The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი XI

გიორგი XI
ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1651
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 1709  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიული პირი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატიონთა მუხრანული შტოს წარმომადგენელი გიორგი XI - ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709 წლებში,  ვახტანგ V-ის ძე, არჩილ II-ის მომდევნო ძმა 1651 წელს დაიბადა.

1675 წელს ვახტანგ V-ე  თბილისიდან ისპაანს გაემგზავრა და  ქართლის ტახტზე გიორგი დატოვა. ვახტანგ V-ე გზაში გარდაიცვალა. გიორგი შაჰის კარზე მიიწვიეს. 1676 წელს შაჰ სულეიმანმა გიორგი XI-ს (შაჰ ნავაზ II) მაჰმადიანობა მიაღებინა და და  ქართლის მეფედ დაამტკიცა.

გიორგი ქვეყნის მართვას ენერგიულად შეუდგა, ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ყიზილბაშების ბატონობისთვის ბოლოს მოღებას. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალებთან. ხელს უწყობდა თავისი უფროსი ძმის არჩილის პოზიციების გამყარებას იმერეთში. გიორგი XI-მ თავის ძმა ლევანთან და სულხან-საბა ორბელიანთან ერთად სათავე დაუდო  ქართლის სამეფოს ევროპულ ორიენტაციას. მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან და ევროპელ მონარქებთან. 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და შვილის, ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს ინოკენტი XI-ს, თავს კათოლიკედ აცხადებს და პაპს სთხოვს ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობის დასახმარებლად. პაპის საპასუხო წერილებიდან ჩანს, რომ იგი მას კათოლიკე მეფეთა სიაში მოიხსენიებს, თუმცა გიორგი XI-ს რეალური დახმარება პაპისგან არ მიუღია.

1688 წელს კახეთის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა გიორგის, დახმარებოდა სპარსელი მმართველის - განჯის განმგებლის სელიმ-ხანის განდევნაში. გიორგი შეეცადა ამ მომენტით ესარგებლა და ქართლ-კახეთის გაერთიანების საკითხი გადაეწყვიტა, მაგრამ მისი წამოწყება უშედეგოდ დამთავრდა. შაჰმა გიორგი XI-ე ტახტიდან გადააყენა და მის ადგილას ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) დასვა. გიორგი იმერეთს გადავიდა და თავის პოლიტიკურ მოკავშირეს - პაპუნა რაჭის ერისთავს შეეხიზნა. 1691 წელს  ქართლში გადმოვიდა, 4 წლის მანძილზე ებრძოდა ერეკლეს ქართლის ტახტისთვის, მაგრამ დამარცხდა და ისევ დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

1694 წელს ირანის შაჰი სულთან სულეიმანი გარდაიცვალა და ტახტი მისმა ვაჟმა, სეფიანთა დინასტიის უკანასკნელმა შაჰმა, ჰუსეინ-მირზამ (1694-1722) დაიკავა.  ახალმა შაჰმა გადაწყვიტა გიორგი XI-ს შერიგებოდა და თავის კარზე მიიწვია. თავის მხრივ გიორგისაც სურდა ქართლის ტახტი დაებრუნებინა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაეგრძელებინა. 1697 წელს ისპაანში ჩასული გიორგი XI-ე დიდი პატივით მიიღეს. ამის შემდეგ ის სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

ირანის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა არეული იყო. შაჰ ჰოსეინ-მირზას გამოცდილი და შეუპოვარი სარდალი სჭირდებოდა, ამიტომ გიორგი XI-ს ხან ერთი პროვინციის დასამორჩილებლად აგზავნიდა და ხან მეორისა. ამ პერიოდში ირანის ცენტრალური ხელისუფლება ქართულ სამხედრო ძალას ეყრდნობოდა - ქირმანის ოლქის გამგებელი და ირანის სპასალარი გიორგი მეფე, ირანის მდივანბეგი კი მისი ძმა - ლევანი იყო. ქირმანის ოლქში დაახლოებით ორიათასი ქართველი იყო გიორგი მეფის გარშემო. ირანის სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად ქცეულ გიორგი მეფესა და მის მხლებლებს სულაც არ მოსწონდათ ჯოჯოხეთად ქცეულ უდაბნოში ხეტიალი და აჯანყებულ ბელუჯებთან და ავღანელებთან ბრძოლები, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთ გზად და გამოსავლად ეს ჩანდა.

1703 წელს  შაჰ ჰუსეინ-მირზამ გიორგი კვლავ ქართლის მეფედ დანიშნა, ოღონდ ავღანელთა დამორჩილება მოსთხოვა. ქართლში მეფის მოადგილედ (ჯანიშინად) გიორგისავე თხოვნით მისი ძმისწული - ვახტანგ ლევანის ძე - ვახტანგ VI  დანიშნა. ირანში გიორგი XI-ის წარმატებები ვახტანგ VI-ს აქტიური პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევდა. მან მმართველობას ჩამოაშორა არასასურველი პირები. 1705 წლის საეკლესიო კრებაზე მისი ძმა დომენტი ქართლის კათალიკოსად აირჩიეს, რითაც მეფემ ეკლესიის მხარდაჭერა მოიპოვა.

გიორგი XI-მ შეძლო ამბოხებული ავღანელების მოთოკვა. ყანდაარში ჩასული სწრაფად და სასტიკად გაუსწორდა ყველას, ვინც აჯანყებაში მონაწილეობდა. ყანდაარში თითქოს სიმშვიდე დამყარდა, მაგრამ მოსახლეობის გარეგნული დუმილი სულაც არ ნიშნავდა იმას რომ ის შეურიგდა სპარსელთა ბატონობას. ყანდაარში საიდუმლო ორგანიზაციები იქმნებოდა, მოსახლეობა სპარსეთის ბატონობის გადაგდების საშუალებებს ეძებდა. სწორედ მათი მეთაურის ღილზას ტომის ბელადის მირ-ვეისის ღალატის მსხვერპლი გახდა გიორგი XI-ე. 1709 წლის 21 აპრილს მირ-ვეისის მიერ ლხინში მიწვეული გიორგი და მისი ამალა მუხანათურად ამოჟლიტეს. მირ-ვესიმა გიორგის ცხედარს „აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნნი“ და შაჰს გაუგზავნა როგორც საბუთი, რომ გამუსლიმანებული ქართველი სარდალი მაინც ქრისტიანი იყო და შაჰს ორგულობდა.

სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსიკონის - „სიტყვის კონის“ შედგენა თავისი მკვიდრი მამიდაშვილის გიორგი XI-ის თხოვნით დაიწყო და დასრულებული ყანდაარში გაუგზავნა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „იყო ესე გიორგი მეფე მჴნე, ახოვანი. ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხჳ და მრისხანე, მოისარ-მოასპარეზე უებრო“.

ყანდაართან ბრძოლების დროს გადარჩენილი ზოგიერთი ქართველი სამუდამოდ დარჩა ამ რაიონში. ადგილობრივებში დამკვიდრდა გამოთქმები: „ის მაგარია, როგორც გურჯი“, „ის ლამაზია, როგორც გურჯი“ და სხვ. ყანდაარის ბაზარში ხშირად ისმის „გურჯი“, როგორც „კარგის“ აღმნიშვნელი.

წყარო:

ქორიძე, თ. ქართლის მეფეები / თ. ქორიძე // საქართველოს მეფეები / რედაქტორები: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი. - თბილისი, 2007. - ISBN 99928-58-36-2. - გვ. 176-209

გიორგი XI // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.61-62. 

ნატროშვილი, თამაზ. უკეთუ დაგივიწყო შენ... / თამაზ ნატროშვილი // საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე / რედაქტორი ზურაბ კიკნაძე. - თბილისი, 2005. - ISBN 99940-810-8-X. - გვ. 421-432

ფათემი მორთეზა მეჰდი. ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა ურთიერთობა ირანთან XVI-XVII საუკუნეებში : ქართლის გამგებლები : გიორგი შაჰნავაზის ძე (1677-1688 წწ.) // სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ / ფათემი მორთეზა მეჰდი. - თბილისი, 1982. - გვ. 49

ნატროშვილი, თამაზ. ესე სულთანი უარშიობს // მაშრიყით მაღრიბამდე / თამაზ ნატროშვილი. - თბილისი, 1978. - გვ. 268-278


გააზიარე: