები. რა გასაკვირია, რომ ასეთმა გარემოცვამ ყმაწვილს ხელოვნების სიყვარული ჩაუნერგა.

ზურაბ წერეთელმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც უ. ჯაფარიძე, ა. ქუთათელაძე, ი. ა. შარლემანი და ვ. ი. შუხაევი ასწავლიდნენ. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო „სპრტსმენის პორტრეტი“.

ზურაბ წერეთელს მხოლოდ ხატვა არ აინტერესებდა. თანაბარი ძალით იზიდავდა - პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და ქანდაკებები. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო. 

1960-იან წლებში საფრანგეთში სწავლობდა. აქ მან პაბლო პიკასო და მარკ შაგალი გაიცნო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ზურაბ წერეთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა მონუმენტურ ხელოვნებას გაჰყოლოდა.მუშაობა აკადემიის დამთავრებისთანავე დაიწყო:

1959-1966 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარ-არქიტექტორი;

1965 წლიდან - საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდის მთავარი მხატვარი;

1979 წ. - საქართველოს სახალხო მხატვარი;

1980 წ. - სსრკ-ის სახალხო მხატვარი;

1981 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი;

1983 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის გამგე;

1987 წლიდან - საქართველოში მის მიერვე დაარსებული დიზაინერთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი;

1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 

1989 წ. - რუსეთის სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი;

1994 წ. - რსფსრ სახალხო მხატვარი;

1992-1997 წწ. - რუსეთის შემოქმედებითი აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;

1997 წლიდან - პრეზიდენტი; 

1998 წ. - რუსეთის ინფორმატიკის აკადემია, ნამდვილი წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;

1997 წ. - მსოფლიო ელიტის აკადემია, აკადემიკოსი;

1997 წელს გახდა ნიუ-იორკის შტატის - ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო პროფესორი; 

1998 წ. - სან-ფერდინანდის (მადრიდი) ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი;

1999 წლიდან - მისი ინიციატივით დაარსებული, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი;

2000 წ.  - მისივე სახელობის თანამედროვე ხელოვნების გალერეის დირექტორი, თბილისში.

ასევე, არის საფრანგეთის (უკვდავთა აკადემია) ნატიფი ხელოვნების წევრ-კორესპონდენტი, ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მოქმედი წევრი (ავსტრია), იუნესკოს კეთილი ნების ელჩი და მრავალი სხვა.

ზურაბ წერეთლის მეცნიერული ინტერესების სფეროა: დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ყველა ჟანრი. ავტორია 300-ზე მეტი ფერწერული ნამუშევრისა და მონუმენტური ქანდაკებებისა, რომლებიც დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საქართველო, რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი), მათ შორის: პრომეთე (აშშ, 1979), "ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს" (აშშ, 1979), "ადამიანი და მზე" (თბილისი, 1981), "უნდობლობის კედლის დანგრევა" (ინგლისი, 1989), "ბოროტსა სძლია კეთილმან" (აშშ, 1990), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი იალტაში (იალტა, 2015), „ახალი მსოფლიოს დაბადება“ (კოლუმბის ძეგლი პუერტო-რიკოში, 2016), პეტრე პირველისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში, იოანე პავლე მეორის ძეგლი საფრანგეთში, „სამი მუშკეტერის“ სკულპტურა გასკონიაში და სხვა;

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ ( 1984-1994) და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“ (2007), რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა  ქალაქს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, მოქანდაკემ ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა - „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა. ის, აგრეთვე, არის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კავალერი და იუნესკოს კეთილი ნების ელჩი (1996);

ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი და სხვ.;

მიღებული აქვს: 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება); ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული "შრომებისა"(5 ტომად) და "ეთნოგრაფიული ალბომისათვის";

1996 - რსფსრ სახელმწიფო პრემია; საფრანგეთის "ვერბეერის", გაბრიელ მისტრალის (ჩილე),ხელოვნებისა და ლიტერატურის პრემია, იუნესკოს ოქროს ორდენი (აშშ), პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996), სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი)და მრავალი სხვა;

2002 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

ზურაბ წერეთლის მეუღლე იყო ინესა (ინა) ალექსანდრეს ასული ანდრონიკაშვილი  (1937-1999). მათი ქალიშვილია ელენე (ლიკა) წერეთელი  (4.09.1959), რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_წერეთელი 

2. https://intermedia.ge/სტატია/106636-ზურაბ-წერეთელი-10-საუკეთესო-მონუმენტი/83/
კოლოდნი, .
 გული პალიტრაზე : მხატვარი ზურაბ წერეთელი : ქრონიკა გმირის გამონათქვამებით / ლევ კოლოდნი ; თარგმნეს მაია ნიკოლაძემ და ნოდარ ზედელაშვილმა. - თბილისი, 2014

3. ასიტაშვილი მურმან. ზურაბ წერეთელი - დიდი მხატვარი და პიროვნება. - თბილისი, 2019.


გააზიარე: