შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ილარიონ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიამუსიკოსი ილარიონ (ლარიკ) ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი დაიბადა 1932 წლის 10 თებერვალს ქ. მოსკოვში. 1939-1941 წწ. სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში (ვიოლონჩელო). 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, ჩამოვიდა თბილისში. 9 წლის იყო, როდესაც მეცადინეობა დაიწყო თბილისის მუსიკალურ ათწლედში, ე. კაპელნიცკის კლასში (1941-1943). გამოცდილი პედაგოგისთვის მაშინვე თვალსაჩინო გახდა მოწაფის მუსიკალური ნიჭი. მისი რჩევით, ი. ჭეიშვილი მოსკოვში დაბრუნდა და სწავლო განაგრძო გნესინების სახელობის მუსიკალურ ათწლედში, პროფესორ ს. კოზოლუპოვთან, შემდეგ კი სასწავლებელში ჩაირიცხა, იმავე პედაგოგის კლასში (1946-1951); 1951-1956 წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუსიკოსის, მსტისლავ როსტროპოვიჩის სკოლა გაიარა. პედაგოგიურ სარბიელზე ის მისი პირველი მოწაფე იყო; კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ლარიკ ჭეიშვილმა ასპირანტურაში შესვლას საკონცერტო მოღვაწეობა ამჯობინა. 1956 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1956–1966 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1957 წელს მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა ინსტრუმენტული ტრიო (საქართველოს ტრიო), რომელშიც მასთან ერთად გაწევრიანდნენ - რევაზ ასტახიშვილი (ფორტეპიანო) და გარი ოქროპირიძე (ვიოლინო); ტრიო 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საკონცერტო ესტრადაზე და ქართული მუსიკის პროპაგანდას ეწეოდა. 1958 წელს წარმატებით გამოვიდნენ მოსკოვში ჩატარებულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე; გარდა ამისა, ი. ჭეიშვილი ხშირად მართავდა სოლო კონცერტებს და აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა მუსიკოსების აღზრდაში; 1962 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში; 1961–1992 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვიოლონჩელო), 1968 წლიდან - დოცენტი, 1973 წლიდან - სიმებიანი კათედრის გამგე და საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1977 წლიდან - პროფესორი; კონსერვატორიაში მან ჩამოაყალიბა სტუდენტ ვიოლონჩელისტთა ანსამბლი, რომლის რეპერტუარის გასამდიდრებლად ჩელოზე გადაიტანა ქართველ კომპოზიტორთა სხვადასხვა ნაწარმოები; მისი მოსწავლეები არიან მრავალი საკავშირო თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები; მათგან უმეტესობა 1990-იანი წლებიდან მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და აშშ-ში; ლარიკ ჭეიშვილი იყო სსრკ მრავალი ქალაქის (ერევანი, ბაქო, რიგა, ვილნიუსი, ლვოვი, კიევი…) კონსერვატორიაში სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარე; ასევე, მრავალი საკავშირო კონკურსის ჟიურის წევრი; 1978 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; ჩატარებული აქვს მასტერკლასები: საქართველო, ერევანი, ბაქო, სოფია, პრაღა, ბუდაპეშტი, ქაირო და სხვ.; მსტისლავ როსტროპოვიჩი საქართველოში პირველად სწორედ ილარიონ ჭეიშვილმა მოიწვია (1970-1971 წწ.). მან გააცნო და დააახლოვა ქართულ კულტურასა და მუსიკალურ საზოგადოებას. 1972 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა მ. როსტროპოვიჩის საკონცერტო ციკლი, რომელიც სსრკ–დან მის გაძევებამდე უკანასკნელი აღმოჩნდა; იმავე წელს მან საქართველოს ტელევიზიით გააკეთა მ. როსტროპოვიჩისადმი მიძღვნილი ვრცელი გადაცემა; 1992–2007 წწ. იყო კაიროს (ეგვიპტე) კონსერვატორიის პროფესორ–ექსპერტი; ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძე, ს. ნასიძე, ა. შავერზაშვილი, ა. მაჭავარიანი, ტ. ბაქრაძე, რ. ლაღიძე – ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; ნ. გუდიაშვილი - სამმაგი კონცერტი (1964, პირველი შესრულება საქართველოს ტრიოსთან ერთად); ს. ნასიძე - საფორტეპიანო ტრიო (1970, პირველი შესრულება); ტ. ბაქრაძე - ვიოლონჩელოს სონატა (1970, პირველი შესრულება); ა. შავერზაშვილი - ვიოლონჩელოს სონატა; სოლო კონცერტი: "კლასიკა და თანამედროვეობა", სადაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად სრულდებოდა ქართული მუსიკა; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: სენ–სანსი, ხაჩატურიანი, ჩაიკოვსკი და სხვ.; გასტროლები: სსრკ, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ბელგია, ეგვიპტე…; 2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში აღნიშნეს ილარიონ ჭეიშვილის დაბადებიდან 85 წელი. მოგონებებით გამოვიდნენ მისი მოწაფეები. ითქვა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა. ილარიონთან ერთად გაიხსენეს მისი მეუღლე, თბილისის კონსერვატორიის თეორიის კათედრის პროფესორი გულნარა (გულიკო) გვარჯალაძე. ისინი ეგვიპტეშიც ერთად მოღვაწეობდნენ და საფუძველი ჩაუყარეს თეორიულსა და ჩელოს სკოლებს. კაიროს კონსერვატორიის რექტორის თქმით, მათ ისეთი ძლიერი ადგილობრივი კადრები დაუტოვეს ეგვიპტეს, უცხოთა მოწვევას აღარ საჭიროებენ. ცოლ-ქმარმა ორი შვილი აღზარდა - ლალი და რეზო. ორივე მუსიკოსია. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 566 2. განუყოფელი წყვილი, რომელმაც კონსერვატორია დაამშვენა [ილარიონ ჭეიშვილი და გულიკო გვარჯალაძე] // მუსიკა=Musika: საქართვგელოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2018. N4 (37). გვ.71-75 3. რამიშვილი, მზია. მუსიკოსის მოწოდება : [ვიოლონჩელისტი ილარიონ ჭეიშვილი] / მზია რამიშვილი // საბჭოთა ხელოვნება. - , 1969. - N5. - გვ.46-47.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |