შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
შალვა ჟიჟილაშვილი![]()
ბიოგრაფიაშალვა ნიკოლოზის ძე ჟიჟილაშვილი - საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1954), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1962). დაიბადა 1913 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში, რკინიგზელის ოჯახში. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით; 1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი; 1939 წელს დაამთავრა მეთაურთა კვალიფიკაციის ამაღლების ხუთთვიანი კურსები; 1942 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. თებერვლის თვიდან ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი ინჟინერ-ხიდმშენებლის მოვალეობას. ამავე წლის სექტემბერში მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად; სარკინიგზო გზების აღდგენასთან ერთად, მისი ბატალიონი უზრუნველყოფდა ჯარების გადმოსროლას სტალინგრადიდან იელც-ვერხოვიესა და იელც-კასტორნაიას მონაკვეთებზე; 1943 წლის ზაფხულში ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ორლოვის სარკინიგზო კვანძის, ბრიანსკი-2 სადგურის აღდგენაში და მოქმედებდა ვორონეჟის, შემდეგ კი ცენტრალური ფრონტების შეტევის ზონაში. იმავე წლის შემოდგომაზე მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს კიევის რაიონში დნეპრზე დაბალწყლიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში; სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1943 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით, ომის რთულ პირობებში სარკინიგზო ეკონომიკის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მაიორ ჟიჟილაშვილს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება; ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდგომ წლებშიც გააგრძელა სამსახური სარკინიგზო ჯარებში. მისი მეთაურობით 35-ე სარკინიგზო ბრიგადამ დიდი წვლილი შეიტანა ომისშემდგომ წლებში დონბასის აღდგენაში; 1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე, პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური; 1964-1973 წწ. - სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი; 1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში; დაჯილდოებული იყო ორდენებითა და 16 მედლით; შალვა ჟიჟილაშვილი ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1992 წლის 28 დეკემბერს. დაკრძალულია პრეობრაჟენსკოეს სასაფლაოზე. მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |