შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სიმონ მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიასიმონ მაჩაბელი ქართველი არტისტია, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მრავალ სფეროში მუშაობს, იქნება ეს თეატრი, ოპერა, კინო თუ მოდა. ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ მხატვრობასთან და შესაბამისად, მთელ ამ სფეროსთან სერიოზული ურთიერთობა, 14 წლიდან უფრო ინტენსიურად დაიწყო. 2001- 2003 წლებში ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის, 2006 -2008 წლებში კი Central St. Martin’s-ის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის (მაგისტრატურა ქალთა ტანსაცმლის) სტუდენტი გახლდათ. ახალგაზრდა მხატვრის პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი იყო რეჟისორ დათო საყვარელიძის სადიპლომო სპექტაკლი “ქორწინება აფიშით”, რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. შემდეგ კი, ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა, ახალბედა რეჟისორ დათო დოიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის მარჯანიშვილის თეატრში შექსპირის „მეფე ლირის“ დადგმაში. ედინბურგის სკოლაშიც ამ სპექტაკლის წყალობით მოხვდა - მარჯანიშვილის თეატრის გასტროლების დროს ესტუმრა ედინბურგის კოლეჯს და თავისი პორტფოლიო მიიტანა, მათ კი სწავლის გაგრძელება ურჩიეს. პირველი მოდის კოლექცია შექმნა ედინბურგის კოლეჯში, მაშინ როცა დიპლომზე მუშაობდა, თუმცა ეს არ იყო მკაცრად განსაზღვრული მოდა - ფაკულტეტს, რომელზეც სიმონი სწავლობდა, ერქვა Performance Costume Design, რაც, ცხადია, გულისხმობდა მოდას, თუმცა თეატრალური წარმოდგენებისთვის, კინოსთვის და ა.შ.; მოდის პირველი პროფესიონალური კოლექცია კი სან მარტინის კოლეჯში სწავლის დროს წარადგინა, რომელიც შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სიმონ მაჩაბელმა განახორციელა რამდენიმე მოდის კოლექცია, მუშაობდა კოსტიუმების მხატვრად და პროდიუსერად რიგ თეატრალურ სპექტაკლებსა და მხატვრულ ფილმებზე. მოგვიანებით კი მისმა ინტერესის სფერომ ინტერიერის დიზაინიც მოიცვა. ამჟამად ჰოლანდიის სამეფო თეატრის მთავარი მხატვარია. ხელოვანი თანამშრომლობდა და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბრენდებთან, იყო არაერთი ფილმის, თეატრალური და საოპერო სპექტაკლის ფროდაქშენ დიზაინერი. ხშირად ეწყობა მისი ნამუშევრების გამოფენებიც. 2003- 2005 წლებში თანამშრომლობდა მაკა ასათიანის მოდის სახლთან; 2015 წლიდან კოლაბორაციაშია Mercedes-Benz Fashion Week-თან; სიმონ მაჩაბელმა გაიმარჯვა კონკურსში და შექმნა საპატიო გვარდიის ოფიციალური სამხედრო ფორმა. მანვე იზრუნა ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე „პარიზი 2024-ზე“. სპორტსმენების უნიფორმები საქართველოს დროშის ფერებით, ანბანითა და ჯვრით არის შთაგონებული. ოლიმპიური ნაკრების ფორმებს სხვადასხვა შრიფტით აწერია „საქართველო“, ამავე დროს, ჯვარი გათამაშებულია ეიფელთან და პარიზს უკავშირდება. დიზაინერი ამბობს, რომ მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს ქართული კულტურა და ფოლკლორი. განსაკუთრებით უყვარს და აღელვებს ეთნოგრაფიული ყოფა, რაც ხშირად აისახება მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებში. თეატრალურ კოსტიუმებში ხშირად იყენებს ტილოს ან აბრეშუმს, ოღონდ უხეშ აბრეშუმს, რომელიც ხალხური წარმოებისაა, ძალიან უყვარს ხეც და სულ ცდილობს იპოვოს ისეთი მასალა, რომელიც იქნება ენდემური და მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. მოდის, თეატრისა და კინოს კოსტიუმების დიზაინერის მრავალფეროვანი გამოცდილება, კოსტიუმის, ტექსტილის, სასულიერო სამოსისა და ხელოვნების ისტორიის კვლევის ჭრილში, მისთვის როგორც კონცეპტუალისტი არტისტისთვის ერთგვარი დამხმარე საშუალებებია ექსპოზიციების მოსაწყობად. სიმონ მაჩაბლის გაფორმებულია: თბილისის კინომსახიობთა თეატრში დადგმული მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი ჰაინერ მიულერის "მედეა - მასალა" (2001); ოსკარ უაილდის „სალომე“ თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში; საფრანგეთში, ლიონის საოპერო თეატრში ანდრი ჟოლდაკთან ერთად გაკეთებული ჩაიკოვსკის ოპერა "ჯადოქარი" და უნგრელი კომპოზიტორის, ბელა ბარტოკის ოპერა “ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე” (პრემიერა გაიმართა 2021 წლის 26 მარტს ფრანგულ ფესტივალზე “თავისუფალი ქალები”.) და მრავალი სხვა. წყარო: https://www.facebook.com/artareatv2.0/videos/701730290557030/ https://hammockmagazine.ge/articles/1424/n-a მაჩაბელი სიმონ. მე ყველგან ვცდილობ ვიპოვო რაღაც, რაც აირეკლება ჩემს ნამუშევარში: ინტერვიუ /სიმონ მაჩაბელი // OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2021, ივლისი, N84 მაჩაბელი სიმონ. კოსტიუმებთან ურთიერთობის ხელოვნება:ინტერვიუ / სიმონ მაჩაბელი // ბომონდი, თბილისი, 2019, ივლისი, N6 (131). გვ. 44-47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |