The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1948  (76 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი, სცენერისტი და მსახიობი ნანა გივის ასული ჯორჯაძე დაიბადა 1948 წლის 24 აგვისტოს, თბილისში. მისმა მშობლებმა ერთმანეთი გერმანულ სკოლაში გაიცნეს. ორივე რეპრესირებული ოჯახიდან იყო. ნანას ბებია მამის მხრიდან, სიუზან დე ლა ტიე, ფრანგი იყო და ემიგრაციაში იმყოფებოდა. დედის მამას, მიხეილ ნივიროვსკის, პოლონელ-გერმანული წარმოშობა ჰქონდა. ის 1937 წელს დააპატიმრეს.

გივი ჯორჯაძემ ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მეუღლე კი პედაგოგი გახდა. ოჯახში სამ ენაზე საუბრობდნენ - ქართულად, გერმანულად და რუსულად. მატერიალური ფასეულობები არ აინტერესებდათ. მთავარი გახლდათ განათლება და განვითარება. განსაკუთრებით მუსიკა უყვარდათ. ბებიას, ნინო აზმაიფარაშვილს, ნანა და მისი ძმა, თემური, ყოველ შაბათ-კვირას ოპერაში დაჰყავდა. არც მოგზაურობას იკლებდნენ. საზღვარგარეთ ვერ გადიოდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოვლილი ჰქონდათ ყველა რესპუბლიკა თავისი მუზეუმებითა და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით. 

ნანა ჯორჯაძემ 1966 წელს დაამთავრა თბილისის 30-ე საშუალო სკოლა და, პარალელურად, მუსიკალური სასწავლებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად შატალოზე იყო და მორიგ ფილმს უყურებდა, ის ყოველთვის კარგად სწავლობდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ორივე უმაღლესი კი წითელ დიპლომზე.

კინორეჟისორობა სკოლის პერიოდიდან უნდოდა, მაგრამ მაშინ თბილისში კინოსკოლა არ არსებობდა, მოსკოვში კი ვერ წავიდა, რადგან 18 წლისას უკვე შვილი ჰყავდა და ბავშვის გაზრდაში მშობლები ეხმარებოდნენ. არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა, რადგან კარგად ხატავდა და დიზაინი აინტერესებდა. 1966 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაასრულა და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად (ქალაქგეგმარებითი განხრით) მოსკოვში გაემგზავრა.

1968-1972 წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად. 1973-1974 წწ. იყო "მოსპროექტის" ასპირანტი. მეორე კურსიდან თავის სახელოსნოში წაიყვანა ოთარ ჯაყელმა.

„მეორე კურსიდან ჩემმა პედაგოგმა ოთარ ჯაყელმა თავის სახელოსნოში წამიყვანა. ის მარტო პედაგოგი კი არ იყო, არამედ ადამიანი, რომელმაც ჩემს ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა…  ის იყო დიდი სინათლე, უსაზღვრო ფანტაზიის, სუფთა, ნიჭიერი პიროვნება. თავისი სტუდენტების მეგობარი. არქიტექტურა მიყვარდა, მაგრამ ყველაფერი დავივიწყე, როცა კინოფაკულტეტი გაიხსნა. ოთარმა მითხრა: შე მოღალატე, იცოდე, არქიტექტურა მაგრად დაგეხმარება რეჟისორობაშიო. მართლაც, იმდენი რამ მომცა არქიტექტურამ! კინოს მსგავსად ესეც ხომ სამყაროს მოწყობაა… შენი ცხოვრების ორგანიზებაა, კომპოზიციაა…“, - მოგვითხრობს ნანა ჯორჯაძე.

1974 წელს თბილისში სარეჟისორო ფაკულტეტი გაიხსნა. ნანა სასწრაფოდ ჩამოვიდა მოსკოვიდან და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მოხვდა თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის ჯგუფში.

კინოფაკულტეტი 1980 წელს დაამთავრა.

1977-1991 წლებში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი;

1993-1995 წწ . - NIPKOW PROGRAM-ის (ბერლინი) კინორეჟისორი;

1991 წლიდან - კინოსტუდია "ადამი და ევას" რეჟისორი. 

არის ავტორი ფილმებისა "ატლანტი"(სტუდენტური ფილმი, 1979); მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "მოგზაურობა სოპოტში"(1980); „მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ (1981); "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა"(1986) და სხვ.;

მას ეკუთვნის სტატიები: "შეშლილი მემუარები"(1992); "შეხვედრა"(1992); "ლა ნაპულის მოჩვენებები"(1993); "ცოტა რამ ვეშაპზე... და საქართველოზე" (1993) და სხვა.

ნანა ჯორჯაძე გადაღებულია 7 ქართულ მხატვრულ ფილმში. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1977).

1990-იანების მეორე ნახევარში ნანა ჯორჯაძე საცხოვრებლად და სამუშაოდ საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი შექმნა.

მიღებული აქვს: ექსპერიმენტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი ფილმისთვის "ატლანტი" (ტალინი, 1979); ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სკფ. გრან პრი, ფიპრესის  (კინოკრიტიკოსების) და კათოლიკური ეკლესიის პრიზები ფილმისთვის "მოგზაურობა სოპოტში" (1980); კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ოქროს კამერა", რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "Ника", კიოტოსა და მონრეალის კინოფესტივალის, ჩიკაგოს Wihitte Country Film Festival-ის პრიზები ფილმისთვის "რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა" (1986); „Fipresci“ და „Quinzeine des dealisateurs“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები ფილმისთვის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996) და სხვ.;

ნანა ჯორჯაძის "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" გახლავთ “ოსკარის“ ნომინაციაზე (საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის) წარდგენილი პირველი, და დღემდე ერთადერთი, ქართული ფილმი;

ის იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997), კოტბუსის (გერმანია, 1998), სანკტ პეტერბურგის (რუსეთი 2001), ჩიკაგოს (ამერიკა, 2003), ლოს ანჟელესის (ამერიკა, 2004) და სხვ. საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი;

ჩატარებული აქვს მასტერკლასები: ბერლინის (1997-1998), ლოს-ანჟელესის (1999-2000) და ჰამბურგის (2000-2002) კინოინსტიტუტებში.

არის ევროპის კინოაკადემიის (1994) და ამერიკის რეჟისორთა გილდიის (1996) წევრი.

ნანა ჯორჯაძის 2016 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ღვინის ნულოვანი მერიდიანი", რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო: 2016 -  ღვინის კინოფესტივალი “ენოვიდეო” (საფრანგეთი) - წლის საუკეთესო ენოლოგიური ფილმი; 2016. საერთაშორისო კინიფესტივალი  “MOST 2016” (ესპანეთი) - წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ტიტული.

განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი - ფილმი ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (ლოს-ანჯელესი, აშშ) ტრიუმფატორი გახდა: საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო პროდიუსერი - შალვა ხეცურიანი; საუკეთესო რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე; საუკეთესო სცენარის ავტორი - თამარ ბართაია; საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე; როლის საუკეთესო შემსრულებელი - რევაზ ხეცურიანი.

ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმით - „პეპლების იძულებითი მიგრაცია“(2022) - გაიხსნა 2023 წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. საქართველოში გადაღებული მხატვრული ფილმი რთული სოციალური და მატერიალური რეალობის პირისპირ მდგარ ხელოვანებს ეხება და შემოქმედი ადამიანის კომპრომისებით სავსე ცხოვრებაზე, სევდიან სიყვარულსა და დაუფასებელ შემოქმედებაზე მოგვითხრობს. 

კინოფესტივალის გახსნის დღეს რეჟისორებს ნანა ჯორჯაძესა და პედრო კოშტას გადაეცათ საპატიო ჯილდო - „ოქროს პრომეთე“, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

წლების მანძილზე ნანა ჯორჯაძის მეუღლე იყო სცენარისტი და კინორეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, რომელთანაც მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს. დღეს განქორწინებულები არიან. ნანას ორი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. ორივე შვილი ხელოვანია. უფროსი - ბექა (ბუბა) ჯორჯაძე, პროფესიით ექიმია, მაგრამ დედის ფილმებშიც მონაწილეობს, მსახიობის ამპლუაში. უმცროსი - მიხეილ (მიხო) კვირიკაძე კინოოპერატორია და გადაღებებზე ხშირად მუშაობს დედასთან ტანდემში.

ცნობილი ადამიანია ნანას უფროსი ძმა, თემურ ჯორჯაძეც - არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქართული რაგბის პირველი თაობის წარმომადგენელი, კარატეს ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, კარატეში შავი ქამრის მეშვიდე დანის მფლობელი, აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ინსტრუქტორი. 

პროფესიის გამო ნანა ჯორჯაძეს სხვადასხვა ქვეყანაში უწევს ყოფნა. იქ არის, სადაც სამუშაო აქვს, მაგრამ ამბობს, რომ სახლი მხოლოდ ერთი აქვს და ის თბილისშია: „ეს გაუთავებელი ხეტიალი ხანდახან ძალიან დამღლელია. ნიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, ემოციური და იმპულსურიც კი ვარ.ხანდახან, როცა ნერვული გადაძაბვის ზღვრამდე მივდივარ, ვგრძნობ, რომ აუცილებლად თბილისში უმდა ჩამოვიდე. ჩამოვდივარ და ჩემი ქუჩა, ჩემი სახლი, მეგობარი, მიწა, ხე - ეს ყველაფერი მავსებს, დაშლილს და დაქუცმაცებულს მაერთებს და მამთლიანებს. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ისევ წავიდე და ჩვეული ცხოვრება განვაგრძო“, - გვიმხელს რეჟისორი.

ფილმოგრაფია:                                                           

დამდგმელი რეჟისორი:  

1980„მოგზაურობა სოპოტში“

1981„მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“

1986„რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“

1996„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“

2000„ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“

2003„ფოსტალიონი“

2008„მეტეოიდიოტი“

2016: „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“

2022: „პეპლების იძულებითი მიგრაცია“

სცენარის ავტორი:

1980„მოგზაურობა სოპოტში“ 

1981„მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ 

2000„ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ (ირაკლი კვირიკაძესთან და მარინა ზვერევასთან ერთად)

2007: „სე ლა ვი“ რეჟ. რუსუდან ჭყონია

2022: „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (თამარ ბართაიასთან ერთად)

პროდიუსერი:

2007: „ჩამოფასებულები“ რეჟ. თეიმურაზ ბუტიკაშვილი

დამდგმელი მხატვარი:

1980„მოგზაურობა სოპოტში“ 

1981„მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ (ალექსანდრე ჯანშიევთან ერთად)

გადაღებულია ფილმებში:

1978„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე

1980: „მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...)“ რეჟ. ომარ გვასალია

1981: „იცოცხლე, გენაცვალე“ (მხატვარი დუქანში) რეჟ: თამარ გომელაურივახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

1981: „მოცურავე“ (ასისტენტი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე

1984„ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი

1986„რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე

2019„ოქროს ძაფი“ (ელენე) რეჟ. ლანა ღოღობერიძე

წყარო:

1. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ. 441;

ეროვნული ფილმოგრაფიის ვებგვერდი: geocinema.ge

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ჯორჯაძე

3. https://ghn.ge/news/170270

4. ჯორჯაძე ნანა. შატალოზე წასულმა ფილმი ვნახე და გადავწყვიტე რეჟისორობა: ინტერვიუ / ესაუბრა ლელა ჯიყაშვილი // სტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. თბილისი. 2014. ივნისი, N6 (42). გვ. 104-110

5. ჯორჯაძე ნანა. ყველა ჩემი სიძნელით, ტრაგედიებით და ბედნიერებით მაინც ფანტასტიკური ცხოვრება განვლე: ინტერვიუ / ესაუბრა კობა ბრეგვაძე // სარკე. თბილისი.2023. 13-19 დეკემბერი.N50 (1352). გვ.14-15

6. ჯორჯაძე ნანა. მისტიკური სხვენის ბინადარი: ინტერვიუ / ჩაიწერა ირმა ჩუბინიძემ //ეპიზოდი / მთავარი რედაქტორი: სოფო მოსიძე. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - გვ.50-70


გააზიარე: