The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დემეტრე თბილელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:1321
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დემეტრე თბილელის ვინაობა სავსებით უცნობია ქართული წყაროებისთვის, სამაგიეროდ მასზე მოგვითხრობენ ცნობილი ევროპელი მოგზაურები ოდორიკო პარდენონე და ჟურდენ სევერაკი. მათი თხზულებები ძალზედ პოპულარული იყო შუა საუკუნეების ევროპაში. სხვათა შორის, ჟურდენი საქართველოშიც იყო ნამყოფი.

1320 წელს ჟურდენთან ერთად ჩავიდნენ ჰორმუზში ფანცისკანელი მისიონერები: თომაზო ტოლენტინო, ჯაკომი პადუელი, პიეტრო სიენელი და დემეტრე თბილელი („ქართველი,  ენების მცოდე“, - აღნიშნავს ჟურდენი).

კათოლიკე მისიონერები საქართველოში XIII საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდნენ, რუსუდან მეფე სამხედრო დახმარებას ითხოვდა რომის პაპისგან, რაღა მონღოლთა უღელი მოეხსნა ქვეყნისთვის. მაგრამ რომიდან მხედართა ნაცვლად ბერებს გზავნიდნენ, ხოლო მონღოლებში მოკავშირეს უფრო ხედავდნენ მაჰმადიანურ სამყაროსთან საბრძოლველად, ვიდრე მოსისხლე მტერს. მისიონერებმა მალე მონასტერი დააარსეს თბილისში. სწავლობდნენ ქართულ ენას, ეცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელს უწყობდნენ საქართველოს კონტაქტს დასავლეთ ევროპასთან.

დემეტრე წარმოშობით თბილისელი ქართველი იყო და კარგად ფლობდა აღმოსავლურ ენებს. მან თბილისშივე მიიღო კათოლიკობა და შემდეგ თარჯიმნად გაჰყვა აღმოსავლეთისკენ მიმავალ ფრანცისკანელებს.

მოგზაურებმა ჰორმუზიდან ჩინეთისკენ აიღეს გეზი, მაგრამ ქარიშხალმა მათი ხომალდი სხვა მხარეს მიაგდო და იძულებულნი იყვნენ ნაპირზე გადასულიყვნენ ინდოეთის ქალაქ თჰქნში, ქალაქის მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებდა. მისიონერებმა ერთი ქრისტიანის სახლში იპოვეს დროებითი თავშესაფარი და გზის გასაგრძელებლად ემზადებოდნენ, მაგრამ ბრმა შემთხვევამ მათი ბედი სამუდამოდ შეცვალა. სახლის პატრონმა ჩხუმი აუტეხა ცოლს და მაგრადაც ცემა, მეორე დილითვე ქალი საჩივრით მიადგა ქალაქის ყადის (მსაჯულს). ყადიმ მომჩივანს ინციდენტის მოწმე მოსთხოვა, ქალმა უყოყმანოდ დაასახელა თავისი მდგმურები და დემეტრე და მისი იტალიელი თანამგზავრები სასამართლოში იხმეს. მისიონერებსა და მაჰმადიან მსაჯულს შორის მალე რელიგიურმა დისპუტმა უფეთქა. მისიონერები თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას. ყადი აყვირდა „“მაჰმადზე რაღას იტყვით?!“ ოპონენტები თავს იკავებდნენ, მაგრამ ყადი არ ცხრებოდა და თომაზო ტოლენტინომ დაივიწყა დიპლომატია და მოკლედ მოუჭრა მსაჯულს, რომ მაჰმადი შვილია ეშმაკისა და მისი ადგილი არის ჯოჯოხეთში ყველა მაჰმადიანთან ერთად.

დისპუტი ამით დამთავრდა, მისიონერები გათოკეს და ქალაქის მოედანზე დაყარეს მცხუნვარე მზის ქვეშ. 1321 წლის 9 აპრილს ყადის ბრძანებითა და ქალაქის მელიქის (გამგებლის) თანხმობით კოცონი დაანთეს და საჯაროდ დაწვეს „ურჯულოები“.

დემეტრე თბილელის ცალკე იკონორაფული გამოსახულება ჩვენამდე მოღწეული არ არის, იგი მხოლოდ მეგობრებთან ერთად არის გამოსახული.

წყარო:

1.ნატროშვილი, თამაზ. დემეტრე თბილელი,  მოგზაური // მაშრიყით მაღრიბამდე / თამაზ ნატროშვილი. - თბილისი, 1978. - გვ. 122-127.


გააზიარე: