შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ბესარიონ გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიაეკონომისტი, საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტი, პოლიტიკოსი ბესარიონ გუგუშვილი დაიბადა 1945 წლის 6 მაისს, ქ. თბილისში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის (1905-1987) ოჯახში. 1962-1963 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; 1963-1967 წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, თურქეთის ისტორიის სპეციალობით; 1967-1970 წწ.- თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1967-1970 წწ. - გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, სპეციალობით - საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია; 1971 წელს დაიცვა დისერტაცია მრეწველობის პრობლემებზე ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1971-1973 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად; 1973 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში, ჯერ ეკონომიკის განყოფილების გამგედ, შემდეგ ამ ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1990-1991 წწ.- საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ და იმავდროულად შერეული სახელმწიფო-კერძო კომპანიის „საქართველოს კინოკორპორაციის“ პრეზიდენტად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის დისციპლინებში; ბესარიონ გუგუშვილი 1978 წლიდან ეწეოდა კომპიუტერული ფონტების შექმნას — ე.წ. BPG ფონტები, სხვა ნამუშევართა შორის მისი შექმნილია DejaVu ფონტების ქართული ზონა. მონაწილეობდა Nokia Pure ფონტის ქართული ზონის დაფუძნებაში. 1988 წელს მან შეიმუშავა ქართული შრიფტებით გაწყობილი პირველი სამაგიდო კომპიუტერული გამომცემლობის სისტემა, რომლითაც დაიბეჭდა პირველი კომპიუტერული ტექნოლოგიით მომზადებული გაზეთი „სამშობლო“, რითაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა გაციფრულებულ საგამომცემლო-სასტამბო წარმოებას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ეკონომიკისა და ინფორმატიკის დარგებში, არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში საქართველოს ავტომატიზებული სისტემის მთავარი კონსტრუქტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1991 წელს ბესარიონ გუგუშვილი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე. 1991-1992 წლებში საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდა დევნილობაში. 1994 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტია. 1993 წლის აჯანყების დამარცხებისა და გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ, 1994 წელს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის წევრი, 1995 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. ცხოვრობდა ქ. ვანტააში. 1996 წელს ბესარიონ გუგუშვილმა შექმნა მისივე (BPG) დინამიური (ვების) შრიფტებით გაწყობილი საერთაშორისო კოდირების სტანდარტის შესაბამისი პირველი ქართული ვებსაიტი „შავლეგო“, ხოლო 1997 წელს მეორე საიტი - „ქართული ვების ტიპოგრაფია“, რომელიც ვებსა და ინტერნეტში ქართულისთვის უნიკოდის სტანდარტის გამოყენებას ეძღვნებოდა. წყარო: ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2. - თბ., 2012. გვ. 174. https://ka.wikipedia.org/wiki/ბესარიონ_გუგუშვილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |