The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ამირან ბაკურაძე

ამირან ბაკურაძე
Date of birth:1967  (58 years)
Category:Architect, Painter

Biography

ამირან ბაკურაძე დაიბადა 1967 წელს. იზრდებოდა ამბროლაურში. ბავშვობაში მისი   ყველაზე დიდი გატაცება ხატვა იყო.

1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და თავის კუთხეს დაუბრუნდა.

იმხანად ცხოვრება ჭირდა, ამიტომ ხეზე ჯვრებისა და ხატების ჭრა დაიწყო და ასე გაჰქონდა თავი.

1992 წლიდან წერს ხატებს.

1993 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2 სხვა ახალგაზრდასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში მოზაიკის ხელოვნების შესასწავლად (ხელმძღვანელი - ალექსანდრე კორნოუხოვი).

ამ საქმეს 5 წლის განმავლობაში ეუფლებოდა (1993-1997). ამ პერიოდში მონაწილეობდა რუსეთის რამდენიმე ტაძრის მოზაიკური მხატვრობით შემკობაში.

დამოუკიდებლად აქვს შესრულებული ათეულობით მოზაიკური ხატი.

1997 წელს, მისი პედაგოგი, მაესტრო კორნოუხოვი იტალიაში მიიწვიეს და ისიც თან გაიყოლა. ასე აღმოჩნდა ვატიკანში და რომის პაპის, იოანე პავლეს II-ის კაპელის (პირადი სალოცავი) გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა (1997-2000).

ვატიკანში, აღმოსავლეთის ინსტიტუტთან არსებულ სახელოსნოში, 2011 წლამდე იმუშავა. პროფესორის თანაშემწე გახლდათ, მისი ხელმძღვანელი, მარკო რუპნიკი, ვატიკანისა და იტალიის საეკლესიო ხელოვნების სფეროში მრჩეველი იყო.

2011 წლიდან დამოუკიდებლად შეუდგა მუშაობას. დროგამოშვებით საქართველოში ჩამოდიოდა და აქაც მოზაიკას აკეთებდა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა თბილისში მოზაიკის სახელოსნო მამა ბესარიონ მენაბდის ინიციატივით. სახელოსნოში ამირანთან ერთად მუშაობდნენ - მისი ძმა ბადრი ბაკურაძე, ხატმწერი მიქაელ სოზიაშვილი და მალხაზ ლობჟანიძე.

ამ სახელოსნოში, 2007-2008 წლებში, შეიქმნა ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი, რომელიც ამჟამად სამების ლავრის კარიბჭის თავზეა დაბრძანებული, აბო თბილელის სამარტვილის ნიში (წმ. აბო) და შემკულ იქნა  მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავი მცხეთის დედათა მონასტერში.

2010 წელს, იტალიაში საქართველოს ელჩის, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის სურვილით, რომში მოეწყო ამირან ბაკურაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც დაამთხვიეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. გამოფენილი იყო 35 ნამუშევარი. მათ შორის: მოზაიკა, მინანქარი, ქანდაკება, ტილო და სხვა. გამოფენას ბევრი მნახველი ჰყავდა და წარმატებით ჩაიარა.

საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ამირან ბაკურაძემ ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში ორასამდე ეკლესია შეამკო მოზაიკით. მათ შორის - პორტუგალიაში ფატიმას ღვთისმშობლის უზარმაზარი ტაძარი, რომელშიც 9 ათასი სკამი დგას, ასევე საფრანგეთში, ლურდის ტაძარი და ა. შ.; მისი მუშაობის პრინციპი თანამედროვეა, საფუძვლად ბიზანტიური სტილი უდევს. ყველა ფრესკა შექმნილია ბიბლიური სცენების მიხედვით. მუშაობს ქვაზე, ხეზე, მინანქარზე, ვიტრაჟზე.

23-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ამირან ბაკურაძე სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან არსებულ მოზაიკის სახელოსნოში მოღვაწეობს. პირველი საქმე რომელიც ამ სახელოსნოში განხორციელდა იყო ბათუმის წმინდა სამების კომპლექსის მოზაიკით შემკობა. პროექტზე მუშაობას ორი წელი დასჭირდა. დღეს სამების მოზაიკა უკვე დასრულებულია და მნახველთა მოწონებას იმსახურებს. ხელოვანი შედეგით კმაყოფილია. მისი აზრით ბათუმის კომპლექსი, შეიძლება, ქართული თანამედროვე ხუროთმოძღვრების ნიმუშად და სკოლადაც კი ჩაითვალოს.

ამირან ბაკურაძე იტალიაში მუდმივად ცხოვრებას აღარ აპირებს. იქ ოჯახი ჰყავს -   მეუღლე და ორი შვილი, მაგრამ მათთან ურთიერთობა კომპიუტერების ეპოქაში აღარ ჭირს. მითუმეტეს რომ საქართველოშიც ჩამოდიან სტუმრად და  პერიოდულად ამირანსაც იწვევენ იტალიაში ეკლესიის მოზაიკაზე სამუშაოდ.

ერთ-ერთი ბოლო შეკვეთა, რომელზეც იმუშავა ქართველმა მოზაიკოსმა, იყო ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა, რომელიც განთავსდა ვატიკანში ერთ-ერთ საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი მე–11 საუკუნის დასაწყისიდან ათონის წმინდა მთაზე, ივერიის მონასტერშია დაბრძანებული. საქართველოში შექმნილი ხატის მოზაიკური ფრესკა მისი ზუსტი ასლია.

ფრესკაზე, რომელიც ძვირფასი თვლებით არის მორთული, არქიტექტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს.

ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ისტორიული ინაუგურაცია ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში შედგა 2023 წლის 28 ნოემბერს.

წყარო:

ბურჭულაძე, ნანა. ბაკურაძე ამირან = Bakuradze Amiran // თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნება : კატალოგი. - თბ., 2009. - გვ.180.

ბაკურაძე ამირან. ქართველმა ხელოვანმა რომის პაპის პირად სამლოცველოში რაჭული ქვები ჩააყოლა და მსოფლიოს 200-ზე მეტ ეკლესიაში იმუშავა მოზაიკაზე: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი კაპანაზე // ჟურნ. „თბილისელები“. თბილისი. 2015. 21-27 დეკემბერი. N51 9782). გვ. 62; https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268446614

https://kvirispalitra.ge/article/26275-qromis-papis-salocavs-krikhulas-qvebi-chavataneq-qarthveli-romelmac-evropis-amerikisa-da-aziis-qveynebshi-orasamde-eklesia-mozaikith-sheamko/


Share: