შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გივი ივანეს ძე ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაგივი ამილახვარი (Амилахваров) დაიბადა 1874 წლის 25 აპრილს, თბილისში, რუსეთის არმიის კავალერიის გენერლის ივანე გივის ძე ამილახვრისა (1829-1905) და ანა ალექსანდრეს ასულ [ქსნის] ერისთავის (1848-1934) ოჯახში. გივის გარდა მათ კიდევ სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ: მიხეილი (1870-1872), ალექსანდრე (1876-?), კონსტანტინე (1877-1927), ნინო (1872-1933), მართა ( 1875-1937), ელენე (1880-1883) და ანასტასია (1883-?). პირველი მსოფლიო ომის გმირი გივი ამილახვარი რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი იყო. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის კადეტთა კორპუსი (1892) და სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი (1896). როგორც კამერ-პაჟი, ესწრებოდა იმპერატორ ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძის და იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდორის ასულის კორონაციას მოსკოვში. გივი ამილახვარმა წარმატებით დაასრულა აგრეთვე სანქტ-პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სკოლა. სამხედრო სამსახური დაიწყო 44-ე ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში (კორნეტი). 1902 წლიდან მეთაურობდა გორის 259-ე სარეზერვო პოლკს. 1899 წელს პორუჩიკის წოდება მიიღო, 1903 წელს - შტაბს-როტმისტრის და 1907 წელს - როტმისტრის. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. რუსეთ-იაპონიის ომის დროს თავი გამოიჩინა მუკდენის ბრძოლაში. 1906 წელს დააჯილდოვეს წმ. ანას მე-4 ხარისხის, ხოლო 1907 წელს - წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით ( ხმლებით და ბაფთით). 1905-1914 წლებში იგი გახლდათ კავკასიის გუბერნატორის, კავალერიის გენერალ გრაფი ვორონცოვი-დაშკოვის (კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის) ადიუტანტი. 1913-1914 წწ. მეთაურობდა სარდლის ბადრაგს. 1914 წლის აგვისტოდან დაღესტნის მე-2 საცხენოსნო პოლკის მეთაური იყო. ამავე წელს პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1915 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო. ჯილდოები: წმ. ანას მე-3 (1909), წმ. სტანისლავის მე-2 (1912), წმ. ვლადიმირის მე-4, ხმლებითა და ბაფთით (1915) და წმ. ვლადიმირის მე-3 (ხმლებით, 1916) ხარისხის ორდენები. 1916 წელს დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, 1917 წელს - რუსეთის იმპერიის გამორჩეული ჯილდოთი, სასაჩუქრე იარაღით - ოქროს ხმლით მამაცობისთვის (ჯილდოს დაწესებიდან უკანასკნელ დაჯილდოებამდე (1720-1917) სულ გაცემულია 2 500-მდე ოქროს იარაღი). მიღებული ჰქონდა უცხოური ორდენებიც: ერნესტინის სახლის "Pour le Verite" III ხარისხის (05/14/1896) და სპარსეთის ლომისა და მზის მე-4 ხარისხის (1901) ორდენები. ოქტომბრის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე (1917, 28,09) მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი (მიანიჭა რუსეთის დროებითმა მთავრობამ). 1916 წლიდან გივი ამილახვარი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი. 1923 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. მუშაობდა ტაქსის მძღოლად. 1934 წლიდან პაჟთა კავშირის მთავარი საბჭოს წევრ-კანდიდატი, საცხენოსნო სპორტის მთავარი საბჭოს წევრი იყო. მისი ნათლულია დიმიტრი ამილახვრის უმცროსი შვილი - თამარი (1935-2019). გივი ამილახვარი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ანა გრიგოლის ასულ კუზნეცოვაზე, მეორედ - ნ. იუნგერზე. შთამომავლობა არ დარჩენია. გარდაიცვალა 1943 წლის 15 ნოემბერს პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევა-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Амилахвари,_Гиви_Иванович http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00005930/ https://ru.wikipedia.org/wiki/i/Амилахвари,_Гиви_Иванович ამილახვარი გივი ივანეს ძე... // ქართველები პირველ მსოფლიო ომში /კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდიამ. - თბილისი, 2014. - გვ. 64. ლაბაძე რუსუდან. ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა? // მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია.– 2021. – N2. გვ.59-79.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |