The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქეთევან ბარნოვი-შედო

ქეთევან ბარნოვი-შედო
სხვა სახელი:ქეთო  (კოლექტიური ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1921
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 2015  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ქეთევან (ქეთო) ბარნოვი დაიბადა 1921 წელს, საქართველოში. მამამისს, სოციალ-დემოკრატ ნიკოლოზ ბარნოვს დამოუკიდებელი საქართველოს მმართველობაში გარკვეული თანამდებობა ეკავა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. ქეთევანი მაშინ სულ პატარა იყო.

1924 წელს პარიზში დასახლდნენ. ქეთევანი შეიყვანეს პანთეონის მუნიციპალურ სკოლაში. სწავლამ და თანასკოლელებთან ურთიერთობამ მას გაუადვილა ფრანგულ საზოგადოებაში დამკვიდრება, თუმცა სამშობლო არ დავიწყებია. ოჯახში ქართული სულისკვეთებით იზრდებოდა და ქართული ენაც კარგად შეისწავლა.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქეთევანი შეეცადა სანიტრად ემუშავა, მაგრამ ასაკის გამო უარი უთხრეს. ოჯახის გავლენით იგი თავიდანვე ანტიჰიტლერულ ბანაკში აღმოჩნდა.

გერმანელების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დიდი გამოხმაურება პოვა გენერალ დე გოლის მოწოდებამ წინააღმდეგობისკენ 1940 წლის 18 ივნისს, ინგლისის რადიოთი. ამის საპასუხოდ, 11 ნოემბერს (პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას, კომპიენის ტყეში, მარშალ ფოშის სალონ-ვაგონში გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის სიმბოლურ დღეს), ოკუპირებულ პარიზში, ეტუალის მოედანზე გაიმართა პატრიოტ სტუდენტთა მანიფესტაცია. მასში მონაწილეობდა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ქეთევან ბარნოვი. იგი იხსენებს, რომ ბევრ მათგანს ხელში ეკავა ორი გრძელი ჯოხი (ორო ჯოხი-deux gaules, ჟღერს როგორც დე გოლი-de Gaule), რითაც სიმბოლურად ეხმიანებოდნენ დე გოლის მოწოდებას წინააღმდეგობისკენ.

1941 წელს ქეთევანი დეკორატიული ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლის სტუდენტი გახდა. პარალელურად, ჩაება "რეზისტანტელთა" ქსელში. ასრულებდა კურიერის მოვალეობას, მონაწილეობდა ანტინაცისტურ საპროტესტო აქციებში, რამდენჯერმე გადაურჩა დაპატიმრებას.

ქეთევან ბარნოვმა უვნებლად გაიარა ოკუპაციის წლები, ბრწყინვალედ დაასრულა სახელმწიფო სასწავლებელი, მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა ბასკ არქიტექტორ შედოს. 

თავის დამსახურებაზე მოკრძალებულად საუბრობდა, რადგან თვლიდა, რომ საფრანგეთის მადლობელი უნდა ყოფილიყო.

1951 წელს, დავით ხელაძის მიერ, პარიზში დაიბეჭდა პოეტ გიორგი ყიფიანის (1908-1986) „რჩეული შაირების კრებული“, გრიგოლ რობაქიძის წინასიტყვაობით. წიგნის ყდის დიზაინი ეკუთვნის ქეთევან ბარნოვს.  

გარდაიცვალა 2015 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: ბარნოვი ნიკოლოზ (1885-1958), გოჩიტაშვილი-ბარნოვისა ელენე (1902-1990) და შედო ჟან (1915-1988).

დაუშვილი რუსუდან. მეორე მსოფლიო ომი და ქართველი ემიგრანტი ქალები // ქართული ემიგრაცია. - თბილისი. - 2022-2023.-N10-გვ.26= https :// dspace.nplg.gov .ge/bitstream/1234/464824/1/ Qartuli_Emigracia  2022_2023_N10.pdf

ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წინააღმდეგობის "პატარა ხელები" // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.80-88.


გააზიარე: