The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი დუნდუა

გიორგი დუნდუა
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

ფერმწერი, ფოტოხელოვანი, ანიმაციური ფილმების ავტორი, ილუსტრატორი და პოეტი გიორგი დუნდუა დაიბადა და გაიზარდა თბილისში. ადრეული ბავშვობიდან ხატავდა. ყველაზე მძაფრად ხატვის დაწყების შთაბეჭდილება ახსოვს, როცა 5 წლის ასაკში მისაღები ოთახის კედელზე ფანქრით ორი დიდი, მთასავით კონტური მოხაზა. ეს ხაზები შემდეგ გაურკვეველ ცხოველად გადაიქცა. დიდ სივრცეზე ხატვის პროცესი იმდენად მოეწონა, რომ მთელი კედლები ამ უცნაური ცხოველებით შეავსო. ამბობს, რომ ეს იყო მისი პირველი თავისუფალი და დამოუკიდებელი ნაბიჯები ხელოვნების გზაზე და 5 წლის ასაკში მოპოვებული თავისუფლება დღემდე მოჰყვება.

გიორგი დუნდუა დამოუკიდებელი არტისტია, სწავლობდა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე ჰამბურგისა და ბერლინის დიზაინის ინსტიტუტები.

გერმანიით და გერმანული ენით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. ისე მოხ­და, რომ  მისი მე­უღ­ლეც გერმანელია. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ, რაღაც დრო თბი­ლის­შიც ი­ცხოვ­რეს, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვიდნენ სას­წავ­ლებ­ლად. მაშინ გიორგი 22 წლის იყო.

ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს გაიტაცა ფოტოგრაფიამ. მუშაობდა ქართულ ჟურნალ- გაზეთებში. შემდეგ, როდესაც ჰამბურგში გადავიდა საცხოვრებლად, იქაც გააგრძელა ამ მიმართულებით საქმიანობა და მისი ერთ-ერთი ფოტონამუშევარი გამოიფინა ჰამბურგის საგამოფენო სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ იმ დღიდან დაიწყო გერმანულ სახელოვნებო საზოგადოებაში გიორგი დუნდუას ინტეგრაცია.

ფოტოგრაფიის შემდეგ ფერმწერი ისევ აქტიურ მხატვრობას დაუბრუნდა. ნელ-ნელა დაიწყო მისი ნამუშევრების გამოფენები როგორც ჰამბურგის, ბერლინის საგამოფენო სივრცეებში, ასევე, მთელ გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

გერმანიაში ორი ათწლეულის გატარების შემდეგ გიორგი დუნდუა 2020 წელს  სამშობლოში დაბრუნდა.მასთან ერთად ჩამოვიდნენ მისი მეუღლე ანთიე და შვილები - სანდრო და ანნა.

„გერ­მა­ნია არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც მომ­ცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ, მაგრამ დგე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა წლე­ბის შემ­დეგ გინ­და, შენ ქვე­ყა­ნა­შიც ხატო და შექ­მნა, გა­ა­კე­თო, ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლად ისა­უბ­რონ, აქაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იცხოვ­რონ“, - ამბობს მხატვარი. თუმცა საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ გერმანიასთან კონტაქტი აღარ აქვს.  ყურადღებით აკვირდება იქ მიმდინარე კულტურულ მოვლენებს, დროდადრო ჩადის და  პროექტებში მონაწილეობს. ბოლოს საქართველოს სახელით  „ბერლინის დათვი“ მოხატა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ბერლინის მთავარი სიმბოლოს – დათვის მოსახატად 2003 წლიდან ერთიანდებიან. ყველა მხატვარი დათვზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს. ამ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის კომუნიკაციისა და ტოლერანტობის წარმოჩენა და გაღრმავებაა. ამ კონცეპტის (“United Buddy Bears – The Minis”) ფარგლებში შექმნილი, სულ 117 დათვი არსებობს და გიორგი დუნდუას ეამაყება, რომ ერთ-ერთი მათგანი საქართველოს წარმოაჩენს.

გიორგი დუნდუას ამჟამინდელი ნამუშევრები, ძირითადად, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია.  მა­ნამ­დე იყო გრა­ფი­კა, აკ­ვა­რე­ლი, ანი­მა­ცია, ფერ­წე­რა.ეს ჟან­რე­ბი

ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნეთს ცვლი­და. სა­ბო­ლო­ოდ კი აბ­სტრაქ­ცი­ამ­დე მი­ვი­და.

პოეზია მის ცხოვრებაში მოულოდნელად მოვიდა. მხატვარი 2023 წლის 20 მაისის სოლო გამოფენისთვის ემზადებოდა, როცა გამოფენამდე ხუთი დღით ადრე, გაჩენილი ხანძრის შედეგად, მხატვრის სახელოსნო დაიწვა და მისი ასამდე ნამუშევარი განადგურდა. 

თუმცა ყველაფრის მიუხედავად გამოფენა მაინც შედგა. გიორგიმ გადარჩენილ ნახატებს მიამატა მეგობრებთან და გალერეებში მოძიებული ნამუშევრები და გამოფენას დათქმულ დღეს უმასპინძლა. 

გადატანილი ტრაგედიის შემდეგ გიორგი დუნდუამ ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და აქტიურად დაიწყო ლექსების წერა. მის ნამუშევრებს ყოველთვის ჰქონდა პოეტური სათაურები, განცდილი ტკივილის შედეგად კი ვი­ზუ­ა­ლუ­რი პო­ე­ზია

ვერ­ბა­ლურ პო­ე­ზი­ა­ში გარ­და­ი­სა­ხა. ასე წა­მო­ვი­და სტრი­ქო­ნე­ბი: „ეს ლექსები ნაზავია წარსულისა და აწმყოსი, მოკლედ მოყოლილი გრძელი ამბებისა – იმისა, რაც აქ თუ სხვა ცხოვრებაში თავს გადამხდენია“, - ამბობს მხატვარი.

2024 წელს გამოვიდა გიორგი დუნდუას ლექსების კრებული - „სამუდამო ნაბიჯების ხმა“. „ფერმწერი-პოეტი გიორგი დუნდუა ამ არტ-ექსპერიმენტული კრებულით მაღალოსტატურად გამოხატავს საკუთარ მრავალფეროვან „მეს“ და სამყაროსადმი მეტაფიზიკურ დამოკიდებულებას. ვერლიბრები ავტორისავე ფოტოებითაა ილუსტრირებული, ან პირიქითაც შეიძლება ითქვას - რომ ფოტოებია პოეტურად შემკული და ლექსებად ამეტყველებული“, - ნათქვამია წიგნის ანოტაციაში.

2024 წელს თბილისში შედგა მხატვრის აბსტრაქტული ნამუშევრების კიდევ ერთი სოლო გამოფენა, სახელწოდებით „ქაოსის სიმღერა“. „გიორგი დუნდუას სამყაროს ფილოსოფია თავისი ფასეულობებით, კანონზომიერების აღქმით, აზროვნების სხვაგვარი სისტემით, სრულიად განსხვავებულია. მისი ნახატები გამორჩეულია არა მხოლოდ ფერითა და ფორმით არამედ ხასიათით, განწყობითა და ემოციით. თითოეულ ნახატს თავის სახელი, ფილოსოფია და ისტორია აქვს. ისინი ცოცხალი პერსონაჟები არიან და თავისი შემქმნელის ცხოვრების განცდებსა და თავგადასავლებზე ჰყვებიან. ყურადღებას არამხოლოდ საინტერესო ნახატები, არამედ მათი სათაურებიც იქცევს. დგახარ თითოეული ნამუშევრის წინ და ცდილობ ნახატისა და ტექსტის ურთიერთკავშირის აღქმას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში გამოფენის შესახებ.

წყარო:
https://citymagazine.ge/giorgi-donduas-vizualuri-poezia/

https://www.entrepreneur.com/ka/business-news/tsiteli-mzeebis/454135 

https://www.ambebi.ge/article/308724-germania-aris-kveqana-romelmac-momca-didi-zala/

გიორგი დუნდუა: მხატვრობა, 2020-2023, ბერლინი-თბილისი=George Dundua: Paintings, 2020-2023, Berlin-Tbilisi / წინათქმა: ქეთევან ირემაშვილი. - თბილისი, 2023


გააზიარე: