შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გულბაათ დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიაგულბაათ ივანეს ძე დავითაშვილი დაიბადა 1902 წლის 29 ივლისს, ქ. ქუთაისში. 1919 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად, 1919-1922 წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე და 1920-1922 წწ - საბალეტო სტუდიაში (პედ. : მ. მორდკინი); 1922 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. საბალეტო განათლებას სრულყოფდა ბერლინში, ე. ნიკოლაევთან (1922-1924 წწ.); 1925 წელს დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტი გერმანიაში; 1926 წელს შევიდა პარიზის პრეობრაჟრნსკის საბალეტო სტუდიაში. ბალეტის ხელოვნებას ეუფლებოდა ოლგა პრეობრაჟენსკაიასთან (1926-1931წწ.); გ. დავითაშვილის დებიუტი შედგა 1929 წელს მონტე-კარლოში, სადაც იცეკვა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნაში“(ლ. კარპოვას საბალეტო დასი ქ. ნიცაში); ამავე წლიდან გახდა ი. რუბენშტეინის დასის სოლისტი. გამოდიოდა ნიჟინსკისა და ვოიცეხოვსკისთან ერთად პარიზის „გრანდ ოპერაში“, მონტე-კარლოში, ლონდონის „კოვეტ გარდენში“, იტალიის, ესპანეთისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქების საბალეტო თეატრების სცენებზე, სადაც წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა საცეკვაო პარტიებს: მოცეკვავე (მ. რაველის „ბოლერო“, ნ. რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიო“) და სხვ.; 1929- 1946 წწ. იყო „ბალე რიუს დე მონტე-კარლოსა“ და პარიზის ოპერის სოლისტი და ბალეტმაისტერი. აქ მან განახორციელა დადგმები: რიმსკი-კორსაკოვი „შეჰერეზადა“ (1936), რაველი „დაფნისი და ქლოე“ (1937), დელიბი „კოპელია“ და „სილვია“ (1938), „სიუიტა თეთრებში“, „ვარდის ზმანება“, „სიყვარული - ჯადოქარი“, „არაგონული ხოტა“ (ყველა 1939) და სხვ.; საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, 1951-1953 წწ. იყო ტაშკენტის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, ხოლო 1954-1955 წწ. ბაქოს ახუნდოვის სახელობის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, პარალელურად, კვლავ მუშაობდა ამავე თანამდებობაზე ტაშკენტში. 1960 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი; გ. დავითაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების მცირე ჩამონათვალი: თბილისში – „პასაკალია“ ი. ბახის მუსიკაზე, მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი" (1949), სოგეს "მოხეტიალე კომედიანტები" (1968), რაველის „ბოლერო“ (1969), ყარა-ყარაევის „ქუხილის ბილიკით“ (1972) და სხვ.; ქ.სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში: 1950 წელს - „პარიზის ალი“, „შვიდი მზეთუნახავი“’ ; ბაქოს საოპერო სტუდიაში: ქორეოგრაფიული ნომრები ბ. სმეტანას ოპერისათვის „გაყიდული საპატარძლო“ (1950); ტაშკენტის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ყარა ყარაევის "შვიდი მზეთუნახავი" (1954), მ. რაველის "ბოლერო" და სხვ.; ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში – მ. რაველის "ბოლერო" და "დაფნისი და ქლოე", შტრაუსის "ვალსი", (1959); ვებერის "ვარდის ზმანება", გლინკას "არაგონული ხოტა" და სხვ.; ბალეტმაისტერს ეკუთვნის მრავალი ქორეოგრაფიული ნომერი პარიზის ტელესტუდიისა და კინოსათვის. ასევე, მის მიერ არის დადგმული ცეკვები ქართულ კინოფილმებში: "მამლუქი", "ბაში–აჩუკი", "ფიროსმანი"; გულბაათ დავითაშვილს 1960 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 1982 წლის 3 თებერვალს, თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბილისი, 2012. – გვ. 276; georgianencyclopedia.ge ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136 https://ka.wikipedia.org/wiki/გულბაათ_დავითაშვილი ნადარეიშვილი ლეილა. დავითაშვილი გულბათ ივანეს ძე // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი, 2010. - გვ.120.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |