შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვასილ ბეჟანიშვილი![]()
ბიოგრაფიამხატვრული მებაღეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყვავილოვანი ფერწერის უბადლო ოსტატი ვასილ ლავრენტის ძე ბეჟანიშვილი დაიბადა I886 წლის 12 სექტემბერს სოფელ მარტყოფში (გარდაბნის რაიონი), პედაგოგის ოჯახში. ბავშვობა მარტყოფში გაატარა, შემდეგ კი პროფესიის დასაუფლებლად თბილისში ჩამოვიდა. 1906 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი და მიხეილის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა მებაღე-დეკორატორად. საავადმყოფოს ბაღი თითქოს მხატვრის სახელოსნოდ იქცა, სადაც ტილოსა და პალიტრის როლს ასრულებდნენ მიწის სიბრტყე და დეკორატიული მცენარეები. გულმოდგინე სწავლისა და ტექნიკის სრულყოფის შედეგად ვასო ბეჟანიშვილმა 25 წლის ასაკში შექმნა მხატვრული პორტრეტი ცოცხალი მცენარეებისგან. ეს იყო დიდი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის ფერწერული გამოსახულება. 1911 წელს გაზეთი „ტიფლისკი ლისტოკი“ (N203) წერდა: „ყვავილნარში მწერლის სახე იმდენად მხატვრულად არის გამოსახული, თითქოს პორტრეტი დაწერილია ზეთის ფერებით“. ყვავილოვანი გამოსახულებიდან გადაღებული ლევ ტოლსტოის ფოტოსურათი მსოფლიო საფოსტო კავშირმა მთელი დედამინის ზურგზე გაავრცელა, თავად ვასილ ბეჟანიშვილი კი მოსკოვში მიიწვიეს, სადაც მიდიოდა მზადება 1812 წლის სამამულო ომში გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნისთვის. მებაღეობის მოყვარულთა რუსეთის საზოგადოებამ ქართველ მებაღე-დეკორატორს გასაფორმებლად გადასცა ერთ-ერთი ბაღი ტაგანკაზე, სადაც მან გამოსახა ალექსანდრე პირველის, ნაპოლეონის და სხვა რუსი თუ ფრანგი მხედართმთავრების პორტრეტები, ბოროდინოს ბრძოლის ამსახველი სურათები. ხელოვნების კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ბეჟანიშვილის ნამუშევრებმა ახალი დარგი გახსნა მხატვრულ მებაღეობაში. 1812-1813 წლებში ვასო ბეჟანიშვილმა მოსკოვში, „ცვეტნოი ბულვარზე“ შექმნა იმ დროისთვის მეტად ორიგინალური და უცნაური საყვავილე. მხატვარმა ხეივანში აღმართა მარმარილოს - იასპის მსგავსი მწვანე სვეტი - ობელისკი, ხოლო მისი კვარცხლბეკის გვერდებზე, მრავალფეროვანი ხატოვანი მცენარეებით, გამოსახა მოსკოვის კრემლის ქონგურებიანი კედლები, კოშკები, გუმბათები და სასახლეები, ამ გობელენის მსგავს სურათებს შორის კი, ორნამენტებით მოხატულ მედალიონებში, ცოცხალი ყვავილებით ჩახატა სხვადასხვა მინიატურული სილუეტები. ქართველი მებაღე-დეკორატორის შემოქმედებაზე წერდნენ ჟურნალები: „ჟივოე სლოვო“, „სოლნცე როსიი“, „ოგონიოკი“ და სხვა. ხელოვნებათმცოდნეების დასკვნით ვასილ ბეჟანიშვილმა გადატრიალება მოახდინა მხატვრულ მებაღეობაში. ამ დარგში შეტანილი მისი წვლილი აღიარებული იქნა გამოგონებად, „რომლის მსგავსი ცნობილი არ ყოფილა საზღვარგარეთ – არც ევროპაში, არც ამერიკაში..." მებაღეობის მოყვარულმა რუსეთის საზოგადოების საექსპერტო კომისიამ მხატვრულ მებაღეობაში ბრწყინვალე ნამუშევრების შექმნისათვის ვასილ ბეჟანიშვილს მხატვარი- მებაღე-პორტრეტისტის წოდება მიანიჭა და დააჯილდოვა დიდი ოქროს მედლით. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ასეთი წოდება არავის ჰქონია რუსეთში. 1917-1922 წლებში ვასო ბეჟანიშვილი იძულებული იყო მიეტოვებინა საყვარელი საქმე, მაგრამ 1923 წელს, იგი კვლავ მიიწვიეს მოსკოვში საქალაქო მეურნეობის აღდგენისა და ქალაქის საბაღე-დეკორაციულ გაფორმებაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც 1931 წლამდე მუშაობდა. 1931-1932 წწ. - ხელმძღვანელობდა ქალაქ დონეცკის მწვანე მშენებლობას. 1933-1940 წწ.- ძირითადად მუშაობდა მოსკოვში, გორკის სახელობის კულტურის პარკის დეკორატიულ გაფორმებაზე. 1924-1941 წწ. ვასო ბეჟანიშვილის მეთოდით, ტექნიკური ხერხებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით იქმნებოდა სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი და კომპოზიციები, რომლებიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა მთელ ქვეყანაში. დღესაც, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში, ლარნაკების, სვეტების, გლობუსებისა და სხვ.დეტალების ფიგურალური გაფორმება ტექნიკურად მისი მეთოდით ხორციელდება. ვასილ ბეჟანიშვილმა მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა, დიდი სამუშაოები შეასრულა საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში: სტალინსკში (კუზნეცკსტროი), სტალინოში (დონბასი), ხარკოვში, ბაქოში და სხვა. მასვე მიენდო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე საქართველოს პავილიონის მხატვრულად გაფორმება. 1943 წლიდან 1954 წლამდე - ხელმძღვანელობდა მთაწმინდის კულტურისა და დასვენების პარკის საბაღო-დეკორატიულ გაფორმებას, ხოლო1957-1959 წლებში მუშაობდა თბილისის გამწვანების მეურნეობის ტრესტში. ხელოვანის მეუღლე იყო ზოია ბეჟანიშვილი. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ: ტარიელი, ირაკლი, შალვა, ირა, გალინა და ვალიკო ბეჟანიშვილები. ვასილ ბეჟანიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 18 აგვისტოს, მოსკოვში. წყარო: ნაცარაშვილი ოთარ. ვასილ ბეჟანიშვილი: 1886-1962 // ნაცარაშვილი ოთარ. კახეთის გამოჩენილი ადამიანები.-თბილისი, 2001.-გვ.605 ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I /იოსებ იმედაშვილი. -თბილისი, 2018.- გვ.358; ხმალაძე, ირაკლი. საბაღო ხელოვნების ოსტატი // საბჭოთა ხელოვნება. - 1964. - N2. - გვ.52-56 ვასილ ლავრენტის ძე ბეჟანიშვილი: [ნეკროლოგი] // გაზ. „ თბილისი“, 1962. - 27 ივნისი. - N 150.- გვ. 4
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |