Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი დადიშქელიანი![]()
Biographyგიორგი (ჯანსოხ, ჯანსუღ) თენგიზის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი (დადეშქელიანი) დაიბადა 1858 წლის 23 აგვისტოს დაბა მესტიაში. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. 1876 წელს მოხალისედ ჩაირიცხა ერევნის მე-13 ლაიბგვარდიის გრენადერთა პოლკში; 1877-1878 წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში. თავი გამოიჩინა არდაჰანის ციხესიმაგრის შტურმით აღებისას, სადაც ფეხში დაიჭრა (5.05.1877). სიმამაცისთვის დააჯილდოვეს ომის მე-4 ხარისხის სამხედრო ორდენის ნიშნით, დააწინაურეს უნტერ-ოფიცრად და გაგზავნეს სასწავლებლად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. სწავლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თავის პოლკს პრაპორშჩიკის წოდებით (17.12.1879), რამდენიმე წელიწადში კი პოდპორუჩიკის ჩინიც მიიღო (14.09.1884). 1885 წლიდან გადავიდა ადმინისტრაციულ სამსახურში ქუთაისის გუბერნიაში. 1985-1899 წწ. მუშაობდა სვანეთის ბოქაულის თანაშემწედ, ოზურგეთის, ზუგდიდის, რაჭის, ქუთაისის მაზრების უფროსის მოადგილედ და უფროსად, ქუთაისის ვიცე–გუბერნატორად; 1906 წელს დანიშნეს ყარსის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწედ. შემდეგ ამავე თანამდებობაზე მსახურობდა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორთან (26.05.1908); 1912-1915 წწ. სამხედრო სამსახურთან ერთად ბაქოს ოკრუგის საპატიო სამოქალაქო მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა; 1915-1917 წწ. იყო დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი; ამავდროულად, ხშირად უწევდა განსხვავებული მოვალეობებისა და დავალებების შესრულება. როგორც მისი ნამსახურობის სიიდან ჩანს, მას არაერთხელ დაევალა ყაჩაღების შეპყრობა, გლეხთა არეულობის მშვიდობიანად მოგვარება, გლეხებსა და მემამულეებს შორის უთანხმოების მოწესრიგება და სხვა უაღრესად დახლართული საქმეების გამოძიება; ჯანსოხ დადეშქელიანს სამხედრო წოდებები ადმინისტრაციულ სამსახურში ყოფნის დროსაც ემატებოდა, რამეთუ კვლავ რუსეთის არმიის „ფეხოსნებში“ ირიცხებოდა: ლეიტენანტი (08/30/1894), შტაბს-კაპიტანი (01/1/1901), კაპიტანი (12/6/1902), პოდპოლკოვნიკი (10/5/1904) , პოლკოვნიკი (12/6/1909). დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდებაც მიაკუთვნა (04/2/1917), მაგრამ მალევე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თადარიგში გავიდა (10/7/1917) და დასახლდა თბილისში. სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვრით. მისი მეუღლე გახლდათ ანნა ალექსანდრეს ასული დადიანი. ჰყავდა ორი ვაჟი, ივანე და ალექსანდრე, რომლებიც და დაიღუპნენ პირველ მსოფლიო ომში. ჯანსოხ დადეშქელიანი გარდაიცვალა 1921 წელს, თბილისში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.257 https://nobility.pro/ru/statya/133-dadeshkeliani-georgij-tengizovich.html წულუკიანი ეთერ. დადეშქელიანები. - თბილისი, 2023. - გვ. 55-56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |