The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თევრათ გორგილაძე

თევრათ გორგილაძე
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1996  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი, ოფთალმოლოგი თევრათ იუსუფის ძე გორგილაძე დაიბადა 1926 წლის 6 ივლისს, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში.

1940-იანი წლების ბოლოდან თ. გორგილაძის ცხოვრება დაკავშირებული იყო უკრაინის ქალაქ ოდესასთან.

1954 წელს დაამთავრა ოდესის ნ. პიროგოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა გაიარა აკადემიკოს ვ. ფილატოვის რეკომენდაციით.

1965 წლიდან მუშაობდა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ატარებდა გამოკვლევებს თვალის რქოვანას გადანერგვის პრობლემებზე.

1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რქოვანას ნაწილობრივი გამჭოლი გადანერგვის ტექნიკა“ (“Техника частичной сквозной пересадки роговицы”), პროფესორ დავით ბუშმიჩის ხელმძღვანელობით.

1960-იან წლებში ქართველმა მეცნიერმა ბევრი რამ გააკეთა საერთაშორისო კონტაქტების გასამყარებლად აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან. იგი გაეცნო მედიცინის მდგომარეობას ერაყსა და ქუვეითში.

1967-1969 წლებში მუშაობდა ტუნისში ოფთალმოლოგიის ინსტიტუტის უფროს ექიმად და მრავალი ადამიანი იხსნა სიბრმავისგან. ის გახდა პირველი საბჭოთა ექიმი, რომელიც დაჯილდოვდა ამ აფრიკული სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - რესპუბლიკის ორდენით (1968 წ.).

ტუნისში რთული ორწლიანი მუშაობის პერიოდში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით თ. გორგილაძემ 1976 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ოდესის ნ. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1977 წლიდან - პროფესორი.

1975-1996 წლებში მეცნიერი ხელმძღვანელობდა რქოვანას გადანერგვის განყოფილებას ოდესის აკადემიკოს ვ. ფილატოვის სახელობის თვალის დაავადებათა და ქსოვილოვანი თერაპიის კვლევით ინსტიტუტში. 1980 წლის 19 დეკემბერს  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ იგი რქოვანას გადანერგვის კლინიკის ხელმძღვანელად აირჩია, 1984 წელს კი მიანიჭა პროფესორის აკადემიური წოდება.

თ. გორგილაძე, ასევე, ხელმძღვანელობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო რეაბილიტაციის პირველ რესპუბლიკურ ცენტრს და იყო უკრაინის სსრ ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების გამგეობის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 290-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა თვალის მეორადი გლაუკომისა და რქოვანას გადანერგვის საკითხები.

მას ეკუთვნოდა საავტორო უფლებების 12 სერტიფიკატი და რაციონალიზაციის 14 წინადადება. მიღებული ჰქონდა მედალი "სსრკ გამომგონებელი".

გარდა ამისა, მეცნიერი წარმატებით ხელმძღვანელობდა ასპირანტებს. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 13 საკანდიდატო დისერტაცია.

1989 წლის 6 სექტემბერს, უკრაინის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, პროფესორ თ. გორგილაძეს მიენიჭა საპატიო წოდება - "უკრაინის სსრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე", სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში გაწეული სამსახურისა და მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებისთვის.

თევრათ გორგილაძე გარდაიცვალა 1996 წლის 7 მარტს, სამსახურში. დაკრძალეს ოდესის  მეორე ქრისტიანულ სასაფლაოზე.

მეცნიერს მინიჭებული ჰქონდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება. ბათუმში არის მისი სახელობის ქუჩა.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.102 

https://ka.wikipedia.org/wiki/ თევრათ_გორგილაძე

https://odessa-memory.info/ru/index.php?id=567


გააზიარე: