The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთუნა ყრუაშვილი

ქეთუნა ყრუაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

ქეთუნა ყრუაშვილი არქიტექტორების ოჯახში გაიზარდა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისის მომავალი პროფესია. დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბაბუა ‒ ყველანი არქიტექტორები არიან. დედა და ბებია მისი პედაგოგები იყვნენ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში.

აკადემიის დამთავრების  შემდეგ ქეთუნამ ერთი წელი სტაჟიორად იმუშავა, მერე კი მუშაობა მამის, მიკა ყრუაშვილის კომპანიაში გააგრძელა.

შეიძლება ითქვას, რომ ქეთუნა ყრუაშვილის პირველი პროფესიული გამოცდილება მამასთან ერთად პროექტებზე მუშაობა იყო. შემდეგ ცხოვრების 8 წელი პორტუგალიაში გაატარა. ამბობს, რომ ევროპამ სრულიად სხვა კუთხით აღმოაჩენინა არქიტექტურა და საკუთარი შესაძლებლობებიც.

ქეთუნამ მამასთან მუშაობა 2005 წელს დაიწყო, 2010 წელს კი მათ შემოუერთდა პორტუგალიელი პარტნიორი - სეზარ რიბეირო (ქეთუნას მეუღლე). „ნოა სტუდიო“ ამ სახელით სწორედ ამ დროიდან არსებობს.

არქიტექტურული სტუდია - NOAstudios - საქართველოსა და პორტუგალიაში ფუნქციონირებს. ეს არის მულტიდისციპლინური  კომპანია, რომელიც არქიტექტურულ, ურბანულ და დიზაინერულ პროექტებს ახორციელებს.

ქეთუნა ყრუაშვილისთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი ჯანსაღი სივრცის შექმნაა. ეს ვრცელდება საცხოვრებელ სახლებზეც, მათი ინტერიერის დიზაინზეც და არქიტეტურულ პროექტებზეც, რომლებმაც ქალაქის იერსახე უნდა შექმნას.

„ნოა სტუდიო“-ში ბევრი საინტერესო, განსხვავებული დატვირთვის პროექტი აქვთ: სასტუმროები, სახლები, რესტორნები, ბინის ინტერიერები და სხვა. სტუდია ასრულებს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო პროექტებს - როგორიცაა: ახალი მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია, სივრცის დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინი. საერთაშორისო პროექტები, ძირითადად, პორტუგალიაშია.

2021 წელს ქეთუნა ყრუაშვილი მიიწვიეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი არქიტექტურისა და დიზაინის გამოცემის Dezeen-ის დაჯილდოების ჟიურის წევრად. ეს შეთავაზება მან თავად ჟურნალის დამფუძნებლის, მარკუს ფეარსისგან მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე ავლენენ წლის საუკეთესო არქიტექტურულ-დიზაინერულ პროექტს, გამორჩეულ სტუდიებსა და ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანებს.

ამავე წელს ქეთუნა კიდევ ერთმა არქიტექტურულმა კონკურსმა -  Rethinking the Future Awards - მიიწვია ჟიურის წევრად.

2021 წელი კიდევ ერთი გამარჯვებით აღინიშნა, NOA Studio-ს კერძო სახლის პროექტი მოხვდა მის ვან დერ როეს ჯილდოს ნომინანტთა შორის. სახლი მდებარეობს წყნეთში. ამ პროექტის მთავარი გამოწვევა იყო კერძო სახლის შექმნა ქანობიან რელიეფზე, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ არეალში. არქიტექტორების მიზანი იყო, სახლი იზოლირებული ყოფილიყო მეზობლებისგან, მაგრამ, ამავდროულად, ხედი გაშლილიყო კავკასიონის მთებისკენ, რაც წარმატებით გადაიჭრა.    

ლუდვიგ მის ვან დერ როე  მე-20  საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი იყო და მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებლადაც ითვლება. მისი სახელობის ფონდი ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ საუკეთესო თანამედროვე ევროპული არქიტექტურული პროექტისთვის სპეციალურ პრემიას გასცემს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

ჯილდოზე წარდგენა არა მარტო დიდი მიღწევაა, არამედ მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ნომინანტები და წარდგენილი პროექტები საერთაშორისო არქიტექტურულ ჟურნალებში და ონლაინ პლატფორმებზე ქვეყნდება.

წყარო:

1. https://www.forbeswoman.ge/post/kruashvili 

2. ყრუაშვილი ქეთუნა. მეოცნებე ბავშვიდან წარმატებულ არქიტექტორქმდე: ინტერვიუ / ესაუბრა მარიამ გაბედავა // OK! საქართველო. თბილისი, 2018. მარტი.N44. გვ.44-46.

3. https://www.marketer.ge/ketuna-kruashvili-dezeen-awards-2021-zhiuris-wevri/

4. https://bm.ge/news/chemi-ocnebis-proeqti-iqneboda-tanamedrove-xelovnebis-muzeumi---qetuna-yruashvili-qalebis-narativshi/23367

 


გააზიარე: