The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიგა აგლაძე

გიგა აგლაძე
სხვა სახელი:გიორგი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

გიგა (გიორგი) აგლაძე დაიბადა 1974 წლის 12 ოქტომბერს, თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფი­ნან­სე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის გან­ხრით. თუმცა მალე მიხვდა, რომ სულ სხვა ინტერესები ჰქონდა.

გიგას პირველი გატაცება მუსიკა იყო. მან 2000 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი Wind, რომლის სოლისტიც გახდა და სახელი გაითქვა საავტორო მუსიკით. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სიმღერამ „ლამაზი დღე“, რომელიც 2001 წლის საუკეთესო სიმღერა გახდა (ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი გ. აგლაძე). ამჟამად ჯგუფი მოღვაწეობს „Killer Band“ სახელით.

2005 წელს მუსიკოსმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე რეჟისურის ფაკულტეტი (რეზო ჩხეიძის და დავით ნაცვლიშვილის სახელოსნო).

გიგა აგლაძეს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც სარეკლამო, ასევე, მუსიკალური კლიპების შექმნაში. მან თავისი კარიერის განმავლობაში თითქმის 100 ვიდეოზე იმუშავა. ის არის კინოკომპანია Grusin Production და AG Production-ის დამფუძნებელი. ასევე, ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების გამოცდილება.

2017 წელს გახდა ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის, ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus-ი (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ჰოლივუდის ერთობლივი კინემატოგრაფიული პროექტების განხორციელებას.

გიგა აგლაძის ფილმოგრაფიაში შედის რამდენიმე ცნობილი დოკუმენტური ფილმი: "რკინის ფარდა" (2013); "ალანი" (2016), ლეგენდარული ალან რიკმანის შესახებ; "ჰენესი, რვა თაობა" (2016); "ჰენრი" (2016).  

2013 წელს დათო ტურაშვილთან ერთად გადაიღო სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი -„ფრანგულ-ქართული ამბები“, პარიზში მცხოვრები ცნობილი ქართველი ხელოვანი ემიგრანტების შესახებ: გუჯი ამაშუკელი, ქეთევან დავრიშაშვილი, თემურ ბაბლუანი.

2017 წ. - 4 დღე სიყვარულისთვის, დოკუმენტური ფილმი დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტის შესახებ.

2020 წ. - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მაისის 47-ე დღე“ (სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი).

2022 წ. -  სრულმეტრაჟიანი საავტორო მხატვრული ფილმი "სხვა მე", რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ლინჩია, მთავარ როლებს კი ასრულებენ ჯიმ სტარჯესი და ანდრეა პეჟიკი. ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლა დაგვიანდა პანდემიის გამო. პრემიერა შედგა 2022 წელს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, საქართველოში.

2023 წლის შემოდგომაზე რეჟისორი გიგა აგლაძე დაინიშნა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“და ჩრდილოეთ ამერიკაში.

„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. ასევე, ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.

გიგა აგლაძის მეუღლეა თეა აგლაძე. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.

წყარო:

1. https://gigaagladze.com/

2. https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_აგლაძე 

3. https://www.radiotavisupleba.ge/a/32653161.html

4. http://geocinema.ge//ka/persons/5563

 


გააზიარე: