The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იაკობ მანსვეტაშვილი

იაკობ მანსვეტაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1855
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1944  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, მწერალი

ბიოგრაფია

იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი დაიბადა 1855 წლის 29 ივნისს, თბილისის მაზრის სოფელ ნორიოში. მამა მღვდელი ჰყავდა, დედა - მღვდლის შვილი, გვარად ძიძიკაშვილი. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი დადიოდა სოფლის სკოლაში, რომელიც მღვდელ მამას საკუთარ ხარჯზე ჰქონდა გახსნილი და უსასყიდლოდ, თავად ასწავლიდა ბავშვებს წერა-კითხვას.

1863 წელს მშობლებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გ. იოსელიანი და სხვა. სემინარიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა და სწავლა იქაური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი ლექტორები იყვნენ: მენდელეევი, ბუტლეროვი, ვაგნერი, სეჩენოვი...

ახალგაზრდობაში იაკობ მანსვეტაშვილი გატაცებული იყო რუსი დემოკრატი მწერლებისა და ევროპელი უტოპისტების იდეებით. პეტერბურგში მყოფ ქართველებს საკუთარი წრე ჰქონდათ. იკრიბებოდნენ ვასო მაჩაბლის ბინაში. უმთავრესი, რის შესახებაც ისინი ამ თავყრილობებზე საუბრობდნენ და კამათობდნენ, სამშობლოს მომავალი ბედი იყო. მათ საღამოებს ხშირად ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე.

1885 წელს იაკობი სამშობლოში დაბრუნდა და  აქტიურად ჩაება სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1886–1890 წლებში იყო ი.ჭავჭავაძის "ივერიის" მუდმივი თანამშრომელი. გაზეთში გამოქვეყნებული მისი „საერთაშორისო მიმოხილვები“ ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებდა და ხელს უწყობდა მკითხველთა აზროვნების დემოკრატიული ხაზით წარმართვას.

იაკობ მანსვეტაშვილმა შესამჩნევი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. იგი სხვადასხვა ფსევდონიმით (დონ იაგო, ალექსნდრიძე, მარელი ნორიელი, შერმადინი) წერდა ფელეტონებს, რეცენზიებს, კრიტიკულ წერილებს, პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს.“ივერიის“ გარდა იბეჭდებოდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც, განსაკუთრებით, საყმაწვილო ჟურნალ "ჯეჯილსა" და ყოველთვიურ  "მოამბეში". მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ვაჟა-ფშაველასთან და სხვა.

1887 წლიდან იაკობი გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.  ერთხანს საზოგადოების გამგეობის საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაც ეკავა და სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში წიგნის პირველი მაღაზია.

აღსანიშნავია მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საგამომცემლო საქმიანობას. ქართული წიგნების გამავრცელებელ საზოგადოებას მან საკუთარი სტამბა დაუთმო. თავისი ხარჯით გამოსცა აკაკის თხზულებათა ორტომეული და ზაქარია ჭიჭინაძის წიგნები, რომლებიც აჭარაში უფასოდ ვრცელდებოდა. 1893 წელს თანხა გაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსასვენებლად.

1899 წელს იაკობ მანსვეტაშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის საადგილმამულო ბანკში, ხოლო ცოტა მოგვიანებით, ის ბაქოში გადავიდა და იმავე ბანკის იქაურ ფილიალს ჩაუდგა სათავეში. 

ბაქოში საცხოვრებლად იაკობმა შეიძინა მამული, რომელშიც ნავთობის საბადო აღმოჩნდა. მალე იგი  დიდი ნავთობმწარმოებელი გახდა და გამდიდრდა, რაც მას დაეხმარა მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გაძლიერება-გაღრმავებაში.

1909 წელს დააფუძნა წერა-კითხვის საზოგადოების ბაქოს განყოფილება. 1912 წლიდან  გახდა მისი საპატიო წევრი. 

1912 წელს საკუთარი ხარჯით ააშენა სახლი, რომელშიც მოეწყო სკოლა და ქართული თეატრი. ეს სახლი იქცა ბაქოში მცხოვრებ ქართველთა სავანედ. 

ბაქოში მოღვაწეობისას არაერთ ქართულ საქმეს შესწევია. დახმარებას უწევდა გამოჩენილ ქართველ კომპიზიტორსა და საზოგადო მოღვაწე  კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც ყოველთვიური სტიპენდია (25 მანეთი) დაუნიშნა თავისი პირადი ანგარიშიდან. ამის გარდა,მისი თხოვნით, ბაქოს ნავთობმრეწველთა გამგეობისგან კონსტანტინეს გადაეცა დახმარება 2000 მანეთის ოდენობით. მეგობრობდა და მფარველობდა ვანო სარაჯიშვილსაც, რომელიც ბაქოში გაუცვნია.

მას მერე, რაც იაკობმა დიდი კაპიტალი შეიძინა, ლიტერატურული მოღვაწეობისთვის იმდენი დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ კალამს თავს არ ანებებდა.

იაკობ მანსვეტაშვილის მეუღლე იყო ნინო გვარამაძე. იგი სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, იაკობს უკვე ჭაღარა გამორეოდა, ნინო კი მასზე, ასე, 20 წლით უმცროსი იყო, მაგრამ მისი დინჯი ხასიათის წყალობით, ეს არ იგრძნობოდა.

იაკობი მეუღლის გარეშე არასოდეს მიდიოდა საქმიან მოგზაურობაში. ეს კი არც ისე იშვიათად ხდებოდა. წელიწადში რამდენიმეჯერ ხან გერმანიაში იყვნენ, ხან საფრანგეთში, ხან კი პეტერბურგში. მათი ვაჟი, ბორისი, პეტერბურგში დაიბადა. გადიად იქაური ქალი აუყვანეს, გვარად ვადიმოვა. არჩევანში გაუმართლათ. ქალიშვილი ბიჭუნას საკუთარივით უვლიდა, უფრთხილდებოდა და ცივ ნიავს არ აკარებდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ქვეყანა აირია, ოთხივენი საცხოვრებლად გადავიდნენ საფრანგეთში, ქალქ ნიცაში. მათი სახლი, აქაც სტუმართმოყვარე თავშესაფარი გახდა ქართველი სტუდენტებისთვის, ხელოვანი ხალხისთვის და საზოგადო მოღვაწეთათვის. ქართველების სტუმრობა ყველაზე მეტად პატარა ბორისს უხაროდა. ნიჭიერ ბიჭუნას მამის ბევრი თვისება დაჰყვა, მის მსგავსად აკურატურული და მოწესრიგებული იყო, ენებს გასაოცარი სისწრაფით სწავლობდა. ლაპარაკობდა ქართულად, რუსულად და ფრანგულად. მშობლები ხშირად უკითხავდნენ ქართულ ლექსებს, ზღაპრებსა და მოთხრობებს.

1917 წლის შემოდგომაზე ცოლ-ქმარი საქმიან შეხვედრაზე გაემგზავრა პეტერბურგში. გული დამშვიდებული ჰქონდათ, რადგან შვილი შინ, მზიან, მყუდრო ნიცაში ეგულებოდათ. მოგზაურობის გადადება არ შეიძლებოდა, რადგან უამრავი საბუთი ჰქონდათ მოსაწესრიგებელი. იაკობი იმ დროისთვის მდიდარი მენავთობე იყო, უძრავ ქონებას ფლობდა აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთსა და ევროპაში. ყველაფერს პატრონობა სჭირდებოდა.

პეტროგრადში ჩასულ მანსვეტაშვილებს რიგი საკითხების მოგვარება გაუჭირდათ, მერე, როცა მიხვდნენ, საქმეებს ვეღარ მოერეოდნენ, უკვე გვიან იყო, ქალაქიდან გასასვლელი გზები გადაიკეტა და ქვეყნის დატოვების ყველა ცდაზე ხელი მოეცარათ.

თავიდან ყველგან და ყველასთან შვილზე საუბრობდნენ, რუსეთში რჩებოდნენ, რადგან საფრანგეთში გამგზავრება აქედან უფრო შესაძლებლად ეჩვენებოდათ. პირველი რამდენიმე თვე ინტენსიურად წერდნენ გადიას, მოახერხეს, რომ მინდობილობით ქალს შესაძლებლობა ჰქონოდა მათი კაპიტალი საჭიროებისამებრ მოეხმარა. ამით ცოტა დამშვიდნენ, რადგან ის მაინც იცოდნენ, რომ ბორისს არაფერი აკლდა.

მალე ქაოსი ახალმა წესრიგმა შეცვალა. საკუთარ სიმდიდრეზე და ევროპულ ბანკებში გადანახულ ფულზე ხმამაღლა საუბარი საშიში გახდა. გადიამ, უსაფრთხოებისთვის, მათთან შეთანხმებით ბორისი საკუთარ გვარზე გადაიყვანა.

ყოფილი ნავთობმრეწველის ევროპელი მემკვიდრის შესახებ საბჭოთა კავშირში არავის უნდა სცოდნოდა. ბიჭი მშობლებს წერილებს და ფოტოებს უგზავნიდა, ჩამოსვლასაც ჰპირდებოდა, მაგრამ მათ იცოდნენ, ევროპიდან დაბრუნებულ შვილებს აქ რა ბედი ელოდათ და ამიტომ ბარათებზე პასუხს აღარ სცემდნენ. ყმაწვილი მშობლებზე განაწყენდა, რადგან მათი საქციელის ახსნა არ შეეძლო და თავს მიტოვებულად გრძნობდა.

როცა საფრანგეთში დაბრუნების იმედი დაკარგეს, ნინო და იაკობი საქართველოში დაბრუნდნენ. 1928 წელი იდგა. ნიციდან წამოსვლის შემდეგ, უკვე, 11 წელი იყო გასული.

თბილისში ნინოს დასთან, თამართან და მის მეუღლესთან, იოსებ ქარუმიძესთან ერთ ჭერქვეშ დასახლდნენ. ნინომ ისევ მასწავლებლობა დაიწყო. იაკობს მწერალთა კავშირში გამოუჩნდა მისია. მისი კარგი ლიტერატურული გემოვნების წყალობით, მწერლები ახალ რამეს დაწერდნენ თუ არა, აზრის საკითხავად მასთან მიარბენინებდნენ. მასაც ძალიან უხაროდა, როცა ვინმე რამე ხეირიანს მოუტანდა. განსაკუთრებით გოგლა ლეონიძე მოსწონდა და დაუმეგობრდა კიდეც.

მანსვეტაშვილების ბინას კვლავ არ აკლდა სტუმარი, სვამდნენ ჩაის და საუბრობდნენ ხელოვნებაზე. ასე გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა ყველანი ნავთის ლამპის გარშემო სხდებოდნენ და წარსულს იხსენებდნენ. 

1936 წელს გამოიცა იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი", რომელშიც ასახულია XIX საუკუნის 1970–1990-იანი წლების მნიშვნელოვანი ისტორიულ–სოციალური და კულტურულ–ლიტერატურული მოვლენები. რა თქმა უნდა, ავტორს არაფერი უთქვამს პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც სადღაც შორს, საფრანგეთში დარჩა.

მშობლებმა შვილთან კავშირი სამუდამოდ დაკარგეს. მათ არ იცოდნენ, რომ უდედმამოდ გაზრდილი ბორის ვადიმოვი ქალაქ ნიცის ბანკის მმართველი გახდა და, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრაციაში წავიდა.

იაკობ მანსვეტაშვილი 1944 წლის 22 მაისს, თბილისში გარდაიცვალა. მის გასაცილებლად დიდძალი ხალხი შეგროვდა. დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე გოგლა ლეონიძე იყო. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. სამწუხაროდ მისი საფლავი დაკარგულია.

ნინო გვარამაძე 96 წლისა გარდაიცვალა - ისე,რომ შვილამდე ხმის მიწვდენა ვერ შეძლო.

2016 წლის 1 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ჩავიდა იაკობ მანსვეტაშვილის შვილთაშვილი - ნიკოლა ვადიმოვი (Nicolas Wadimoff), რომელიც დაბადებულია ქ. ჟენევაში, 1964 წელს. იგი არის ტელე-კინო რეჟისორი და პროდიუსერი, ასევე  AKKA FILMS-ის  დამაარსებელი.

იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

არქივი შევიდა 1974 წლის 22 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 417).  

ნინო გვარამაძის დის, თამარის შთამომავალმა, დავით ცერცვაძემ საკუთარი ხარჯით, ხელმეორედ გამოსცა იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებანი და იკისრა ოჯახში დაცული წერილებისა და ხელნაწერების კვლევა-მოწესრიგება. მანვე, 2016 წელს დააფუძნა „იაკობ მანსვეტაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/იაკობ მანსვეტაშვილი

2. ჩილაჩავა, ეკა. იაკობ მანსვეტაშვილის ცხოვრება და შემოქმედება : მონოგრაფია . - თბ., 2012.

გვიმრაძე, მიხა. დაკარგული იმედის თავშესაფარი : [იაკობ მანსვეტაშვილის ოჯახის ისტორია]// ეპიზოდი. - თბილისი, 2012. - აპრილი. - გვ.124-136.


გააზიარე: