| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ჭიჭიკო ბენდელიანი![]()
Biographyკადრის ოფიცერი ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი დაიბადა 1914 წლის 29 იანვარს სოფელ გორაბერეჟოულში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). 1937 წელს დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. საბრძოლო ნათლობა ლეიტენანტმა ბენდელიანმა მიიღო ომის პირველსავე დღეს, 22 ივნისს, როცა კიევის დასაბომბად დაძრულ ოცამდე გერმანულ "იუნკერსს" გზა გადაუღობა ოთხმა საბჭოთა მფრინავმა მოძველებული ბ-16-ით და მათი მოგერიება შეძლო. ბრძოლის შემდეგ პოლკში დაბრუნებულმა ჭიჭიკომ ცოლ-შვილი ევაკუაციისთვის გაამზადა. მისი მეუღლე ნადია არჩვაძე და ერთი წლის ქალიშვილი ჯულიეტა სამხედრო დაბაში ცხოვრობდნენ და ყოველ წუთს შეიძლებოდა მტრის ბომბების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. სამხედროთა ოჯახებით სავსე ეშელონი საქართველოსკენ გამოემგზავრა, დიდ სამამულო ომში ჭიჭიკო ბენდელიანი იბრძოდა უკრაინაში, სტალინგრადში, სამხრეთ-დასავლეთისა და ცენტრალურ ფრონტებზე. იგი მძიმედ დაიჭრა საჰაერო ბრძოლაში ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში, როდესაც И-16 (ЦКБ-12)-ით გერმანული Me-109-ის ტარანი განახორციელა (კუდი ჩამოაჭრა გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც ჩამოვარდა, ბენდელიანი კი პარაშუტით დაეშვა). გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ პოლკში დაბრუნდა და კიდევ ბევრჯერ ისახელა თავი. სულ მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. მარტო სამხრეთ-დასავლეთის და სტალინგრადის ფრონტებზე ჭ. ბენდელიანმა განახორციელა 385 საბრძოლო გაფრენა: 75-ჯერ შეუტია მტრის ჯარებს, 45-ჯერ დაზვერა მოწინააღმდეგის ძალები, 110-ჯერ ახლდა თან საბჭოთა ბომბდამშენებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს, 155-ჯერ მისცა საჰაერო მხარდაჭერა საბჭოთა ჯარებს, რომლის დროსაც პირადად გაანადგურა მტრის 12 თვითმფრინავი, ხოლო ჯგუფურ ბრძოლებში - 20 თვითმფრინავი. გარდა ამისა, ოთხჯერ შეუტია მტრის აეროდრომებს და გადაწვა 3 თვითმფრინავი. 1943 წლის 24 აგვისტოს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება - საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. გვარდიის მაიორი ჭიჭიკო ბენდელიანი დაიღუპა 1944 წლის 20 ივლისს უთანასწორო საჰაერო ბრძოლაში სოფელ ბიტენში,უკრაინის ქალაქ კოველის მახლობლად. დაკრძალეს კოველსკის რაიონის სოფელ გლებიში. საქართველოში კი გმირს ასე შეასხეს ხოტბა: "თბილისს მოვიდა ამბავი, დაიწვა გული მზიანი, ვარსკვლავებს მოსწყდა ვარსკვლავი, ჭიჭიკო ბენდელიანი!" 64 წელი განისვენებდა უკრაინის მიწაში ჭიჭიკო ბენდელიანი. 2008 წლის 6 მაისს, გიორგობას, ქართველი მფრინავის ნეშტი საქართველოში, თბილისში ჩამოასვენეს და დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. უკრაინელებს მისი საფლავისა და სახელისთვის ყურადღება და პატივი არ დაუკლიათ: ქ. ლუცკის ერთ-ერთი ქუჩა ბენდელიანის სახელობისაა, ხოლო უკრაინულ სკოლაში სპეციალური კუთხეა შექმნილი მრავლისმთქმელი წარწერით - "მზიური საქართველოს სახელოვანი შევარდენი", ხოლო ქალაქ კოველში დააყენეს გმირის ბარელიეფი. ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი ამოტვიფრულია სტელაზე სტალინგრადის გმირების ხეივანში (ქ. ვოლგოგრადი). ქართველმა ხალხმა თავისი სახელოვანი შვილის გმირობის ამბავი ჯერ კიდევ ომის მსვლელობისას იცოდა. მასზე არაერთი ლექსი და სიმღერა შეიქმნა, სოფელ გორაბერეჟოულში არის მისი სახელობის მუზეუმი, ასევე ჭიჭიკო ბენდელიანის სახელს ატარებს ჩოხატაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი (სადაც იგი სწავლობდა) და თბილისის ერთ-ერთ ქუჩა. 1965 წლის 2 ნოემბერს სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გვარდიის მაიორ ჭიჭიკო ბენდელიანის სახელი სამუდამოდ იქნა შეყვანილი საავიაციო პოლკის სიებში, 2004 წელს კი მისი გვარი სამუდამოდ შეიყვანეს სავასლეიკის საავიაციო ბაზის სიაში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ჭიჭიკო_ბენდელიანი საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.396 https://www.didisamamulo.ge/b/bendeliani-chichiko მშველიძე, ნინო. ჭიჭიკო ბენდელიანი. - თბილისი, 1950
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

