The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი აბაშვილი

გიორგი აბაშვილი
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1982  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სერაფიმის სასაფლაო, ლენინგრადი
კატეგორია:მეზღვაური, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო–საზღვაო მოღვაწე გიორგი სიმონის ძე აბაშვილი დაბადა 1910 წლის 8 იანვარს, თბილისში.

1931 წელს დაამთავრა ლენინგრადის  სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი, 1949 წელს -  სამხედრო–საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები.

მსახურობდა ვახტის შტურმანად ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე: "ვოლოდარსკი" (1931–1932) და "ლენინი" (1932–1934).

1935-1936 წწ. იყო სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936 წ. - საგუშაგო ხომალდ „პურგას“, 1938 წ. - საესკადრო ნაღმოსნის, 1939 წ. - საგუშაგო ხომალდების დივიზიონის, 1944 წ. კი კრეისერ "მაქსიმ გორკის" მეთაური.

გიორგი აბაშვილი  მონაწილეობდა სსრკ–ფინეთისა (1939–1940) და  მეორე მსოფლიო (1941–1945) ომებში. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრადის დაცვაში. თავი გამოიჩინა  ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის  (1943) ბრძოლაში.

გიორგი აბაშვილი იყო  ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი (1949), ტალინის სამხედრო-საზღვაო ბაზის მეთაური (1950), ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (1954).

1954 წელს მიენიჭა ვიცე–ადმირალის წოდება.

იყო ესტონეთის სსრ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1960–1962 წლებში მუშაობდა კუნძულ კუბაზე. 1962 წელს, კარიბის კრიზისის დროს, კუბაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს.

ზოგიერთი ცნობით გიორგი აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება.

1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სისტემაში.

1964 წელს გახდა სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი.

არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.  

დაჯილდოებულია ლენინის, შრომის წითელი დროშის, წითელი დროშის (ოთხგზის), წითელი ვარსკვლავისა (ორგზის) და ადმირალ პავლე ნახიმოვის სახელობის II ხარისხის ორდენებით.

1971 წელს თადარიგში გავიდა.

გარდაიცვალა 1982 წლის 26 სექტემბერს, ლენინგრადში. დაკრძალულია იქვე, სერაფიმის სასაფლაოზე,

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_აბაშვილი 

საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბილისი, 1997.–გვ.17

https://mematiane.ge/product-details.php?id=1679


გააზიარე: