The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ფილიმონ წერეთელი

ფილიმონ წერეთელი
დაბადების თარიღი:1827
გარდაცვ. თარიღი:1920  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტვერის გუბერნიის ქალაქ მლევიჩი, რუსეთი
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

რაჭაში მცხოვრები წერეთლები იმერეთიდან სხვადასხვა დროს გადასული წერეთლების შთამომავლები არიან. ფილიმონის მამა, გრიგოლ ოტიას ძე წერეთელი რაჭა-ლეჩხუმის პირველი ბლაღოჩინი იყო. მისი მეუღლე გახლდათ თამარ ჩიქოვანი. ისინი წყალტუბოს რაიონის სოფელ დერჩში ცხოვრობდნენ (ადრე დერჩი ცაგერის რაიონში შედიოდა, როგორც ლეჩხუმის ბუნებრივი ნაწილი). ჰყავდათ 7 შვილი: სპირიდონი, ფილიმონი, თეკლა, ანა, სურათა, ნინო და თომა.

რაჭაში გადასახლების შემდეგ წერეთლები სოფელ ზნაკვაში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დასახლებულან. გრიგოლის წინაპარს, ოტიას, რაღაც შემთხვევის გამო მიუტოვებია საერო ცხოვრება და მღდელად კურთხეულა (საეკლესიო სახელი - თომა). იგი აღესრულა ღრმად მოხუცებული და სამუდამო განსასვენებელი თამარის დროინდელ ზნაკვის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაიმკვიდრა ( ეკლესიისა და ციხე-კოშკის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია).

გრიგოლის სამივე ვაჟმა სასულიერო განათლება მიიღო. თომა მშობლიური ზნაკვის ღვთისმშობლის უძველეს ტაძარში მღვდელი იყო, სპირიდონი კი თბილისში – მედავითნე.

ფილიმონ წერეთელი 1827 წელს სოფელ დერჩში დაიბადა. დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, შემდეგ სწავლა გააგრძელა სამხედრო-იურიდიულ აკადემიაში.

პეტერბურგში მუშაობის დროს "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის"(ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი) თანამდებობა ეკავა. იყო საოლქო სასამართლოს წევრი და ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

მსახურობდა, აგრეთვე, ვარშავაში – ჯერ სამხედრო-საოლქო სასამართლოს წევრად, ხოლო შემდეგ კი მისი თავმჯდომარის ამხანაგად.

გადმოცემის თანახმად, იგი იშვიათი სამართლიანობითა და კაცთმოყვარეობით გამოირჩეოდა, რის გამოც დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა.

გარკვეულ პერიოდში ფილიმონ წერეთელი ტვერის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა. მას ცოლად შეურთავს ტვერის გუბერნიის გავლენიანი მემამულის, თავად ლუჩაკის ქალიშვილი ანა, რომელსაც მამამ მზითვად უბოძა დიდი მამული ტვერის გუბერნიის ქალაქ მლევიჩში. ფილიმონსა და ანას შეეძინათ ხუთი შვილი: ელენე, გრიგოლი, პეტრე, ივანე და ზინობი.

1881 წელს ფილიმონმა სამსახურს თავი დაანება და საბოლოოდ დასახლდა პეტერბურგში, სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ სატახტო ქალაქში უფრო ადვილი იყო შვილებისათვის კარგი განათლება მიეცა.

ფილიმონის პეტერბურგულ დღიურებში კარგად ჩანს, რომ იგი საერო თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ღრმად მორწმუნე და "ღვთის მოშიში" ყოფილა. ასევე, არაერთხელ აქვს აღნიშნული თავისი თავადური წარმომავლობა.

ფილიმონ წერეთელი საქართველოში ბოლოს 1906 წელს ჩამოვიდა ნათესავების მოსანახულებლად. სტუმრად ეწვია დების ოჯახებს სოფელ დერჩში.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მეორე ხარისხის იმპერატორის გვირგვინით და წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის.

გარდაიცვალა 1920 წელს, 92 წლის ასაკში. დაკრძალულია ტვერის გუბერნიის ქალაქ მლევიჩში.

სოფელ ზნაკვაში, მეცნიერ-ფიზიკოსის გია წერეთლის ძალისხმევით, დაფუძნდა ფილიმონ წერეთლის სახლ-მუზეუმი.

ფილიმონის ხუთივე შვილი ეკლესიური იყო. გრიგოლმა და ელენემ თავიანთი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირეს, ხოლო დანარჩეჩმა სამმა ვაჟიშვილმა – პეტრემ, იოანემ და ზინობმა (1878-1942) – სამხედრო ხელოვნებას. მათ სამხედრო აკადემია ჰქონდათ დამთავრებული, მეფის გვარდიის მაღალი რანგის ოფიცრები – გიორგის ჯვრის კავალრები იყვნენ. ივანე წითელარმიელებთან ბრძოლას შეენირა პეტროგრადში, პეტრე კი დაიღუპა პორტ-არტურში, 1904 წელს.

გრიგოლ წერეთელი (1870-1939) ცნობილი ელინისტი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლი გახდა. 

ელენე წერეთელი (1872- 1935) - პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი. მისი მეუღლე იყო მსოფლიოში აღიარებული აღმოსავლეთმცოდნე, ეგვიპტოლოგი, ბორის ტურაევი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ცოლ-ქმარი პეტერბურგის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ მონასტერში დამკვიდრდა და დარჩენილი წლები ღვთისმსახურებას მიუძღვნა.

გვარდიის პოლკოვნიკის, წმინდა გიორგის 3 ჯვრის კავალერის პეტრე წერეთლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე, სოფიო ვიქტორის ასული გოლუბცოვა (ვლადიმერ ნაბოკოვის დეიდაშვილი), ქალიშვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. გოგონები, ნონა და ევგენია წერეთლები გათხოვდნენ ჭიათურაში ჩამოსულ უცხოელებზე და კანადაში წავიდნენ.

სოფიო არ გაუშვეს შვილებთან, რის გამოც გადაიჭრა ფეხზე მყესები და ინვალიდი დარჩა. იგი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა პროფესიით ფსიქიატრის, პროფესორ ლილი ნაკაშიძის (ფილიმონ წერეთლის დის, ანას შთამომავალი) ოჯახში. ლილის ქალიშვილი სალომე ყუბანეიშვილი იხსენებს: „სოფიო არაჩვეულებრივად მორწმუნე ადამიანი იყო. მე, ლეონას და მაიას მარხვას გვანახინებდა. ყოველ კვირას მასთან მოდიოდა მღვდელი მამა დავითი, რომელსაც აღსარებას ვეუბნებოდით და გვაზიარებდა. მან შეგვაყვარა რუსული ენა, გვამეცადინებდა და, რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ეს ინვალიდი ქალი გვასწავლიდა საბალეტო ცეკვას. დიდ ყურადღებას აქცევდა ჩვენი ქცევის მანერებს. ასე რომ, ჩვენ სოფიოს ზედამხედველობის ქვეშ ვიზრდებოდით“.

ზინობ წერეთლის ვაჟი იური წერეთელი, მისი მეუღლე ქალბატონი ანტონინა და შვილები იგორი და ვასილი პეტერბურგში ცხოვრობდნენ. იური ხშირად ჩამოდიოდა თბილისში ნათესავებთან, ნაკაშიძეების ოჯახში.

წყარო:

გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი

https://naec.ge/uploads/postData/Jurnal/N16/2.pdf

https://nobility.pro/ge/statia/93-tsereteli-philimon-grigolis-dze.html

ასათიანი ვალერი. კლასიკოსი: გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი: 1870-1939) .თბილისი, 2018. -გვ. 11-42 

ვინ იყვნენ თავადი ნაკაშიძეები //კლასიკოსი /ვალერი ასათიანი. -.თბილისი, 2018. -გვ. 357-361


გააზიარე: