The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯუანშერ ვათეიშვილი

ჯუანშერ ვათეიშვილი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2019  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ისტორიკოსი ჯუანშერ ლევანის ძე ვათეიშვილი (ვათაძე) დაიბადა 1931 წლის 8 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში (პრეზიდენტის თანაშემწედ, განყოფილების გამგედ).

1960-1964 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (1962-1964 წლებში იყო სწავლული მდივანი).

1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პარტიული და საბჭოთა პრესის განყოფილებაში, თემაზე: „პირველი ლეგალური ბოლშევიკური გამოცემები ამიერკავკასიაში: ჟურნალი „მოგზაური“ და გაზეთი „კავკასიური სამუშაო ფურცელი“(„Кавказский рабочий листок“).

1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რუსული პრესა კავკასიაში“

1973 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

1970-იანი წლების ბოლოდან ჯ. ვათეიშვილი თანამშრომლობდა მეცნიერებათა ორი ეროვნული აკადემიის სისტემაში - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და რუსული ისტორიის ინსტიტუტებთან და ამავდროულად იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრების პროფესორი თბილისისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში.

1977-1982-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ.

ჯუანშერ ვათეიშვილმა შვედეთის ეროვნულ არქივში აღმოაჩინა წერილები, რომლებიც საქართველოს მეფე არჩილ II-მ გაუგზავნა ჩარლზ XII-სა და შვედეთის სამთავრობო უწყებებს, რათა გაეთავისუფლებინათ მისი ვაჟი, პეტრე I-ის თანამოაზრე, პირველი ფელდცეიხმაისტერი რუსეთის ისტორიაში, ალექსანდრე იმერეტინსკი.

1985 წლიდან ჯ. ვათეიშვილი იყო მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი,

1988 წლიდან - გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების "გიორესგეზელშაფტის" (ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი.

ჯუანშერ ვათეიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა საქართველოს ურთიერთობის ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

1960-იანი წლებიდან მუშაობდა თავის მრავალტომეულ ნარკვევზე „საქართველო და ევროპის ქვეყნები“ (XIII-XIX სს. ურთიერთობათა ისტორიის ნარკვევები). გამოიცა 2014-2017 წლებში 7 ტომად.

1990 წელს მეცნიერს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (არნოლდ ჩიქობავასთან ერთად) მონოგრაფიისთვის „ პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები/ არნოლდ ჩიქობავა, ჯუანშერ ვათეიშვილი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).- თბილისი, 1983.

1992 წელს უბოძეს რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ტიტული.

1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში მისივე დაფუძნებულ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს (დირექტორი), 1996 წლიდან  - ამსტერდამში, ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ "გეორგიკას".

1993 წელს ზაანდამში, ფონდის ინიციატივით და ჯუანშერ ვათეიშვილის პირადი მონაწილეობით, პეტრე I-ის სახლის მთავარი ფასადის მარცხენა კუთხეში დამონტაჟდა ქართველი თავადის ალექსანდრე იმერეტინსკისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. .

მოსკოვში, კუტუზოვის გამზირზე დაიდგა პეტრე ბაგრატიონის ძეგლი (1999).

2004 წელს მეცნიერს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის საჯარო ჯილდო - პეტრე დიდის მედალი.

ჯუანშერ ვათეიშვლი 150-მდე გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორია.

გარდაიცვალა 2019 წლის 30 მაისს, თბილისში. დაკრძალულია იქვე, საბურთალოს პანთეონში.

2021 წელს მეცნიერის არქივი მისმა ოჯახმა გადსცა საქართველოს ხელოვნების სასახლეს, კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციაში დასაცავად. მასალების  დამუშავების დროს, სხვა საინტერესო დოკუმენტურ წყაროებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ქართველი ისტორიკოსისა და ღვთისმეტყველის მიხეილ თარხნიშვილის არქივი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ეს დოკუმენტები, რო­გორც ჩანს ღვაწლ­მო­სილ­მა მეც­ნი­ერ­მა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იტა­ლი­ა­ში იპოვ­ნა, მაშინ როცა მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის

სა­ხე­ლი ჯერ კი­დევ ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო და სამშობლოში ჩამოიტანა. სავარაუდოდ სჯეროდა, რომ მომავალში აუცილებლად გაჩნდებოდა ამ მასალების შესწავლისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.137 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/8479 

https://ru.wikipedia.org/wiki/Ватейшвили,_Джуаншер_Леванович

https://www.catholic.ge/post/მიხეილ-თარხნიშვილის-ქართველი-კათოლიკე-მღვდლის-არქივი-იპოვნეს

 


გააზიარე: