| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ივანე ენუქიძე![]()
Biographyემიგრანტი მხატვარი ივანე (ვანო) ენუქიძე დაიბადა ქ. ქუთაისში 1907 წლის 25 იანვარს. 1920 წელს, ენუქიძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც ვანომ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1928 წელს. ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში ქართველი სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ახალგაზრდა ვანო ენუქიძეც, რომელიც თანამშრომლობდა არალეგალურ ორგანიზაციასთან - “ეროვნული სტუდენტური ფრონტი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის”. პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია 1929 წელს, 22 წლის ვანო ენუქიძის ემიგრაციაში წასვლა. მან დატოვა სამშობლო, არალეგალურად გადავიდა თურქეთში და 1930 წელს ჩავიდა საფრანგეთში, სადაც სამუდამოდ დარჩა. პარიზში ჩასული ვანო მოხვდა ქართველი ემიგრანტების, ფაღავების ოჯახში და მხატვარ ვერა ფაღავას დახმარებით დაუახლოვდა გარკვეულ სახელოვნებო წრეს. მალე თავადაც დაიწყო ხატვა. 1937 წელს ის ჩაირიცხა პარიზის სამხატვრო სასწავლებელში - რანსონის აკადემიაში, როჯერ ბისიერის ფრესკის სახელოსნოში. ვანო ენუქიძე ფართოდ ერუდირებული ახალგაზრდა იყო, რომელიც ერთნაირი ინტერესით ეცნობოდა, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას, სამართალმცოდნეობას და სხვა. 1946-1948 წლებში იგი წარმატებით სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც დოქტორის წოდება მოიპოვა. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, 1948 წელს, სტიპენდია მიიღო ჰააგის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვანო ენუქიძემ საქართველოშიც და საფრანგეთშიც განათლება იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებებში მიიღო, სიცოცხლის უმეტესი წლები მან ხელოვნებას დაუკავშირა. 1955 წლიდან კი თავი მთლიანად ფერწერას მიუძღვნა. 1958 წელს შედგა ვანო ენუქიძის დებიუტი საგამოფენო სივრცეში. მან პირველად მიიღო მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში, სახელწოდებით – საკრალური ხელოვნების სალონი და სპირიტუალური რეალობა (Salon d’Art Sacre et Realites Spiritualles), რომელიც გაიმართა პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 1959 წელს გალერეა Charpentier-ში ჩატარებული გამოფენა კი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოფენის განხილვებში ხვდება ვანოს სახელი პრესაში. ჟურნალისტი და ხელოვნების კრიტიკოსი მიშელ კონილ ლაკოსტი (MICHELE CONIL LACOSTE) 1959 წლის 16 ოქტომბრის Le Monde-ის ნომერში, გამოქვეყნებულ სტატიაში – “Ecole de Paris“ წერდა: „მისი მხატვრობა გვაგონებს დაშიფრულ დამწერლობას, კომპოზიციები კი, რომლებიც თითქოს მოციმციმე ქსელებია, სავსეა ელეგანტურობის ელფერით…“. მომდევნო ორი ათწლეული ვანო ენუქიძე წამყვან პარიზულ გალერეებთან - Charpentier-თან, Craven-თან, Salone des independants-თან - თანამშრომლობდა. ამასთანავე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში - შვეიცარიაში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში და რა თქმა უნდა საფრანგეთშიც. მას იცნობდნენ და მოიხსენიებდნენ პარიზში დამკვიდრებული სახელით – VANO. 1960-იან წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლიდა ფერწერის ტექნიკას პარიზის Ecole des Beaux-Arts-ში. ვანო ენუქიძის ემიგრაციულ ყოფაში განმსაზღვრელი ფაქტია მისი ურთიერთობა ვერა ფაღავასთან. ფაქტობრივად მათ ერთად განვლეს მთელი ცხოვრება, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონტრუჟში გაატარეს. ფრანგულ გალერეებში არაერთხელ გაუმართავთ ერთობლივი გამოფენებიც. მნიშვნელოვანი იყო ვანო ენუქიძის თანამშრომლობა გალერეა „დარიალთან“, რომელიც 1972 წელს, ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა. გალერეა ეკუთვნოდა ქართველ ემიგრანტს, თამარ წულაძეს. ვერა ფაღავა ის მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლომდე გაიზიარა ვანო ენუქიძის სატკივარი. ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და მუდმივად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, განსაკუთრებით ვერა, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ ვანოს სიცოცხლის ბოლომდე ედგა მხარში. მხატვარი 1979 წლის 21 თებერვალს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ვანო ენუქიძის ნამუშევრები დღეს პრესტიჟულ კოლექციებსა და მუზეუმებში ინახება, მათ შორის - პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ნამუშევრების უმეტესობა კი დაცულია AC/VP-ში, ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციაში და გალერეა “შარდენში”. წყარო: https://art.gov.ge/ge/portfolio/ენუქიძე-ვანო-ივანე/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

