The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ თაქთაქიშვილი

მიხეილ თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1872
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 1954  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1872 წლის 10 (22) ივლისს, სოფელ ქვემო ხვითში (ახლანდ. გორის მუნიციპალი­ტე­ტი).

1889 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა I კლასიკური გიმნაზია და შევიდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაასრულა 1895 წელს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, მოზრდილთა საკვირაო სკოლაში.

1896 წლიდან დაინიშნა მასწავლებლად ელიზავეტპოლის (განჯა) ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას.

1902 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 2004 წლიდან - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების დამხმარე წევრი.

აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველთა შორის მიხეილ თაქთაქიშვილს გამორჩეული ადგილი უკავია. მისი აქტიური მონაწილეობით ბაქოში დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფილიალი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა (1909-1911).

გიმნაზიაში პედაგოგობის პარალელურად იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი.

საკმაო ღვაწლი მიუძღვის ბაქოს ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც. იგი სათავეში ედგა და თავმჯდომარეობდა ბაქოს დრამატული წრის გამგეობას. ეს წრე "სომეხ–კაცთმოყვარე საზოგადოების სათეატრო შენობაში" ხშირად მართავდა ქართულ წარმოდგენებსაც.

1903 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის პედაგოგად მიიწვიეს.

1905 წელს ბაქოს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი სასწავლებლის ინსპექტორად აირჩია, ხოლო ერთი წლის შემდეგ - დირექტორად.

მიხეილ თაქთაქიშვილი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბაქოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, მისი უშუალო მონაწილეობით ბაქოში აშენდა სპეციალური შენობა კომერციული სასწავლებლისათვის (დღევანდელი ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი).

ბაქოს საზოგადოებამ ღირსეულად დააფასა მისი, როგორც პედაგოგის, სასწავლებლის დირექტორისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლი. 1916 წლის 13 სექტემბერს, სკოლაში გამართულ გამოსამშვიდობელ საღამოზე, პატივისცემისა და დიდი სიყვარულის გამოსახატავად, დააწესეს მისი სახელობის სტიპენდია.

"წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს გამგეობამ კი იგი საპატიო წევრად აირჩია.

1916 წელს მიხეილ თქთაქიშვილი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს.

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაინიშნა განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს.

1925 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სახელმწიფო საბუღალტრო კურსებს და ამავე დროს მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ.

მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო–სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები.

1928-1929 წწ. გაიგზავნა ყვარელსა და ბორჯომში, სადაც დააარსა სატყეო ტექნიკუმები. 1930-1933 წწ. მუშაობდა მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც დოცენტი და კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში.

1930–1953 წწ. განაგებდა ფიზიკისა და მათემატიკის კათედრას სა­ქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში. ლექციებს კითხულობდა სასოფლო-სამეურნეო და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტებში.

მიხეილ თაქთაქიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც, წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს, თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებთან. მისი წერილები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცელში”, „სახალხო გაზეთში”, „თეატრი და ცხოვრებაში” და სხვ.

მის კალამს ეკუთვნის ორი სახელმძღვანელო: „უმაღლესი მათემატიკის შესავალი" (1934) და „უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი" (1933).

1944 წელს მიხეილ თაქთაქიშვილს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და დაენიშნა პერსონალური პენსია.

გარდაიცვალა 1954 წლის 28 სექტემბერს.

წყარო:

1. განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები:nateba.websail.net 

2. https://georgianencyclopedia.ge/form/28569


გააზიარე: