The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ევგენი არტემიძე

Other name:არევი  (Pseudonym)
Date of birth:4 August, 1920
Date of death:22 June, 2010  (at 89 years)
Burial location:პატარა როშას სასაფლაო, მანგლისი, საქართველო
Category:Military Person

Biography

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი ევგენი გაბრიელის ძე არტემიძე დაიბადა 1920 წლის 4 აგვისტოს დაბა მანგლისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში. 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ევგენი ფრონტზე აღმოჩნდა. მისი ოთხივე ძმაც სამამულო ომში იბრძოდა. ოჯახი ქვრივი დედისა და წვრილშვილიანი რძლების ამარა დარჩა.

1941 წლის აგვისტოში ევგენი არტემიძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის არმიას და მოხვდა რუმინეთის ერთ-ერთ ტყვეთა ბანაკში, საიდანაც აყვანილ იქნა ვერმახტის ქართულ ლეგიონში, შემდეგ კი ბატალიონში.

ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა. შედგებოდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცისგან.

ბატალიონს გერმანელი კლაუს ბრაიტნერი მეთაურობდა. ის ქართველებს ჯერ პოლონეთიდან საფრანგეთში გადაყვანის დროს ახლდა, შემდეგ კი, ამ გზის ბოლოს, კუნძულ ტექსელზე.

ტექსელი (დასავლეთ ფრიზის კუნძულების ყველაზე დიდი და ყველაზე მეტად დასახლებული კუნძული), მესამე რაიხის მიერ ევროპის გაყოლებაზე, სიმაგრეებისა და თავდაცვითი ნაგებობების სისტემად გადაჭიმული „ატლანტიკური კედლის“ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა გადასხდომისთვის ხელი უნდა შეეშალა.

1944 წლის აპრილში, როცა ტექსელის აჯანყებამდე ერთი წელი იყო დარჩენილი, აჯანყების ორგანიზატორებმა შალვა ლოლაძემ, სერგი გუჯაბიძემ და ევგენი არტემიძემ ჰოლანდიური წინააღმდეგობის ძალებთან კონტაქტი დაამყარეს და არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ.

ბატალიონში განსაკუთრებული სამეული არსებობდა ევგენი არტემიძის, ვარლამ ებრალიძისა და მაჰია პაჭკორიას შემადგენლობით. ეს სამეული ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კონსპირაციულ ბირთვს წარმოადგენდა.

არალეგალურად მომუშავე მებრძოლებს ფსევდონიმები ჰქონდათ, მაგ. ე. არტემიძე – „არევი“.

1945 წლის თებერვლისთვის ბატალიონი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.

ქართველი ჯარისკაცების აჯანყება 1945 წლის 5 აპრილის ღამეს მათი გერმანელ ოფიცრებზე თავდასხმით დაიწყო. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა და გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ.

ევგენი არტემიძე მეორე მსოფლიო ომს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარი ამბავი თავად  გვიამბო ბიოგრაფიულ წიგნში - „მანგლისიდან ინგლისამდე“ (თბ., 2003).

იგი 1945 წელს იქნა რეპატრირებული საქართველოში. ცხოვრობდა დაბა მანგლისში, სადაც საკუთარ სახლში მოწყობილი ჰქონდა ტექსელის აჯანყების მუზეუმი.

ევგენი არტემიძე გარდაიცვალა 2010 წლის 22 ივნისს. დაკრძალულია მანგლისში, პატარა როშას სასაფლაოზე.

წყარო:

არტემიძე, ., „მანგლისიდან ინგლისამდე: (აჯანყება კუნძულ ტექსელზე)“. - თბილისი, 2003

https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენი_არტემიძე

ქოჩიაშვილი, მირონ. ქართველი პარტიზანები ჰოლანდიაში: აჯანყება კუნძულ ტექსელზე. - თბილისი, 1948 


Share: